საქართველო მესამეა და ავჭალაში დარჩა

AutoSharing Option
საქართველო-ურუგვაი 20:15
საქართველო (15-9) კობახიძე, ძნელაძე, ლოსაბერიძე (მარგიანი 8), გაგოშვილი ,სგოგოლაშვილი, მჭედლიშვილი, ჯინაშვილი (ღამბაშიძე 75) (1-8) ნავროზაშვილი (ერისთავი 70, მატკავა (ჩომახაშვილი 72), ბიწაძე, მიქაუტაძე (ჯღენტი 65), თხილაიშვილი, ტყეშელიაძე, ბუჯიაშვილი (ხიპაშვილი 74)
2ლ: ჩილაჩავა, მჭედლიშვილი. 2ს,2გ: კობახიძე
სინბინი: გაგოშვილი
ურუგვაი (15-9) დელ-სერო, ფავარო, ბერხესი, პრადა, რომანო, სილვა, დურანი (ბერბატო 74). (1-8) ბენაიონი (სანგვინეტი 71) , კარისიმი, ეჩევერია (ჰედო 63), ლამანა, ლაკოსტე, ალონსო (სენ ანდრეა 56), სპეკერი (პასინი 53), პუპო.
4ს,ა: ბერხესი.
მსაჯი: ტაიზო ჰიბარაიაში (იაპონია)

"მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფის" გათამაშებაში, რომელიც გუშინ
დასრულდა საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა. "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მესამე ადგილისთვის მატჩში ურუგვაელი თანატოლები დაამარცხეს - 20:15.

მთელი ტურნირის განმავლობაში სამხრეთამერიკელებმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. ფიზიკურად ღონიერმა და საკმაოდ სწრაფმა ურუგველებმა A ჯგუფში რუსეთისა და აშშ-ს ნაკრებს შესანიშნავ სტილში მოუგეს და მხოლოდ შეჯიბრების ფავორიტ სამოასთან დამარცხდნენ.

ცხადია, სათამაშო მანერით საქართველოს ნაკრების მსგავს გუნდთან თამაშის წინ პროგნოზის გაკეთება ძალზედ რთული იყო. ჩვენმა ნაკრებმა მთავარი მიზანს ვერ მიაღწია, "მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფა" ვერ მოიგო. ამიტომ, საფრთხე, რომ ქართველი მორაგბეები სათამაშოდ ვერ განეწყობოდნენ დიდი იყო.

მატჩის პირველმა ტაიმმა გვიჩვენა, რომ ჩვენი ნაკრები არაფრის დათმობას აპირებდა. სხვა საქმეა ის უამრავი შეცოდმა, რომლებიც ჩვენმა მორაგბეებმა დაუშვეს და საქმე უკიდურესად გაგვირთულა.

პირველი ტაიმი ჩვენმა გუნდმა აქტიურად დაიწყო, თუმცა თავიდანვე რამდენიმე ძალიან უბრალო, თითქმის ახალბედური შეცდომა დაუშვა. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრების კაპიტანი, შუამარბი დავით ლოსაბერიძე ადრევე, მე-8 წუთზე დაშავდა და შესაცვლელი შეიქნა. ანგარიში კი საჯარიმო დარტყმით ფულბეკმა ბახვა კობახიძემ ერთი წუთით ადრე გახსნა - 3:0

ანგარიშის გასაზრედელად მასპინძლებს სამიოდე წუთი დასჭირდათ. მორიგი იერიშისას ერთ-ერთმა ურუგვაელმა მორაგბემ შეტევა თამაშგარე მდგომარეობიდან ჩაშალა და კობახიძემ ისევ შეძლო ბურთის ძელებს შორის გატარება - 6:0.

ამის შემდეგ, ჩვენი გუნდი თითქოს დადგა, გაჩერდა. ურუგვაელებმა რამდენჯერმე სახიფათოდ შემოგვიტიეს და 22-ე და 26-ე წუთებზე სამხრეთამერიკელთა შუამარბმა ფელიპე ბერხესმა ორი საჯარიმოთი ანგარიში გაათანაბრა - 6:6.

ბუნებრივია, რომ ამან ჩვენი ნაკრები საგრძნობლად გამოაცოცხლა. პირველი ტაიმის ბოლო ათ წუთში "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს, ხელდახელ ბურთაობაც გამოუვიდათ, რაც საბოლოოდ ანგარიშშიც აისახა.

31-ე წუთზე ურუგვაელებმა საკუთარი ჩათვლის მოედნიდან 30 მეტრში დერეფანში ბურთი უხეიროდ ააგდეს და ის ჩვენი მორაგბეების ნადავლი გახდა. ცხრა ნომერმა რამაზ ჯინაშვილმა ბურთი მარცხნივ, გრძელ ფრთაზე გაიტანა. მეტოქის ხაზი გარემარბმა ლევან გოგოლაშვილმა გაჭრა, თამაში რაკში გადავიდა, მას მესამეხაზელი გიგა თხილაიშვილი წამოეშველა, რომელმაც თითქმის ლელოს ხაზს უწია. ისევ რაკი და ამჯერად პირველხაზელი, ლევან ჩილაჩავს ძალისხმევამ შედეგი მოიტანა. კობახიძემ გარდასახვა ზუსტად დაარტყა - 13:6.

მეორე ლელო ჩვენს გუნდს კიდევ უფრო ეფექტური გამოუვიდა. ტაიმის დამთავრებას ორი წუთი აკლდა. ურუგვაელთა 22-მეტრიან ზონაში დერეფანი სუფთად მოვიგეთ და ისევ მარცხენა, გრძელ ფრთაზე გავათამაშეთ. ჯერ შეცვლაზე შესულმა შუამარბმა გიორგი მარგიანმა წიწია წინ, მერე მოკლე დარტყმა შერკინების ბურჯმა ლევან ჩილაჩავამ შეასრულა. წარმოქმნილი რაკიდან რამაზ ჯინაშვილმა შეტევა ისევ მარცხნივ გააგრძელა, სადაც მგეზავი უჩა მჭედლიშვილი ხელიდან მეტოქის ორ მოთამაშეს დაუსხლტა და ლელოში შეაღწია. კობახიძემ ესეც გარდასახა - 20:6, ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

შესვენების შემდეგ ურუგვაელებს ვერ იცნობდით. მათ მარცხის საფრთხე იგრძნეს და ბრძოლაში უკანმოუხედავად ჩაებნენ. საქართველოს ნაკრებს თამაში ძალიან გაუჭირდა, აირივნენ და თითქმის დასასრულემდე ვერ დალაგდნენ.

სამხრეთამერიკელებმა კი მეორე ტაიმის 15 წუთში ორი საჯარიმო და არეკნი გაიტანეს - 15:20. თამაშის დასრულებამდე 25 წუთი იყო დარჩენილი, თუმცა ვერცერთმა გუნდმა მონაგარი ვეღარ გაზარდა. კობახიძემ და ბერხესმა თითო საჯარიმო ვერ გაიტანეს. შედეგად, როგორც უკვე ვთქვით, საქართველოს ნაკრებმა ხუთი ქულის სხვაობით 20:15 მოიგო და "მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფზე" მესამე ადგილს დასჯერდა.

მატჩის შემდეგ
პაატა ნარიმანაშვილი, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი: "ამჯერადაც ორი განსხვავებული ტაიმი ვითამაშეთ. საბედნიეროდ, პირველ ნახევარში ქულათა საკმარისი მარაგი შევქმენით საიმისოდ, რომ მეტოქე ვერ დაგვწეოდა. მოთამაშეებს მადლობა მინდა ვუთხრა, იმისთვის, რომ ურუგვაელთა საკმაოდ ძლიერ, ჟინიანად მოთამაშე გუნდის შეტევებს გაუძლეს და მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანეს.

ბევრი შეცდომა დავუშვით. ჩვენი ოცდაორმეტრიანი ზონიდან ხელდახელ შეტევას ვიწყებდით. ასეთი დავალება გუნდისთვის არ მიგვიცია. წესით, ბურთი საკუთარი ნახევრიდან ფეხით უნდა გადაგვეტანათ და იქ, მეტოქის ნახევარზე გვეთამაშა აგრესიულად.

გულახდილად გეტყვით, რომ ურუგვაელთაგან გაცილებით მეტს ველოდი. ისე გამოვიდა, რომ ჩვენ მივეცით საშუალება საკუთარი თამაში ეპოვნათ და ვითარება თამაშის ბოლომდე დაძაბული ყოფილიყო.

საერთო ჯამში, ისე გამოვიდა, რომ ჩვენი გუნდი არ იყო მზად ამ ტურნირის მოსაგებად. ვერ გამოვიყენეთ ის დიდი პოტენციალი, რაც ამ გუნდს რეალურად გააჩნია.თითქოს მზადებისას ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მეტის გაკეთება ყოფილა საჭირო.

ევროპის ჩემპიონატზე შარშან ყველა გუნდს ერთი თავით ვჯობდით. აქაც თითქოს კარგად დავიწყეთ, თუმცა გარკვეული ხარვეხზები თამაშში მაინც გვქონდა, მისი აღმოფხვრა კი ტურნირის მსვლელობისას ვეღარ შევძელით. იაპონიასთან ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად და ამტანობითაც ვერ გავძელით და ამიტომაც დავმარცხდით."

გიორგი ტყეშელიაძე, საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი: "ურუგვაისთან როგორც შერკინებაში, ისე უკანა ხაზში თამაშშიც გაგვიჭირდა. ეტყობოდათ, რომ წასაგებად არ იყვნენ გამოსულნი. ახლა, განვლილ მატჩებს რომ ვიხსენებ, მიმაჩნია, რომ ჩვენ ნაკრებს თავისი შესაძლებლობები სრულად არ გამოუვლენია."

ხუან ბალდიმორი, ურუგვაის ნაკრების მწვრთნელი: "სანამ მატჩის ანალიზს გაკეთებ, ყველაფერს ორივე მხრიდან უნდა შეხედო. პირველ ტაიმში ჩვენი გუნდი თითქოს დანებდა. ეს, ალბათ, ქართველების კარგმა თამაშმა გამოიწვია. მათ მძლავრი წნეხის ქვეშ მოაქციეს ჩვენი მოთამაშეები.

მეორე ტაიმში მდგომარეობა შეიცვალა, ჩვენ მოვახერხეთ სათამაშო უპირატსეობის მოპოვება. ბურთს ძირითადად სულ ჩვენ ვაკონტროლებდით. ვფიქრობ, რაც შევძელით მაქსიმუმი იყო."

ფელიპე ბერხესი, ურუგვაის ნაკრების კაპიტანი: "მინდა მივულოცო საქართველოს ნაკრებს ეს გამარჯვება. ძალიან კარგი, ძლიერი გუნდია და დამსახურებულად მოიგეს. ძალიან კმაყოფილი ვართ ტურნირის ორგანიზებით, მასპინძლებმა შესანიშნავი საცხოვრბელი და სავარჯიშო პირობები შეგვიქმნეს. არასდროს დამავიწყდება აქ გატარებული ეს ორი კვირა."

სამოა-იაპონია 31:24
სამოა (15-9) პ.შუსტერი, ალაუნი, ფაავე (სუა 77), ლილომაიავა, პოლიკო, ფააპალე, ტუია (აფამაი 37). (1-8) გ.შუსტერი (ლაფო 45), ვაიომანუ, სმითი (ალაატოა 65), სკელტონი, ალოფიპო, , ფააფოუ (ფოე 65), ტუილეტუფუგა (ტაგატაული 70).
5ლ: პ.შუსტერი, ალაუნი, ფაავე, ლილომაიავა, ტაუფუა. 3გ: ფააპალე
იაპონია (15-9) კუროსავა, ჰიკოსაკა (ნივაი 56), ვაიფუ, ნუნომაკი (ნოდა 45), ჰანო, ნაკამურა, უჩიდა (იოშიკავა 62). (1-8) კიტაგავა, ჰიკოსაკა, ენოკი, აშია (ლიი 60), სონონაკა, ცუჯი, კობიაში, ტაუფა.
3ლ: ჰიკოსაკა (2), ენოკი. 3გ,ს: ნაკამურა
მსაჯი: ხოაკინ მონტესი (ურუგვაი)

ტურნირი კი, როგორც მოსალოდნელი იყო სამოას ნაკრებმა მოიგო. არადა ფინალში იაპონიის საკმაოდ ძლიერმა, ღონიერმა და ბრძოლისუნარიანმა გუნდმა სამოელებს დიდი პრობლემები შეუქმნა. "ამომავალი მზის ქვეყნის შვილებმა" მრისხანე მეტოქეს მატჩის დასაწყისშივე ორი ლელო გაუტანეს და მე-20 წუთისთვის სოლიდური ანგარიშით 17:0-ს იგებდნენ.

სამოელები, როგორც ჩანს, არ ელოდნენ მოწინააღმდეგის ასეთ კადნიერებას, თუმცა ნელ-ნელა თამაში დაალაგეს, პირველივე ტაიმში სამი ლელო გაიტანეს და შესვენებაზე ორქულიანი უპირატესდობით წავიდნენ - 19:17.

მეორე ნახევარი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. მატჩის დამთავრებამდე ორი წუთით ადრე ანგარიში 24:24 იყო. ამ დროს სამოელებმა მეტოქე კონტრშეტევაზე დაიჭირეს. მარჯვენა გრძელ ფრთაზე ბურთი ხელდახელ ჩაათამაშეს და ფულბეკმა პიტერ შუსტერმა საჩემპიონო ლელო გაიტანა.

VII ადგილისთვის
აშშ-ზიმბაბვე 30:29

V ადგილისთვის
რუსეთი-კანადა 24:49

საბოლოო მდგომარეობა
1. სამოა, 2. იაპონია, 3. საქართველო, 4. ურუგვაი, 5. კანადა, 6. რუსეთი, 7. აშშ, 8. ზიმბაბვე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული