09:46 21-06-2016
U20. საქართველო-იტალია 18:17 - აქ შემთხვევით არ შემოგვივლია [VIDEO+PHOTO]
AutoSharing Option
ცხადია, ხარვეზი, ისევე, როგორც ყველა გუნდის თამაშში, ჩვენი ბიჭების გარჯაშიც იყო, მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია, ის იქვე, თითქმის პირდაპირ მოედანზე, ჩვენ თვალწინვე სწორდებოდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ტაიმი ითამაშეს.
შეხვედრის პირველი წუთები ჩვენი გუნდისთვის სასურველი სცენარით არ განვითარდა. იტალიელებმა თავიდანვე სახიფათოდ შემოგვიტიეს, თუმცა, დაცვაში ჩვენმა მორაგბეებმა შესანიშნავად ითამაშეს და ხიფათი გააუვნებელყვეს.
პირველ ტაიმში ყველაზე ცუდი დერეფანში თამაში იყო. ეს კომპონენტი ვერაფრით დალაგდა და ზედიზედ წაგებული სამი აუტის შედეგად იტალია გვიტევდა, იმის ნაცვლად, რომ იქით შეგვეწუხებინა.
ჩვენი გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ეს ყოველივე მათზე ფსიქოლოგიურად არ მოქმედებდა. "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მეტოქის 22-მეტრიან ზონაში პირველად მე-16 წუთზე შეაღწიეს და შედეგიანადაც. საჯარიმო აუტში გადავიტანეთ. მეტოქის ლელოდან ხუთ მეტრში დერეფანი მოვიგეთ, მოლი შევკარით, მძლავრი მიწოლით მეტოქეს უკან დავახევინეთ და თორნიკე მატარაძემ ჩათვლის მოედანში შეაღწია. დავით მოძღვრიშვილს გარდასახვა გაუცუდდა - 5:0.
მალე ჩვენმა მორაგბეებმა შესანიშნავი იერიში განახორციელეს. მატარაძემ ისევ დაამიწა ბურთი ლელოში, თუმცა არბიტრმა წესის დარღვევა დააფიქსირა და, ცხადია, ლელო არ ჩაგვითვალა.
30-ე წუთზე იტალიელებმა ლელო იმავე მეთოდით გაგვიტანეს, რომლითაც ჩვენ დავამწუხრეთ. ამასთან ერთად, მათმა დამრტყმელმა გარდასახვაც გამოიყენა - 7:5. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.
შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრები მთლიანად დაეუფლა უპირატესობას. გუნდი უფრო ლაღად ათამაშდა, დერეფანში თამაშიც გამოსწორდა, შერკინებაში მეტოქეს ისევ საგრძნობლად ვჩაგრავდით და შედეგმაც არ დააყოვნა.
55-ე წუთზე, ერთ-ერთი იერიშისას, იტალიელები საკუთარი ლელოს მისადგომებთან დაჯარიმდნენ. ჩვენმა კაპიტანმა ვასილ ლობჟანიძემ შერკინება მოითხოვა. სამი მცდელობის შემდეგ მესამეხაზელმა ბექა გორგაძემ ბურთი აიტაცა და ლელოში გადადო. ლობჟანიძემ გარდასახვა ვერ გაიტანა - 10:7.
მალე მგეზავ დავით მოძღვრიშვილის ნაცვლად თამაშში გელა აფრასიძე ჩაერთო. 63-ე წუთზე მან საჯარიმოდან სცადა კარის დალაშქვრა, მაგრამ ვერ გაიტანა. იტალიელებმა 22-მეტრიანი ზონიდან თავისუფალი დარტყმით განაახლეს თამაში. ბურთს ჩვენი მორაგბეები ზედ ცენტრის ხაზთან დაეუფლნენ და აფრასიძის მიერ წამოწყებული კომბინაცია შედევრი გამოვიდა.
იერიში გორგაძემ განაგრძო, მეტოქის ხაზი გაჭრა და 15 მეტრი ირბინა. მერე ბურთი ისევ აფრასიძეს დაუბრუნა. ამან ლობჟანიძეს გაატანა, რომელიც ასევე შესანიშნავად გაისარჯა, მოწინააღმდეგეებს ხელიდან დაუსხლტა და მისი შეჩერება მხოლოდ ლელოდან ხუთ მეტრში შეძლეს. აფრასიძემ წარმოქმნილი რაკიდან ბურთი სწრაფად გამოიტანა და მარცხენა გრძელ ფრთაზე გაათამაშა. ლელო გარემარბმა ლადო მიმინოშვილმა მიითვალა. აფრასიძემ გარდასახვა ვერ გაიტანა - 15:7.
იტალიელებმა სამი ქულის გაქვითვა საჯარიმოდან მალევე შეძლეს, თუმცა 70-ე წუთზე აფრასიძემ ასევე საჯარიმოდან მაინც შეძლო ბურთის ძელებს შორის გატარება და რვაქულიანი უპირატესობის აღდგენა. იტალიელებმა ხელი ბოლო წუთებზე გამოიღეს. თამაშის დრო უკვე გასული იყო, ლელო რომ გაიტანეს, გარდასახვაც მიაყოლეს, მაგრამ გამარჯვება საქართველოს ნაკრებს დარჩა - 18:17.
მე-9 ადგილისთვის მატჩში საქართველოს ნაკრების მეტოქე 25 ივნისს საფრანგეთის ნაკრები იქნება, რომელმაც იაპონიას 41:27 მოუგო. ფინალში კი მასპინძელი ინგლისი ირლანდიის გუნდს დაუპირისპირდება.
U20. მსოფლიოს ჩემპიონატი. პლეი ოფი. IX ადგილისთვის. 1/2-ფინალი
საქართველო-იტალია 18:17
საქართველო: 15. ირაკლი სვანიძე, 14. ლადო მიმინოშვილი, 13. გიორგი კოშაძე, 12. გიორგი კვესელაძე, 11. დავით მესხი, 10. დავით მოძღვრიშვილი, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. თორნიკე მატარაძე, 2. ლაშა საჯაია, 3. ლაშა ტაბიძე, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. ირაკლი ცხადაძე, 6. ილია სპანდერაშვილი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ბექა გორგაძე.
16. გიორგი ხუროშვილი, 17. უშანგი ჭეიშვილი, 18. გიორგი მელიქიძე, 19. დემურ ეფრემიძე, 20. ფუტკარაძე, 21. გელა აფრასიძე, 22. მირიან მოდებაძე, 23. სანდრო ილურიძე.
3ლ: მატარაძე, გორგაძე, მიმინოშვილი. ს: აფრასიძე
იტალია: 15. მატეო მინოზი, 14. ლორენცო მასატო, 13. მარკო ზანონი, 12. დარიო სკიაბელი, 11. ლუკა სპერანდო, 10. ლეონარდო მანტელი, 9. რიკარდო რაფაელი. 1. დანიელ რიმპელი, 2. ენჯელ მაკელარა, 3. მარკო რიჩიონი, 4. ლეონარდ კრუმოვი, 5. დავიდე ფრანიტო, 6. ლორენცო მასელი, 7. ჯოვანი პეტინელი, 8. ჯოვანი ლიკატა.
16. მარკო მანფრედი, 17. დამიანო ბორეანი, 18. ჯოშუა ზილოკი, 19. ჯორდანო ბალდინო, 20. დავიდე ცოტოლი, 21. ჩარლი ტრუსარდი, 22. რობერტო დალცილიო, 23. ანდრეა ბრონზინი
2ლ: მაკელარა, სპერანდო. 2გ,ს: მანტელი
საფრანგეთი-იაპონია 41:27
V ადგილისთვის
ახ.ზელანდია-უელსი 71:12
შოტლანდია-ავსტრალია 19:35
ნახევარფინალი
ინგლისი-სამ.აფრიკა 39:17
ირლანდია-არგენტინა 37:7
XI ადგილისთვის
25 ივნისი
იტალია-იაპონია
IX ადგილისთვის
25 ივნისი
საქართველო-საფრანგეთი
VII ადგილისთვის
25 ივნისი
უელსი-შოტლანდია
V ადგილისთვის
25 ივნისი
ახ.ზელანდია-ავსტრალია
III ადგილისთვის
25 ივნისი
არგენტინა-სამ.აფრიკა
ფინალი
25 ივნისი
ირლანდია-ინგლისი
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული
ყველაზე ძაან ხელით თამაში აკლდა ქართულ რაგბს, და აჰჰააა ამითაც გამახარეთ და გაახარეთ სრულიად საქართველო; ჩვენო ჯიგრიანო ბიჭებო გაიხარეთ!
დიდი მადლობა თავ-დადებისთვის . . .