ქართველმა მორაგბეებმა და ძიუდოისტებმა ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები წლის მნიშვნელოვანი ტურნირისთვის, მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფისთვის მზადებას განაგრძობს.

ეს შეჯიბრება წლეულს მაისში, ლისაბონში გაიმართება, სადაც ახალგაზრდა "ბორჯღალოსნები" ჯგუფში ფიჯის, ურუგვაისა და პორტუგალიის თანატოლთა ნაკრებ გუნდებს შეერკინებიან.

შეგახსენებთ, რომ ალაფის გამარჯვებული მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.

მზადების პროგრამაში 20-წლამდელებმა აქამდე უპრეცედენტო, მენტალური გამძლეობის შეკრება გაიარეს, რომელიც საქართველოს რაგბის კავშირის ინიციატივით და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 8-11 იანვარს რეინჯერთა მომზადების ცენტრში გაიმართა.

წარმატებული შეკრებით ზურგგამაგრებულმა ახალგაზრდა "ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა ნოვატორულ იდეებს უმატა და ოლიმპიური მზადების ცენტრთან ერთად 20-წლამდელების და
ჭაბუკი ძიუდოისტების ერთობლივი წვრთნა დაგეგმა.

"ეს ვარჯიში ოლიმპიური მზადების ცენტრის ძიუდოს მწვრთნელ გოჩა ბერაძესთან ერთად დავგეგმეთ. წვრთნა ორეტაპიანია და მოიცავს როგორც დარბაზში ჭიდაობის, ასევე "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" სარაგბო ვარჯიშების გამართვას.

მიმაჩნია, რომ ამით ბევრ სასარგებლოს და საინტერესოს ვისწავლით ერთმანეთისგან" - თქვა 20-წლამდელების მთავარმა მწვრთნელმა ილია მაისურაძემ.

პირველი ეტაპი 22 იანვარს გაიმართა, როდესაც ახალგაზრდა "ბორჯღალოსნებს" ოლიმპიური მზადების ცენტრში ძიუდოს ჭაბუკთა და კადეტთა ნაკრების მოჭიდავეებმა უმასპინძლეს.

აღსანიშნავია, რომ ამ სპორტსმენებისგან შეირჩევა საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები, რომელიც ევროპის ოლიმპიურ ფესტივალში - "თბილისი 2015" იასპარეზებს.

აქ მორაგბეებზე ხელმძღვანელობა ძიუდოს მწვრთნელმა გოჩა ბერაძემ გადაიბარა. სპორტსმენებმა ტატამს რამდენიმე წრე დაარტყეს, კარგა გვარიანად გახურდნენ და დადგა ჭიდაობის მასტერკლასის დროც.

"ბიჭები აქ საკმაოდ საინტერესო გამოცდილებას მიიღებენ, ვინაიდან ძიუდოს განსხვავებული სამწვრთნელო პროცესი აქვს, სხვა ტიპის ფიზმომზადებაა და კუნთების სულ სხვა ჯგუფს ადგება ძალა.

დარწმუნებული ვარ, ეს ვარჯიშები ბიჭებს მოედანზე რაქში თუ მოლში ორთაბრძოლისას წაადგებათ", - განაცხადა 20-წლამდელთა ნაკრების ფიზმომზადების მწვრთნელმა გიორგი ნადარეიშვილმა.

გოჩა ბერაძემ ვარჯიშის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ იგი ახალგაზრდა "ბორჯღალოსნების" ფიზიკური კონდიციებით კმაყოფილია.

"ბიჭები მაქსიმალურად დავღალეთ. მათ, ფაქტობრივად, პირველად ჰქონდათ შეხება ტატამთან და კიმონოსთან, მაგრამ ჩანს, რომ ძალიან ძლიერი ბიჭები არიან, მათ მომზადებაში დიდი შრომაა ჩადებული. როგორც ძიუდოს სპეციალისტმა, მინდა ვთქვა, რომ მორაგბეები ტოლს არ უდებდნენ ჩვენს ბიჭებს. ეგ კი არა, რომ არ გცოდნოდა, იფიქრებდი, ძიუდოისტი ძიუდოისტს ეჭიდავებოდა".

ერთობლივი წვრთნის მეორე ეტაპი 24 იანვარს, "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" გაიმართა. აქ ძიუდოისტებს, 20-წლამდელთა სამწვრთნელო შტაბთან ერთად, ეროვნული ნაკრების ფიზმომზადების მწვრთნელი ირაკლი ჭყონია დახვდა.

Sportall.Ge

მორაგბეებმა და მოჭიდავეებმა მოედანს ძუნძულით ჯერ რამდენიმე წრე დაარტყეს, მერე კი სპრინტერული ვარჯიშების და აჩქარებების გაკეთება მოუწიათ. გახურების შემდეგ სპეციფიკური სარაგბო ვარჯიშების დრო დადგა.

"სრულიად განსხვავებული სპორტის სახეობებია და სპეციფიკიდან გამომდინარე, ძიუდოისტებს ადაპტირება მოუწიათ ჩვენს ფიზმომზადების ვარჯიშებთან. მიუხედავად ამისა, მოჭიდავეებმა ყველაფერს კარგად აუღეს ალღო და ვარჯიშებს თავი მშვენივრად გაართვეს. კარგი და ღონიერი ბიჭები არიან", - განაცხადა ირაკლი ჭყონიამ.



საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
გაიხარეთ და ჩვენც გაგვახარეთ! უცხოეთში მსგავსი მომიჯნავე სახეობის ვარჯიშები ფეხბურთელებისთვისაც ტარდება. ძირითადად ჩოგბურთს თამაშობენ, რაც მოედანზე ძალიან ეხმარებათ.
გუჯა კახაძე
14:45 01-02-2015
0
კაია კაია, ამ ნოვატორულობით ბევრს მოვიგებთ, თან მომავალ ჩემპიონებსაც ეცოდინებათ ერთმანეთი და მარტო ტელევიზიით არ გაიგებენ ერთმანეთის სიკეთეს
great
09:36 01-02-2015
0

სიახლეები პოპულარული