worldrugby.org: ახლა 20 წლამდე "ბორჯღალოსნების" დრო დადგა

AutoSharing Option
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები 12 მაისიდან პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფის გათამაშებაში ჩაებმება.

მსოფლიოს რაგბის ოფიციალურმა ვებგვერდმა ჩვენს გუნდს წერილი მიუძღვნა. გთავაზობთ ამონარიდს ამ პუბლიკაციიდან:

"მას შემდეგ, რაც ქართველმა 18-წლამდელებმა მარტში ისტორია შექმნეს, ახლა 20 წლამდე "ბორჯღალოსნების" დრო დადგა, პორტუგალიაში, წლევანდელი ალაფის გათამაშებაში თავიანთი კვალი დატოვონ.

აქამდე მათ ალაფას ოთხ გათამაშებაში მესამე ადგილზე უკეთესი შედეგისთვის ჯერ არ მიუღწევიათ. ამის გაუმჯობესებას დიდი ჯაფა დასჭირდება, რადგან ქართველებს ტურნირის ფავორიტ ფიჯისთან მოუწევთ თამაში, რომელიც შარშანდელი 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატიდან გამოვარდა.

თუმცა, ერთი თვის წინათ
ირლანდიისა და იტალიის დამარცხებით ქართველმა 18-წლამდელებმა დაამტკიცეს, რომ ყველაფერი შესაძლებელია. მათ ქართული რაგბის ისტორიაში პირველად მოიპოვეს ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატის ელიტდივიზიონის ფინალში თამაშის უფლება.

"18-წლამდელების წარმატება ჩვენთვის დიდი სტიმულია და ამასთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობაც. მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფის გათამაშება სერიოზული ტურნირია, რომელშიც ძალიან კარგი გუნდები ასპარეზობენ და ჩვენც შევეცდებით, რომ მაქსიმალურად დავიხარჯოთ და ჩვენი საუკეთესო თვისებები გამოვავლინოთ.

იქ მოასპარეზე ყველა გუნდს აქვს იმის შანსი, რომ წარმატებას მიაღწიოს. ეს ხომ რაგბია, ოსტატობის, თავდადების, ფიქრის და იღბლის ნაზავი. ასე რომ, წინასწარ შედეგის გამოცნობას მოვერიდები. ერთს კი დანამდვილებით ვიტყვი, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალა იქნება", - თქვა საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების თავკაცმა ილია მაისურაძემ.

რთული მეტოქეები
საქართველოს ნაკრები ჯერ ურუგვაის, შემდეგ ფიჯის, ხოლო ბოლოს კი მასპინძელ პორტუგალიას ეთამაშება. შარშან, ოქტომბერში, როდესაც "უმცროსი ბორჯღალოსნები" ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიელებს ლისაბონში ეთამაშნენ, მათ მასპინძლებს 44-14 სძლიეს და ალაფის საგზური დაისაკუთრეს.

ოპონენტებზე კონკრეტული ინფორმაცია ნაკლებად გვაქვს. ვინ იქნება ყველაზე სახიფათო, ამის თქმა ძნელია. წლეულს ღირსეული მეტოქეები გვყავს. ურუგვაი შარშან ძალიან მოგვეწონა, სწრაფი, მებრძოლი და ხასიათიანი გუნდია. მან მაშინ პირველივე მატჩში მომავალი ჩემპიონი იაპონია დაამარცხა.

ფიჯელების ინდივიდუალური სიძლიერისა და სარაგბო ფანტაზიის შესახებ მთელმა მსოფლიომ კარგად იცის.

პორტუგალია კი ხასიათიანი და ხისტი გუნდია, რომელიც ყოველთვის ბოლო წუთამდე თამაშობს. ამიტომ ვფიქრობ, საინტერესო ტურნირი გველოდება. - დასძინა ილია მაისურაძემ
საქართველოს ნაკრები

პირველი ხაზი: ნიკა ნეფარიძე (ლოკომოტივი), ბექა კაკაბაძე (კლერმონი), გიორგი მელიქიძე (ხარები), ნიკა სვიმონიშვილი, ბადრი ალხაზაშვილი (ორივე - ლელო), ლაშა საჯაია (ჯიქი).
მეორე ხაზი: ოთარ გიორგაძე (აია), როლანდ კვაჭაძე (ორიაკი), მიხეილ ბაბუნაშვილი (ტარბი).
მესამე ხაზი: თორნიკე ზოიძე (კლერმონი), დავით პაპავაძე (ჯიქი), თორნიკე ბუბუტეიშვილი (ლელო), გიორგი ცუცქირიძე (ბრივი), ბექა გორგაძე (მონ დე მარსანი).
#9: ვასილ ლობჟანიძე (არმაზი), თემურ თუთბერიძე (აია).
#10: რეზო ჯინჭველაშვილი, გიორგი ბაბუნაშვილი (ორივე - აია).
#12-13: გიორგი კვესელაძე (იუნკრები), გიორგი კოშაძე (ხარები), ბადრი ლიპარტელიანი (არმაზი).
#11-14: ანზორ სიჭინავა (აკადემია), იოსებ კიკვაძე (აია), დავით გულიტაშვილი (ხარები).
#15: ირაკლი სვანიძე (ჯიქი), რატი შანიძე (ლელო).

მსოფლიოს ალაფა
12 მაისი
საქართველო-ურუგვაი

16 მაისი
საქართველო-ფიჯი

20 მაისი
საქართველო-პორტუგალია

24 მაისი
ფინალი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული