ასაკობრივი ნაკრებები: მიზანი ერთია, მხოლოდ პირველი ადგილი

AutoSharing Option
საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ხელმძღვანელებმა, რომლებიც რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრებიან, "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" პრესკონფერენცია გამართეს.

ჩვენი 17-წლამდელთა ნაკრები ბუქარესტში ერთწრიან ტურნირში ბელგიის, რუმინეთისა და პორტუგალიის ნაკრებებს დაუპირისპირდება. ცხრამეტწლამდელთა ტურნირში კი 2012 წლის მსოფლიოს ალაფის საგზურის მფლობელის ვინაობა გაირკვევა. აქ ჩვენს ნაკრებს მეტოქეობას გაუწევენ რუმინეთის, პორტუგალიის, ბელგიის, რუსეთის, ესპანეთის, შვეიცარიისა და ჰოლანდიის ნაკრებები.

საქართველოს ნაკრები, როგორც შარშანდელი შეჯიბრის გამარჯვებული პირველ ნომრადაა განთესილი და მეოთხედფინალში მერვე ნომრად განთესილ შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთვევაში კი, ნახევარფინალში რუმინეთისა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის გამარჯვებულს
ეთამაშება.

დავით ჩავლეიშვილი, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი: "ბუქარესტში იმ ორი გუნდის ვინაობა გაირკვევა, რომლებიც გაისად 18-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე ექვს ელიტარულ გუნდს დაემატება. ჩვენი მეტოქეებიდან კარგად ვიცნობთ რუმინეთის ნაკრებს, რომელსაც შარშან ვეთამაშეთ და დავამარცხეთ. ბელგიის ნაკრები თითქმის ყველა ასაკში ფრანგებითაა გაძლიერებული. პორტუგალიის ნაკრები კი ტრადიციულად სწრაფი, მოძრავი გუნდია და ღია, ხელდახელ თამაშშია ძლიერი".

მამუკა ტყეშელაშვილი, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი: "მზადება თბილისში გავიარეთ. პირველი შეკრება ათდღიანი იყო. ვეცადეთ, რაც შეიძლება მეტი მოთამაშე გაგვესინჯა. ამის მერე დიღმის მასივში, "ლოკომოტივის" საწვრთნელ ბაზაზე ორკვირიანი შეკრება მოვაწყვეთ. ამ პერიოდში ის 26 მორაგბე შევარჩიეთ, ვინც ბუქარესტში ნაკრების კვართს მოირგებს,

ამასთან, ბევრი ვიმუშავეთ წინა ტურნირზე წარმოჩენილი ხარვეზების აღმოფხვრაზე. უკანა ხაზში საკმაოდ კარგი მოთამაშე გამოჩნდა. ტრადიციულად ძლიერია ჩვენი შერკინება. შესამჩნევად სწრაფი მეორე და მესამეხაზელები გვყავს. გუნდში სულ ხუთი მხტომელია, რაც ამ ასაკის გუნდითვის ძალიან კარგი მაჩვენებელია"

იან სმიტი, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი: "ჩვენი ნაკრების მიზანი ბუქარესტში ევროპის ჩემპიონატის მოგებაა, რაც საშუალებას მოგვცემს, მომავალ წელს იაპონიაში გასამართ მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფზე მივიღოთ მონაწილეობა. თუმცა საამისოდ ფინალში გასვლაც საკმარისი იქნება.

ტურნირზე ჩვენი მთავარი მეტოქეები რუმიენთის, რუსეთისა და პორტუგალიის ნაკრებები იქნებიან. მათ შესახებ კონკრეტულად არაფერი ვიცით, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გუნდი ზუსტად ისე ითამაშებს, როგორადაც ვავარჯიშებთ.

საქართველოში ამ ასაკში ყველა საუკეთესო მორაგბე შევკრიბეთ. ზოგი ადვილად უღებს ალღოს ახალ მოთხოვნებს, ზოგს უჭირს, თუმცა მაინც ნელ-ნელა მივდივართ იქითკენ, რომ გამართული, თანამაედროვე რაგბი ვითამაშოთ.

გუნდში არ არის ისეთი რგოლი, რომლის თამაშიც დახვეწას, გაუმჯობესებას არ საჭიროებდეს. ექვსი კვირა ყველაფრისთვის საკმარისი არ არის, მაგრამ მაინც ბევრის გაკეთება მოვახერეთ და მორაგბეები ამჟამად ბევრად უკეთესები არიან.

ჩვენს მიმართ მოთხოვნა ასეთია, შედეგთან ერთად განვითარებაზეც უნდა ვიზრუნოთ. ეს ძალიან რთულია, თუმცა, ვფიქრობთ, რომ კარგად ვიმუშავეთ, რაც ბუქარესტში აუცილებლად უნდა გამოჩნდეს"

საქართველოს ნაკრები, U-17
რამაზ მაზმიშვილი, ბაქარ პირიაშვილი, ალექს ცისკარიშვილი, გიორგი ჩაჩუა, ზაურ ხარებავა, შოთა სადაგაშვილი, მიხეილ მახარაშვილი, შალვა შაშიაშვილი, გიორგი მარგველანი, საბა შუბითიძე, გიორგი გოგლიძე, შოთა თევზაძე, ვახტანგ ამირანაშვილი, ონისე მოგელაშვილი, ბადრი ალხაზიშვილი, რევაზ ბორძელი, თეიმურაზ თუთბერიძე, მიხეილ ზურიკაშვილი, რევაზ ჯინჭველაშვილი, გიორგი ნათელაშვილი, ლაშა ლაშხია, გიორგი ფრუიძე, მურაზ გიორგაძე, დევი დევსურაშვილი, ილია მელაძე, გიორგი აფციაური, ნიკა ამაშუკელი, საბა ჩიხლაძე, უჩა გურგენიძე, ფარნავაზ გასვიანი.

საქართველოს ნაკრები, U-19
თორნიკე ჯიბლაძე, დავით ხიდეშელი, საბა ნიკოლავა (სამივე-თიბისი), ვახი ახობაძე, გიორგი თეთროშვილი (ორივე-ალბი), არჩილ ბეჟიაშვილი მინდია ელგუჯაური (ორივე-ყოჩები), სანდრო ქოიავა, ელგუჯა სურგულაძე, დაჩი კოპაძე (სამივე-ლელო), გურამ შენგელია (ჯიქები), ვახტანგ რაფავა (ნატალ შარქსი), ვაჟა ხუციშვილი, გიორგი ბასილაია (ორივე-ხარები), ნიკო ჯინჭველაშვილი, ზურაბ ძნელაძე, ნოდარ მარდალეიშვილი, გიორგი ზიბზიბაძე (ოთხივე-აია), გიორგი ბიწაძე (ლოკომოტივი), მერაბ შარიქაძე, ლევან გოგოლაშვილი (ორივე-აკადემია), გიორგი ლომთაძე (ბრეთფორდი), ბექა მამრიკიშვილი, ზაზა ნავროზაშვილი (ორივე-არმია), ლაშა სირაძე, გიორგი მისრიაშვილი (ორივე-არმაზი).

ევროპის ჩემპიონატი, U-19
მეოთხედფინალი
საქართველო-შვეიცარია, რუმინეთი-პორტუგალია, ბელგია-ჰოლანდია, რუსეთი-ესპანეთი

ევროპის ჩემპიონატი. U-17
29 ოქტომბერი
საქართველო-რუმინეთი, ბელგია-პორტუგალია

3 ნოემბერი
საქართველო-ბელგია, რუმინეთი-პორტუგალია

5 ნოემბერი
საქართველო-პორტუგალია, რუმინეთი-ბელგია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული