"უმცროსი ბორჯღალოსნები" მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობენ

AutoSharing Option
მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის დაწყებამდე ზუსტად ორი თვე დარჩა. წლეულს ეს შეჯიბრება 7-25 ივნისს მანჩესტერში გაიმართება, რომელშიც ქართული რაგბის ისტორიაში პირველად, მსოფლიოს 12 ელიტარულ ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის "უმცროსი ბორჯღალოსნებიც" იასპარეზებენ.

ჩვენმა 20-წლამდელებმა ამ ტურნირში მონაწილეობის უფლება შარშან, ლისაბონში "მსოფლიო რაგბის ალაფაში" გამარჯვებით მოიპოვეს. შარშანვე გახდა ცნობილი, რომ გაისად, 2017 წელს, ამ ტურნირს, რომელიც კაცთა მსოფლიოს თასის შემდეგ რანგით მეორეა, საქართველო უმასპინძლებს.

ეს ყველაფერი ახალი გამოწვევაა ქართული რაგბისთვის და შესაბამისად, პირველი ნაბიჯი წლევანდელ ტურნირზე მონაწილეობაა, სადაც ჯგუში საკმაოდ ძლიერ მეტოქეებს, ახალ ზელანდიას,
ირლანდიასა და უელსს ვეთამაშებით.

ტურნირისთვის მზადება 20-წლამდელებმა ჯერ კიდევ შარშან დაიწყეს. ალაფის მსგავსად, სამწვრთნელო შტაბმა ნაკრები ჯერ მენტალური გამძლეობის კურსისთვის შეკრიბა. კურსი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით რეინჯერთა მომზადების ცენტრში გაიმართა - ძალა, ღონე, შერკინება და ხელდახელ თამაში აუცილებელია, მაგრამ რთულ მატჩში, როდესაც მეტოქე წნეხის ქვეშ გამყოფებს, უმნიშვნელოვანესია, გუნდმა თავდაჯერებულობა არ დაკარგოს, ამ წნეხს გაუძლოს და თამაში თავის სასარგებლოდ მოატრიალოს.

ამის განსახორციელებლად მარტო ძალ-ღონე და უნარები არაა საკმარისი - აქ თითოეულმა მორაგბემ სიმტკიცე, გამძლეობა და თავდაჯერებულობა - მენტალური მდგრადობა უნდა გამოიმუშაოს.

მენტალური მდგრადობის კურსის შემდეგ ნაკრებმა კიდევ სამი მოკლე შეკრება განვლო საქართველოში და ტურნირის მთავარ მოსამზადებელ ეტაპამდე სამხრეთამერიკულ ტურნეში გაემგზავრა.

ჩვენი 20-წლამდელები სამხრეთ ამერიკაში თებერვალში გაემგზავრნენ და ორ-ორი მატჩი არგენტინისა და ურუგვაის თანატოლთა ნაკრებებთან გამართეს. პირველი ორი შეხვედრა არგენტინელებთან დავთმეთ. მესამე და მეოთხე მატჩში "უმცროსი ბორჯღალოსნები" ურუგვაის ეთამაშნენ. პირველ მატჩში მასპინძლებმა გვძლიეს, ხოლო მეორეში გავიმარჯვეთ. სამწვრთნელო შტაბმა ტურნე მთლიანობაში დადებითად შეაფასა.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მზადების დასკვნითი ეტაპისთვის "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" შეიკრიბა, რომელიც ორ ნაწილად გაიმართება. გუნდი ჯერ ორ კვირას ივარჯიშებს და შემდეგ ერთ კვირას დაისვენებს. შემდეგი, სამკვირიანი ეტაპი 1-ელ მაისს დაიწყება და 29 მაისამდე გასტანს.

სამწვრთნელო შტაბმა 39 მორაგბეს უხმო, თუმცა ყველა ლეგიონერი ჩამოსვლას ისევ ვერ ახერხებს. საქართველოში მოასპარეზე "უმცროს ბორჯღალოსნებს" კლერმონელი თორნიკე ზოიძე, "ბორდოში" მოასპარეზე ლაშა ტაბიძე და "ბრივის" მესამეხაზელი გიორგი ცუცქირიძე შეუერთდნენ. 25 აპრილს ნაკრებს "კლერმონიდან" ოთარ გიორგაძე და ნიკა ნეფარიძე, ხოლო "სტად ფრანსედან" გიორგი მელიქიძე შეუერთდებიან.

ამ ეტაპზე ირკვევა, თუ როდის მოხერხდება "ლიონის" უკანახაზელ ლუკა იურინის ჩამოსვლა, ხოლო ასევე ლიონელი გიორგი ჯავახია და "მონ დე მარსანის" მესამეხაზელი ბექა გორგაძე, სავარაუდოდ, პირდაპირ ტურნირზე ჩავლენ.

ლადო კილასონია, 20-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი:

"რადგან ეს ტურნირი მსოფლიო თასის შემდეგ რანგით მეორეა და ჩვენ გვყავს ისეთი სერიოზული მეტოქეები, როგორებიც არიან ახალი ზელანდია, უელსი და ირლანდია, სადაც ჩვენ ბურთი ალბათ ნაკლებად გვექნება და ჩვენი საბაზო უნარები არ იქნება მათ დონეზე, გადავწყვიტეთ, შეკრების ძირითადი ნაწილი ფიზმომზადებას დავუთმოთ, რომელიც კომბინირებული იქნება სარაგბო უნარების ამაღლებასთან და გუნდური სისტემების გამართვასთან.

ასეთი შეკრება ჩვენთვის პირველია. კარგია, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფიზმომზადების მწვრთნელი ირაკლი ჭყონია ჩვენთან არის, რადგანაც მას გავლილი აქვს მსგავსი შეკრება და იცის, რა და როგორ უნდა გავმართოთ. დავიწყებთ დღეიდან ძალიან სერიოზულ და რთულ მომზადებას და სამწვრთნელო შტაბი დარწმუნებულნი ვართ, რომ ამას კარგი შედეგი ექნება.

ჩვენთვის იდეალური შეკრება იქნებოდა 39 ჯანმრთელი მოთამაშე, ლეგიონერებიანად, რომლებიც 7 აპრილიდან დაიწყებდნენ მზადებას. იმის გამო, რომ ჩვენ ვმუშაობთ სარაგბო სფეროში და არსებობს საკლუბო ინტერესებიც, იდეალურ სურათს ვერ ვიღებთ. სურათი არის ასეთი - გვყავს 12 მორაგბე, რომლებსაც მიკროტრავმები აწუხებთ და სრული დატვირთვით ვერ იწყებენ ვარჯიშს. ლეგიონერების ნაწილი დღეს ჩამოვიდა.

25 აპრილს ლეგიონერები "სტად ფრანსედან" და "კლერმონიდანაც" შემოგვიერთდებიან. გვყავს ისეთი მოთამაშეებიც, რომლებიც შესაძლოა არ შეუერთდნენ შეკრებას და პირდაპირ ტურნირზე ჩამოვიდნენ. ამის მიზეზი არის ის, რომ არსებობს ოფიციალური წესი, როდესაც შეგვიძლია მოთამაშე მოვითხოვოთ, ტურნირამდე მხოლოდ 5 დღით ადრე.

ჩვენი ტურნირი გაიხსნება 4 ივნისს. აქედან გამომდინარე, ერთადერთი ბერკეტი არის კეთილი ნებით მოთამაშეთა გამოშვება - ამას ზოგიერთი კლუბი აკეთებს, ზოგიერთი არა. რაც შეეხება ქართულ კლუბებს, ისინი ინფორმირებულნი იყვნენ წინასწარ ამის შესახებ და დაგვიდგნენ გვერდში, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდით.

ტურნირზე ჩვენ ძლიერ მეტოქეებს უნდა დავუპირისპიროთ სამი რამ - პატივისცემა, დისციპლინა და ხასიათი. თუ ჩვენ ამ სამი თვისებით მივუდგებით ამ გუნდებს, შედეგი შესაძლებელია იყოს სასურველი.

შარშანდელ 20-წლამდელების ტურნირზე ისეთი გუნდი გვყავდა, რომელსაც დაახლოებით 8 საერთაშორისო ტურნირი ჰქონდა ნათამაშები ერთად. ის გუნდი ბევრად უფრო მზად იყო ამ სერიოზული ტურნირისთვის. ეს გუნდი კი ახლა იკვრება და შენდება. ზოგი მოთამაშისთვის პირველია მსგავსი გამოცდილება.

ჩვენ, რა თქმა უნდა,  შევეცდებით, რომ ჩვენი საუკეთესო მხარე წარმოვაჩინოთ, მაგრამ ეს თამაშები, დარწმუნებული ვარ, რომ ეროვნულ ნაკრებს კარგ მოთამაშეებს მოუმზადებს სამომავლოდ".

საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: უშანგი ჭეიშვილი, თორნიკე მატარაძე (ორივე-აია), ნიკა ნეფარიძე (კლერმონი), ლაშა საჯაია (ჯიქი), ლუკა გოგინავა (ლოკომოტივი), გიგა ხუროშვილი (არმაზი), გურამ პაპიძე (ყოჩები), რეზო დუგლაძე (ლელო), გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე), ლაშა ტაბიძე (ბორდო)
მეორე ხაზი: მიხეილ ბაბუნაშვილი (აია), გიორგი ჯავახია (ლიონი), დემურ ეფრემიძე (ყოჩები), გაგა არაბული (ლოკომოტივი), ოთარ გიორგაძე, თორნიკე ზოიძე (ორივე-კლერმონი).
მესამე ხაზი: ვანო ფუტკარაძე (ბათუმი), ილია სპანდერაშვილი (არმია), ირაკლი ცხადაძე (არმაზი), გიორგი ცუცქირიძე (ბრივი), ბექა გორგაძე (მონ დე მარსანი).
#9: ვასილ ლობჟანიძე (არმაზი), გელა აფრასიძე (ლელო), ლაშა მამუჩარაშვილი (ლოკომოტივი)
#10: გიორგი გულმაგარაშვილი (სამ.აფრიკა), დავით მოძღვრიშვილი (აკადემია), გიორგი გოგოლაძე (არმია)
#12-13: სანდრო ილურიძე (აკადემია), გიორგი კვესელაძე (იუნკრები), თორნიკე მანაგაძე (აია), გიორგი კოშაძე, გურამ ქანდაურაშვილი (ორივე-ხარები)
#11-14: დავით მესხი (არმია), ლადო მიმინოშვილი (ბათუმი), რატი შანიძე (ლელო), ლუკა იურინი (ლელო)
#15: ირაკლი სვანიძე (ჯიქი), მირიან მოდებაძე (აია), სანდრო მერკვილიშვილი (არმია).

მსოფლიოს ჩემპიონატი
7 ივნისი
საქართველო-ახ. ზელანდია

11 ივნისი
საქართველო-უელსი

15 ივნისი
საქართველო-ირლანდია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
თქვენს უკან საქართველოა პატარა კაცებო გაიხარეთ
kaxi
23:18 10-04-2016
0

სიახლეები პოპულარული