დავამტკიცეთ, რომ წინ მივდივართ - გამოხმაურება "უმცროსი ბორჯღალოსნების" წარმატებაზე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ინგლისში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე პლეი ოფში იტალიის ნაკრები 18:17 დაამარცხა და ახლა მე-9 ადგილისთვის იბრძოლებს.

"უმცროსი ბორჯღალოსნების" ეს გამარჯვება ისტორიულია, რადგან ჩვენი გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად თამაშობდა და პირველად მოიგო. მომავალ წელს მსოფლიოს ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს. რა შედეგიც უნდა ეჩვენებინა ჩვენს გუნდს ინგლისში, 2017 წელს, როგორც მასპინძელი, მაინც ვითამაშებდით. ეს გამარჯვება კი სწორედ იმითაა მნიშვნელოვანი, რომ მომდევნო მსოფლიოს ჩემპიონატზე მასპინძლის სტატუსის კი არა, დამსახურების გამო ვიასპარეზებთ.

U20. საქართველო-იტალია 18:17 - აქ შემთხვევით არ შემოგვივლია [VIDEO+PHOTO]

შეგახსენებთ, რომ ბოლო
ადგილზე გასული (ეს ან იტალია იქნება, ან იაპონია) ადგილს დაუთმობს წლეულს ალაფაზე გამარჯვებულ სამოას ნაკრებს.

"მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ბიჭებს და მივულოცო ეს გამარჯვება მთელ საქართველოს, რადგან ეს არის ისტორიული გამარჯვება!

კარგად მოვემზადეთ, ბევრი ვიშრომეთ და ვეცადეთ, შეცდომები გამოგვესწორებინა, რომლებიც წინა მატჩებში დავუშვით. ბიჭები დაცვაში შეუდარებელნი იყვნენ. ბედნიერი ვარ, რომ ქართული რაგბის ასეთი გუნდი გვყავს, ვინაიდან მატჩიდან მატჩამდე ვიზრდებოდით და ვუმატებდით. იტალია კარგი, დაბალანსებული გუნდია, მაგრამ ჩვენ დაცვაში იმდენად კარგები ვიყავით, რომ შეტევაში უკეთესად გადავდიოდით", - თქვა ნამატჩევს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა ილია მაისურაძემ.

მსოფლიოს ჩემპიონატზე უკვე განვლილი გზა "უმცროსი ბორჯღალოსნების" კაპიტანმა ვასილ ლობჟანიძემ შეაფასა:

"პირველი თამაში ახალ ზელანდიასთან მოგვიწია. გამოუცდელები ვიყავით, პრაქტიკულად,  ბურთი არ გვქონდა და შედეგიც სახეზეა. მერე იყო უელსი, სადაც თავდაჯერებულობა მოგვემატა და კარგად ვითამაშეთ. ირლანდიასთან დაცვა უკვე ძალიან კარგი იყო და შეტევა გაუმჯობესებული.

ახლა ვეთამაშეთ იტალიას,  რომლისთვისაც აუცილებლად უნდა მოგვეგო დაგროვილი გამოცდილების ფონზე. ყველაფერი ისე წავიდა, როგორც ჩვენ გვინდოდა - შერკინებაში დავჯაბნეთ, რამდენჯერაც ხაზში გავშალეთ ბურთი, იმდენჯერ ვაჯობეთ მოწინააღმდეგეს. იყო პატარა დეტალები, რომლებიც წინა თამაშებთან შედარებით გამოვასწორეთ და გამარჯვებაც მოვიპოვეთ.

წლეულს პირველად ვთამაშობთ მსოფლიოს ჩემპიონატზე. გვინდოდა, რომ მომავალ გუნდს დამსახურებულად ეთამაშა 12 საუკეთესო გუნდში და არა მხოლოდ მასპინძლის სტატუსით. კარგია, რომ ეს მოვახერხეთ. ძალიან დიდი მადლობა ქართველ გულშემატკივარს, რომელიც მთელი კვირა გვერდში გვედგა. მათგან მოდის ძალიან დიდი ემოცია და ენერგია, რაც ძალიან გვეხმარება თამაშისას".

იტალიასთან მატჩს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე ესწრებოდა:

"თამაშის ხარისხი იყო საკმაოდ კარგი. უდავოა, ჩვენს გუნდს გაცილებით მეტის პოტენციალი აქვს. საჭიროა ვიმუშაოთ სტატიკურ მდგომარეობაზე, კონკრეტულად დერეფანზე. გასაგებია, რომ ამას დიდი დრო სჭირდება და ერთი შეკრებით ან ერთ წელიწადში სიტუაცია ვერ გამოსწორდება.

ამ გამარჯვებისკენ დიდი ხნის განმავლობაში მივდიოდით, თუმცა, მერწმუნეთ, თუნდაც ახლო პერსპექტივისთვის, ეს სულაც არაა ჩვენი მაქსიმუმი... ფრაგმენტებში ბიჭებმა ისე ითამაშეს, როგორც ელიტურ გუნდს შეეფერება.

გაისად მსოფლიოს ჩემპიონატს საქართველო მასპინძლობს და ბიჭებს უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრებათ. წელს მათ მოხსნილი ჰქონდათ წნეხი, არ იყო მოთხოვნა - მაინცდამაინც რომელიმე თამაშის მოგება. გასაგებია, რომ ისინი მოედანზე ყველა თამაშში მოსაგებად გადიოდნენ, თუმცა გავარდნის საფრთხე არ გვემუქრებოდა და ეს ლაღად თამაშის საშუალებას გვაძლევდა. თუ ასეთი მუხტი შენარჩუნდება, მწამს, შედეგი გაისად უკეთესი იქნება. ამ ბიჭების 40% მომავალ მსოფლიოს ჩემპიონატზეც ითამაშებს, რაც დიდი პლუსია".

"უმცროს ბორჯღალოსნებს" ბოლომდე ქომაგობდა საქართველოს რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე:

"ამ გამარჯვებისკენ ქართული რაგბი ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა და საერთოდ, ყველა წარმატებისკენ ქართული რაგბი მიზანმიმართული ნაბიჯებით მიდის. ამ ყველაფრის ერთ-ერთი საიდუმლოა სწორი ხედვა, დაგეგმვა და მიზნისკენ სიარული იმ შესაძლებლობების გამოყენებით, რასაც იძლევა რეალობა.

ცალკე მინდა გამოვყო ეს ნაკრები. ვფიქრობ, რომ სწორად და კარგად დაიგეგმა მოსამზადებელი პერიოდი, ყველა ეტაპი გააზრებული იყო, ბიჭებმა გაიარეს უმაღლესი დონის ფიზმომზადება. ისიც კარგად გათვალეს, რომ გუნდს მსოფლიოს ჩემპიონატამდე არ ეთამაშა ეგრეთ წოდებული გასახურებელი თამაშები და ტურნირის მსვლელობის პროცესში მიეღწია პიკისთვის, რაც მოხდა კიდეც.

ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში იყო იტალიასთან და მას გუნდი საუკეთესოდ შეხვდა, თუმცა მანამდე უელსიც გადაგვირჩა და ირლანდიასთანაც ღირსეული თამაში ჩავატარეთ.

ვიზიარებ ვასილ ლობჟანიძის პოზიციას. ჩვენი ნაკრების ამოცანა არასდროს ყოფილა მხოლოდ მონაწილეობა და გამოცდილების მიღება. მწვრთნელებმა მოთამაშეებს სწორედ ეს ამოცანა დაუსახეს, მათ ყველასთვის უნდა დაემტკიცებინათ, რომ გაისად ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვითამაშებთ არა მხოლოდ იმიტომ, რომ მასპინძლები ვართ, არამედ იმიტომ, რომ ეს გვეკუთვნის.

ამას უდიდესი ფსიქოლოგიური მნიშვნელობა აქვს მომავალი წლის ნაკრებისთვის. მეორე - ჩვენ უნდა დაგვემტკიცებინა მსოფლიოს რაგბის თემისთვის, რომ ყველა მიმართულებით წინ მივდივართ, მათ შორის, ახალგაზრდული ნაკრების კუთხით და სწორად ვვითარდებით. ეს უკვე დადასტურებულია და უმაღლესი დონის სპეციალისტებისგან ვიღებთ მილოცვებს.

ამ ნაკრებმა შეასრულა თავისი მიზანი, თუმცა წინაა კიდევ ერთი თამაში საფრანგეთის ნაკრებთან. თუ ჩვენ შევძელით ძალების აღდგენა და ვფიქრობ, სამწვრთნელო შტაბი ამას შეძლებს, წინ გველის დაძაბული შეხვედრა. ახლა ჩვენი მიზანია, რომ დავიმკვიდროთ ადგილი ელიტაში და მოვხსნათ ყოველგვარი კითხვა ამასთან დაკავშირებით, მერე კი, გუნდმა ნელ-ნელა უნდა იაროს მწვერვალებისკენ.

დარწმუნებული ვარ, ამ ნაკრებიდან 6-7 მოთამაშე იაპონიაში გასამართი მსოფლიოს თასისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში აუცილებლად მოხვდება და შესაძლოა, მათი რიცხვი ბევრად დიდიც იყოს".

შეგახსენებთ, რომ 25 ივნისს საქართველოს ნაკრები მე-9 ადგილისთვის მატჩში საფრანგეთის გუნდს დაუპირისპირდება.

U20. მსოფლიოს ჩემპიონატი
25 ივნისი
XI ადგილისთვის
იტალია-იაპონია

IX ადგილისთვის
საქართველო-საფრანგეთი

VII ადგილისთვის
უელსი-შოტლანდია

V ადგილისთვის
ახ.ზელანდია-ავსტრალია

III ადგილისთვის
არგენტინა-სამ.აფრიკა

ფინალი
ირლანდია-ინგლისი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
აი კიდევ ერთი დიდი განსხვავება ქართულ რაგბსა და ფეხბურთს შორის.
მორაგბეებს მოგების შემდეგ რომ მთელმა ქვეყანამ ხოტბა შეასხას, დამსახურებულად თუ დაუმსახურებლად, თავში არ აუვარდებათდა განაგრძობენ ჩვეულებრივ ვარჯიშს, თამაშს და პროგრესს. ხოლო ფეხბურთელები ერთი პატარა შექების შემდეგ ბარჯიშებზე დაგვიანებას იწყებენ, ესა და გოლი გავიტანეო. )))
რაგბი ჩვენი თამაშია.
zadigi
22:52 22-06-2016
0
მატარაძე ,გიორგაძე. ცუცქირიძეც კარგია. საჯაიაც 2 ნომერი.გახსნილ თამაშში საკმაოდ სწრაფია
giorgi
16:25 22-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული