"უმცროსი ბორჯღალოსნები" ურუგვაისთან ჩხუბის გამო დისკვალიფიკაციით დასაჯეს

AutoSharing Option
13 მაისს, გვიან ღამით ლისაბონში მიმდინარე მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ალაფის სადისციპლინო კომისიის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც საქართველოსა და ურუგვაის შორის გამართული მატჩის დროს მომხდარ ჩხუბს განიხილავდნენ.

კომისიამ სხდომაზე დაიბარა ჩვენი გუნდის გარემარბი იოსებ კიკვაძე და ნაკრების კაპიტანი ბადრი ალხაზაშვილი, რომელმაც ამ ინციდენტის შედეგად წითელი ბარათი მიიღო.

გამოკითხვა და მსჯელობა დიდხანს გაგრძელდა, რომლის დასრულების შემდეგ სადისციპლინო
კომისიის წევრებმა ასეთი გადაწყვეტილებები მიიღეს: ჩხუბის დროს იოსებ კიკვაძემ ურუგვაელთა 12 ნომერს სახის არეში დარტყმა მიაყენა. მართალია, მან ამ ქმედებით ჩვენი 10 ნომერი მოწინააღმდეგის გამიზნული წიხლისგან იხსნა, მაგრამ იმის გამო, რომ ამ დარტყმით ურუგვაელ მოთამაშეს სახის არეში აშკარა ზიანი მიადგა, კომისიამ კიკვაძის დასჯა გადაწყვიტა, რაც ტურნირის ბოლომდე დისკვალიფიკაციას გულისხმობს;

ბადრი ალხაზაშვილის ეპიზოდის ვიდეოანალიზისას გაირკვა, რომ მას ურუგვაელთა 10 ნომერი კისრის არეში სახიფათოდ ბოჭავდა, რაც ლამის ჭიდაობის მოგუდვის ილეთში გადაიზარდა. ამ ქმედებას ალხაზაშვილისგან, თავის დაცვის მიზნით, საპასუხო დარტყმა მოჰყვა.

როგორც მოგეხსენებათ, ჩხუბის დასრულების შემდეგ მატჩის არბიტრმა ორივეს წითელი ბარათი უჩვენა. კომისიამ კი გადაწყვიტა, რომ ეპიზოდში მონაწილე ორივე მოთამაშე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაესაჯა.

ჩვენთვის ამას დიდი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ ჩხუბში მონაწილე არც დანარჩენი ურუგვაელები დარჩნენ დაუსჯელნი - 18 ნომერს - 2-კვირიანი, ხოლო 6 ნომერს - 3-კვირიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.

მატჩისას დაჟეჟილობა და მიკროტრავმები ბევრმა "უმცროსმა ბორჯღალოსანმა" მიიღო. 13 მაისს გაირკვა, რომ ლაშა საჯაიას - მუხლი, ხოლო გიორგი კოშაძეს მხარი აქვს დაზიანებული.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე მორაგბე შეძლებს შემდეგ შეხვედრაში თამაშს, სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, თბილისიდან ორ მოთამაშეს უხმეს: გიორგი თედორაძეს (შერკინების კვაჭი / თი ბი ეს) და სანდრო ილურიძეს (შუამარბი / აკადემია).

მომზადებულია საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური საიტის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული