19-წლამდელებმა ალაფის საგზური მოიპოვეს

AutoSharing Option
საქართველო-რუმინეთი 24:8
საქართველო: 15. საბა ნიკოლავა, 14. გიორგი ბიწაძე, 13. ზურაბ ძნელაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ლევან გოგოლაშვილი, 10. გიორგი ბასილაია, 9. გიორგი მისრიაშვილი. 1. გიორგი თეთრაშვილი, 2. დავით ხიდეშელი, 3. ვახტანგ ახობაძე, 4. მინდია ელგუჯაური, 5. სანდრო ქოიავა, 6. ელგუჯა სურგულაძე, 7. ბექა მამრიკიშვილი, 8. ვახტანგ რაფავა.
3ლ: გოგოლაშვილი, მამრიკიშვილი, შარიქაძე. 3გ,ს: ნიკოლავა.

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მასპინძელი თანატოლები დაამარცხა 24:8 და მომავალ წელს იაპონიაში გასამართი "მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფაზე" თამაშის უფლება მოიპოვა.

"პატარა
ბორჯღალოსნებისთვის" თამაში ძალიან მძიმედ დაიწყო. რუმინელები თავიდანვე დიდი შემართებით ათამაშდნენ. ჩვენს ბიჭებს ცოტა დაბნეულობა ეტყობოდათ და თამაშის დალაგებას ვერაფრით ახერხებდნენ.

ანგარიში მასპინძლებმა საჯარიმოითი მე-5 წუთზე გახსნეს - 3:0. მისი გაქვითვის საშუალება მალევე მოგვეცა, თუმცა ხელსაყრელი პოზიციიდან ფულბეკმა საბა ნიკოლავამ არაზუსტად დაარტყა. ამას რუმინელების ლელო მოჰყვა. მასპინძლებმა აუტი ჩვენი ჩათვლის მოედნიდან ხუთ მეტრში მოაწოდეს, მოლი შეკრეს და ლელოში შეაღწიეს. თუმცა გარდასახვა ვერ გაიტანეს.

პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრებმა ერთხელ კიდევ შეუტია და კვლავ საჯარიმოს რეალიზების უფლება მოიპოვა. ამჯერად ნიკოლავამ ზუსტად დაარტყა და ანგარიშში სხვაობა ხუთ ქულამდე შეამცირა.

პირველი ნახევრის დარჩენილ დროში რუმინელები მუდმივად შეტევაში იყვნენ. რაკში თამაშისას ჩვენი მორაგბეები ხშირად ჯარიმდებოდნენ. "ნორჩმა მუხის ფოთლებმა" ორჯერ კარის დალაშქვრაც სცადეს, მაგრამ ორივეჯერ დამრტყმელი ცუდად გაისარჯა. 8:3-ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

მატჩის მეორე ნახევარში მოედანზე ვითარება დიამეტრალურად შეიცვალა. ჩვენმა გუნდმა თამაშის ტაქტიკა შეცვალა. მეტოქეს ღონით რომ ვერ აჯობა, ხელდახელ თამაში დაიწყო და ცდილობდა ბურთის ბოლომდე, კიდემდე ჩათამაშებას. ამ სტრატეგიამ გაამართლა და ამჯერად უპირატესობას მთლიანად "პატარა ბორჯღალსონები" დაუფლნენ.

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა ჩვენმა მორაგბეებმა შეტევა მოედნის საკუთარი ნახევრიდან წამოიწყეს. მარცხენა ფრთაზე გარემარბმა გიორგი ბიწაძემ იყოჩაღა, მან დაცვის ხაზი გაჭრა და მეტოქის ოცდაორმეტრიან ზონამდე ირბინა. იქ მათან ბრძოლაში რუმინელები დაჯარიმდნენ. საჯარიმო ზურაბ ძნელაძემ სწრაფად გაათამაშა და ფეხით მარჯვენა ფრთაზე გადაკიდა, სადაც ბურთს მეორე გარემარბი ლევან გოგოლაშვილი დაუხვდა, რომელმაც პირველი ლელო გაიტანა. ნიკოლავამ გარდასახა - 10:8.

ათიოდე წუთის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ასეთივე რამდენიმე ფაზიანი შეტევა განახორციელა. იერიშის მიმართულების ცვლამ შედეგი გამოიღო, რუმინელთა დაცვის ხაზი გაიწელა, ცარიელი, დაუცველი სივრცეები უხვად გაჩნდა, რითაც შესანიშნავად ისარგებლა მესამეხაზელმა ბექა მამრიკიშვილმა და მორიგი ლელო მიითვალა, ნიკოლავამ ესეც გარდასახა - 17:8.

ასეთ, თითქმის თანაბარი გუნდების თამაშში, ეს ცხრაქულიანი სხვაობა, შესაძლოა, საკმარისიც ყოფლილიყო, მაგრამ ჩვენები ამას არ დასჯერდნენ. თამაშის დასრულებამდე 15 წუთით ადრე შერკინება რუმნელთა სასარგებლოდ, მათი ლელოდან ხუთ მეტრში დაინიშნა. ჩვენმა მორკინალებმა ბურთის მოგება შეძლეს, ცხრა ნომერმა გიორგი მისრიაშვილმა ბურთი სწრაფად გაიტანა მარცხნივ გრძელ ფრთაზე, სადაც შუამარბმა მერაბ შარიქაძემ ხაზი გაჭრა და ლელო კარის ძელებს შორის გაიტანა. ნიკოლავას გარდასახვა არც ამჯერად გასჭირვებია - 24:8.

რუმინელები ბევრს ეცადნენ უკუღმა დატრიალებული ბედის ბორბალის წაღმა შემობრუნებას, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. "პატარა ბორჯღალოსნები" დაცვაში თამაშისას უშეცდომოდ გაისარჯნენ და სასურველი ანგარიში შეინარჩუნეს.

ფინალში, რომელიც ხუთ ნოემბერს გაიმართება, საქართველოს ნაკრები რუს თანატოლთა გუნდს დაუპირისპირდება.

ევროპის ჩემპიონატი, U-19. ნახევარფინალი
საქართველო-რუმინეთი 24:8, რუსეთი-ჰოლანდია 45:8

ფინალი. 5 ნოემბერი
საქართველო-რუსეთი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული