U20. ირლანდია VS საქართველო - მეტოქემ ისტორია დაწერა, ჩვენ?

AutoSharing Option
დღეს, 15 ივნისს, მანჩესტერში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩები გაიმართება.

მესამე ტურში "უმცროსი ბორჯღალოსნები" ჯგუფის ლიდერს, ირლანდიას ეთამაშებიან. მატჩი, მეორე ტურის მსგავსად, "მანჩესტერ სიტის აკადემიის" სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 20 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მეორე არხი წარმოადგენს.

"ირლანდიის ნაკრებთან ძალიან საპასუხისმგებლო და სერიოზული მატჩი გველის, სადაც კიდევ უნდა გავაუმჯობესოთ თამაშის ხარისხი. კარგად შევისწავლეთ ირლანდიის მატჩი უელსთან. ეს არის ძალიან მოძრავი და ძალიან კარგი გუნდი, რომელმაც ზუსტად იცის, როგორ უნდა მოუგოს
კონკრეტულ მოწინააღმდეგეს - კარგად იცის, სად არის მეტოქის სუსტი და ძლიერი მხარეები. ვფიქრობთ, ჩვენთან სწრაფ და გაშლილ თამაშს მიანიჭებენ უპირატესობას", - თქვა საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ლადო კილასონიამ.

სატურნირო რაზმში ერთი იძულებითი ცვლილებაა. ახალ ზელანდიასთან მატჩში მეორეხაზელ გიორგი ჯავახიას ძველი, კლუბში მიღებული ბარძაყის კუნთის ტრავმა გაუმიზეზდა. მიუხედავად იმისა, რომ მატჩის შემდეგ იგი თავს კარგად გრძნობდა და რამდენჯერმე ივარჯიშა, საბოლოო სამედიცინო შემოწმებამ დაადგინა, რომ ამ კონდიციით მისი თამაში და ვარჯიში არ შეიძლება. თუმცა საშიში არაფერია, მას მხოლოდ აღდგენა და რეაბილიტაცია სჭირდება.

ჯავახიას მდგომარეობის გამო სამწვრთნელო შტაბმა მისი შეცვლა გადაწყვიტა. მის ნაცვლად ტურნირზე რაგბის კლუბ "იუნკერების" მესამეხაზელ სანდრო მამამთავრიშვილს უხმეს, რომელიც გუნდს უკვე შეუერთდა.

სამატჩო რაზმში კი ორი ცვლილებაა. სასტარტო შემადგენლობაში იქნება შერკინების კვაჭი ლაშა საჯაია. გიორგი ხუროშვილმა კი სათადარიგოთა შორის გადაინაცვლა. ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა გუნდის კაპიტანი ვასილ ლობჟანიძე.

"უელსის ნაკრებთან მნიშვნელოვანი თამაში გვქონდა, რომელიც თავდაჯერებულობას გვმატებს ირლანდიასთან მატჩის წინ. ურთულესი ბრძოლა გვექნება. ირლანდიამ ჯერ უელსს მოუგო, მერე ახალ ზელანდიას და ამით ისტორიაში შევიდა. შესაბამისად, ფსიქოლოგიურად ირლანდიელები ძალიან კარგ განწყობაზე იქნებიან.

მათ რვა დღის განმავლობაში ორი ძალიან რთული მატჩი ითამაშეს და ალბათ, სამწვრთნელო შტაბი დილემის წინაშე იქნება - ჩვენთან დააყენოს იგივე შემადგენლობა თუ შეცვალოს.

ძალიან რთული თამაში იქნება და მიმაჩნია, რომ ის გუნდი იმარჯვებს, რომელსაც მეორე ტაიმის ბოლომდე გამძლეობა ეყოფა. ირლანდიელების ძლიერი მხარე შერკინებაში კარგი თამაშია, რაც ჩვენ ძლიერ მხარედაც შეიძლება ჩაითვალოს. ირლანდიელები სწრაფად თამაშობენ რაკში და ბურთიც კარგად გააქვთ ფრთებზე. ყოველივე ამას ვარჯიშებზე დიდ ყურადღებას ვაქცევთ", - თქვა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილია მაისურაძემ.

აღსანიშნავია, რომ ირლანდიის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს შერკინების პირველხაზელი ვახტანგ აბდალაძე, რომელიც ახალი ზელანდიის ნაკრებთან მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

საინტერესო იქნება ჩვენს ჯგუფში უელსისა და ახალი ზელანდიის ნაკრებების დაპირისპირება. გამარჯვების შემთხვევაში ორივე გუნდს აქვს შანსი, საუკეთესო ოთხეულში გააღწიოს, ანუ ჩემპიონობისთვის ბრძოლა განაგრძოს.

B ჯგუფში პირველადგილოსნის ვინაობა ბოლო ტურში ავსტრალიისა და ინგლისის ნაკრებებს შორის დაპირისპირებაში გაირკვევა. ამ უკანასკნელს შინაური კედლებიც ეხმარება და ამ წყვილში ფავორიტად მოიაზრება.

C ჯგუფის გამარჯვებული, ვფიქრობთ, გარკვეულია. არგენტინის ნაკრებს იაპონელების დამარცხება, წესით, არ უნდა გაუჭირდეს. "პუმიტასმა" საფრანგეთსა და სამხრეთ აფრიკას სძლია, რითაც ტურნირის ყველაზე დიდი სენსაცია გამოაცხო.

U20. მსოფლიოს ჩემპიონატი. A ჯგუფი. III ტური
საქართველო-ირლანდია
საქართველო: 15. მირიან მოდებაძე, 14. ლადო მიმინოშვილი, 13. გიორგი კოშაძე, 12. გიორგი კვესელაძე, 11. სანდრო მერკვილიშვილი, 10. დავით მოძღვრიშვილი, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. თორნიკე მატარაძე, 2. ლაშა საჯაია, 3. ლაშა ტაბიძე, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. ოთარ გიორგაძე, 6. ილია სპანდერაშვილი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ბექა გორგაძე.
16. გიორგი ხუროშვილი, 17. ლუკა გოგინავა, 18. გიორგი მელიქიძე, 19. დემურ ეფრემიძე, 20. ირაკლი ცხადაძე, 21. გელა აფრასიძე, 22. სანდრო ილურიძე, 23. რატი შანიძე.

უელსი-ახ.ზელანდია

სატურნირო მდგომარეობა
1. ირლანდია - 8 ქულა, 2. ახ.ზელანდია - 6, 3. უელსი - 6, 4. საქართველო - 1

B ჯგუფი
შოტლანდია-იტალია
ინგლისი-ავსტრალია

სატურნირო მდგომარეობა
1. ინგლისი - 10 ქულა, 2. ავსტრალია - 6, 3. შოტლანდია - 4, 4. იტალია - 0

C ჯგუფი
არგენტინა-იაპონია
სამ.აფრიკა-საფრანგეთი

სატურნირო მდგომარეობა
1. არგენტინა - 8 ქულა, 2. სამ.აფრიკა - 6, 3. საფრანგეთი - 5, 4. იაპონია - 0

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ბიჭებო მაგრები ხართ, აბა თქვენ იცით არ შევრცხვეთ, ღირსეულად მხოლოდ თავდადება გამოგვიყვანს მდგომარეობიდან. წაგებაც მისაღებია ვაჟკაცური ბრძოლის შემდეგ.
gizog
16:02 15-06-2016
0
ჩვენ ისტორია უკვე დავწერეთ როცა მონაწილეობა მივიგეთ ამ ტურნირში და უელსს ასე კარგად ვეთამაშეთ. დანარჩენი უკვე სასწაულების კატეგორიაშია. ასე რომ ჯობია რეალისტურად მიუდგეთ ამ საკითხს და ყველაფერი კარგად იქნება.
vato
14:31 15-06-2016
0

სიახლეები პოპულარული