"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა", პირველი მატჩისგან განსხვავებით, ამჯერად დაცვაში შესანიშნავად ითამაშეს. სამწუხაროდ, უელსელებმა მე-5 წუთზე პირველივე იერიში ლელოთი დაასრულეს, რომელიც გარდასახეს კიდეც - 7:0. ამის მერე რაიმე ხეირიანის გაკეთების საშუალება მეტოქეს ჩვენმა ბიჭებმა არ მისცეს.
პირველ ტაიმში უელსელები შერკინებაში პირწმინდად დავჩაგრეთ. შესვენების შემდეგ მათ შეცვლები გააკეთეს და შერკინებაში კონტრზომებს მიმართეს. შედეგად, ჩვენი უპირატესობა თამაშის ამ კომპონენტში ოდნავ შემცირდა. ერთადერთი, რაშიც უელსელებმა
ყველაფრის მიუხედავად, ამ თამაშის მოგება შეიძლებოდა. ისიც აღსანიშნავია, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ საქართველოს ნაკრების კაპიტანი ბექა გორგაძე დაასახელეს. შესანიშნავად გაისარჯა ცხრა ნომერი, 18 წლის გელა აფრასიძეც, რომელმაც სამი საჯარიმო გაიტანა (9 ქულა) და მატჩის მიწურულს გამარჯვების მოტანაც შეეძლო. საჯარიმო ცენტრიდან დაარტყა და ბურთი ხარიხის ქვეშ დაეცა.
"ბევრი ვიმუშავეთ დაცვაზე, სწრაფ წამოდგომასა და ეფექტურ ბოჭვებზე. შესაბამისად, ვეცადეთ, რაკში თამაშისას ნაკლებნი ვყოფილიყავით, რათა დაცვაში დროულად გადაწყობა მოგვესწრო. ვითამაშეთ ხასიათით და გულით.
შეტევას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, შემდეგი თამაშისთვის ბევრი რამის გამოსწორებას ვგეგმავთ, მაგრამ რაც მთავარია, ჩვენ ბევრი რამ უნდა გამოგვესწორებინა პირველი მატჩის შემდეგ, რათა დაგვემტკიცებინა, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავისთვის, ქომაგებისა და საქართველოსთვის, რომ ჩვენ მაღალ დონეზე თამაში შეგვიძლია" - თქვა ნამატჩევს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილია მაისურაძემ.
"უელსთან თამაში ერთმნიშვნელოვნად ჩვენს აქტივში უნდა ჩაიწეროს. თამაშისთვის კარგად მოვემზადეთ - ფიზიკურად და ფსიქოლოგიურადაც. ახალი ზელანდიის ნაკრებთან მატჩის შემდეგ პირველივე დღე დაეთმო აღდგენას და ვიდეოანალიზს. შემდეგ გვქონდა დაცვის ვარჯიში, სადაც პირველ თამაშში დანახული პრობლემების გამოსწორება ვცადეთ.
დავინახეთ, რომ უნდა გავშლილიყავით ბოლომდე, მოედნის მთელი სივრცე აგვეღო დაცვაში და მაქსიმალურად წინ წავსულიყავით. დაცვის ვარჯიშმა ძალიან კარგად ჩაიარა.
განწყობა შეუდარებლად საბრძოლო გვქონდა. უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენთვის ასეთ გუნდებთან თამაში პატივია და გაზრდის შესაძლებლობა. ჩვენ მათთან მარცხით არაფერს ვკარგავთ, არამედ დიდ გამოცდილებას ვიძენთ. ჩვენი თავის და, ალბათ, გულშემატკივრების გარდა, აქ ჩვენგან ბევრს არაფერს ელიან, მაგრამ საქართველო სწორედ იმიტომ არის გამორჩეული, რომ ვაკეთებთ ყველაფერს განსაკუთრებულად კარგად, მაშინ, როდესაც ამას ჩვენგან არ მოელიან.
ბიჭებმა მოედანზე მიიღეს პრაგმატული გადაწყვეტილებები, კარში დაარტყეს და ამან გაამართლა. მეორე ტაიმში, როდესაც უელსმაც ნახა, რომ ხელით თამაში არ გამოსდიოდა, მაღალი ბურთების აწევა დაიწყეს, თუმცა ჩვენი უკანა ხაზი მზად დახვდა ამას. ერთხელ პოზიციურ თამაშშიც ვაჯობეთ. თითქმის ყველა დაკიდებული ბურთი ავიღეთ ჰაერშივე, რაც უდავოდ მისასალმებელია. მაგრამ ფეხით თამაშიდან გამომდინარე, უელსმა ბევრად მეტი დრო გაატარა ჩვენს 22-მეტრიან ზონაში, ვიდრე ჩვენ მათ მოედანზე. ამიტომ პოზიციურ თამაშში მთლიანობაში, ალბათ, დავიჩაგრეთ.
კარგად შევისწავლეთ ირლანდიის მატჩი უელსთან და სანამ დრო გვქონდა, ახალ ზელანდიასთან შეხვედრაშიც დავაკვირდით. ეს არის ძალიან მოძრავი და ძალიან კარგი გუნდი, რომელმაც ზუსტად იცის, როგორ უნდა მოუგოს კონკრეტულ მოწინააღმდეგეს, კარგად იცის, სად არის მეტოქის სუსტი და ძლიერი მხარეები. თუ ამინდი ხელს შეუწყობთ, არ მგონია, ჩვენთან "ჯახით" თავი მოიკლან. შესაბამისად, ალბათ, უფრო სწრაფ და გაშლილ თამაშს შემოგვთავაზებენ", - თქვა ნაკრების მწვრთნელმა ლადო კილასონიამ.
* * *
ჯგუფური ტურნირის მეორე ტურში ორი სენსაცია მოხდა. ჩვენს ჯგუფში მოასპარეზე ირლანდიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონ ახალ ზელანდიას მოუგო - 33:24. არგენტინელებმა კი სამხრეთ აფრიკას სძლიეს დაძაბულ ბრძოლაში - 19:13.U20. მსოფლიოს ჩემპიონატი. A ჯგუფი. II ტური
საქართველო-უელსი 9:10
საქართველო (15-9) მოდებაძე, მიმინოშვილი, კოშაძე, კვესელაძე, მერკვილიშვილი, მოძღვრიშვილი (ლობჟანიძე 54), აფრასიძე. (1-8) მატარაძე (ნეფარიძე 50), ხუროშვილი (გოგინავა 48), ტაბიძე (მელიქიძე 48-70), ეფრემიძე, გიორგაძე, სპანდერაშვილი (ცხადაძე 64), ცუცქირიძე, გორგაძე.
3ს: აფრასიძე
მსაჯი: ჯონ კუპერი (ავსტრალია)
ახ. ზელანდია-ირლანდია 24:33
სატურნირო მდგომარეობა
1. ირლანდია - 8 ქულა, 2. ახ. ზელანდია - 6, 3. უელსი - 6, 4. საქართველო - 1
B ჯგუფი
ავსტრალია-იტალია 38:10
ინგლისი-შოტლანდია 44:0
სატურნირო მდგომარეობა
1. ინგლისი - 10 ქულა, 2. ავსტრალია - 6, 3. შოტლანდია - 4, 4. იტალია - 0
C ჯგუფი
არგენტინა-სამ. აფრიკა 19:13
საფრანგეთი-იაპონია 46:14
სატურნირო მდგომარეობა
1. არგენტინა - 8 ქულა, 2. სამ. აფრიკა - 6, 3. საფრანგეთი - 5, 4. იაპონია - 0.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"