თითქმის ათწლიანი პაუზის შემდეგ, 2007 წელს "ყოჩებმა" დუბლი კიდევ ერთხელ შეასრულეს. მერე კლუბს საკმაოდ სერიოზული პატრონი, კომპანია "ვისოლი" გამოუჩნდა. თუმცა ბოლო წლებში საპატიო
- გუნდმა ახალი სეზონისთვის მზადება უწინდელთან შედარებით გვიან, ნოემბრის ბოლოს დაიწყო. მორაგბეებს საერთო ფიზიკურ მომზადებაში ვავარჯიშებდით. ახლა ეს ეტაპი დასრულებულია და მოდანზე შევალთ. ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე საწვრთნელ მატჩსაც გავმართავთ.
- ახალი სეზონის წინ "ყოჩებში" რა ცვლილებებია?
- გუნდი რამდენიმე მორაგბემ დატოვა, თემურ სოხაძე და ომარ ბალაშვილი პირველი ლიგის გუნდ "ბათუმი XV"-ში გადავიდნენ, ირაკლი დგებუაძემ ქუთაისის "აიას" მიაშურა, ჯაბა ბრეგვაძე და გიორგი კალმახელიძე კი მომავალ სეზონში "არმიის" ღირსებას დაიცავენ.
სამაგიეროდ, ჩვენი კლუბის ჭაბუკთა A ლიგიდან დავიმატეთ რამდენიმე ძალიან კარგი, იმედის მომცემი მოთამაშე. შეგახსენბთ, რომ ამ ლიგაში "ყოჩები" შარშან პირველ ადგილზე გავიდნენ. დავიმატეთ ასევე ჯემალ ვასაძე, რომელიც აქამდე მოსკოვის "სპარტაკში" თამაშობდა.
- "ყოჩები" საქართველოს შარშანდელ ჩემპიონატში ლამის ერთადერთი გუნდი იყო, რომელსაც სერიოზული, სტაბილური სპონსორი ჰყავდა...
- "ვისოლი" ახლაც ჩვენი სპონსორია. პარალელურად მოლაპარაკება რამდენიმე კომპანიასთან მიმდინარეობს და ვნახოთ რა გამოვა.
- კლუბის ინფრასტრუქტურა რა მდგომარეობაშია, სად ვარჯიშობს გუნდი?
- კვირაში რამდენიმე დღეს დიდ დიღომში "ვისოლის" სარაგბო ბაზაზე ვვარჯიშობთ, სხვა დღეებში კი ავჭალის სარაგბო სტადიონზე ხელოვნურსაფარიან მოედანს ვქირაობთ. ასე რომ, ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად მოგვარებულია.
- "ყოჩები" მუდამ მაღალი მიზნებისთვის იბრძოდა. წლეულს, როგორც უკვე თქვით, გუნდი რამდენიმე წამყვანმა მოთამაშემ დატოვა. შესაძლებელი იქნება ტრადიციის გაგრძელება?
- "ყოჩებიდან" ის მოთამაშეები წავიდნენ, რომლებიც ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატები არიან. ამიტომ, ცხადია, ჩემპიონობისთვის ბრძოლა ძალიან გაგვიჭირდება. ჩვენი მიზანია, საპლეიოფო ოთხეულში მოვხვდეთ, მერე კი ვნახოთ. იქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
- ვინ მიგაჩნიათ ძირითად კონკურენტებად?
- რასაც ვუყურებ, ჩანს, რომ ყველა გუნდი გაძლიერდა. სათამაშო დონე გათანაბრდა. რაც შეეხება კონკრეტულად გუნდებს, "ლელომ" მოთამაშეთა ძირითადი ბირთვი შეინარჩუნა და სტაბილურად ითამაშებს. "ლოკომოტივმა" ორი გუნდი "ივერია" და შევარდენი" შეიერთა. საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა, კარგი მორაგბე დაიმატა. ამასთან ბავშვთა გუნდების დეფიციტიც შეავსო და ეს პრობლემა აღარ აქვს.
ქუთაისის "აიამ" დასავლეთ საქართველოს გუნდებიდან რამდენიმემ პერსპექტიული მოთამაშე დაიმატა. თანაც თვითონაც დაღვინდა, გაიზარდა, გამოცდილება მიიღო და, ვფიქრობ, მომავალ სეზონში ფავორიტი იქნება.
საგრძნობლად გაძლიერდა რუსთავის "ხარები". პალიკო ჯიმშელაძე და კახაბერ უჩავა საკმაოდ სერიოზული ძალაა. კარგი, ახალგაზრდული გუნდი იქნება "აკადემია". სერიოზული ამბიცია ექნება "არმიას", რომელმაც თითქმის ყველა გუნდიდან გადაიბირა კარგი მორაგბეები. რამდენადაც ვიცი, ცოტა მეტი პრობლემები აქვს "არმაზს".
ერთი სიტყვით, წინ სერიოზული ბრძოლები გველის. არადა, რადგან პარალელურად სქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი ვარ, ძირითადად მათ საწვრთნელ შეკრებებზე მიწევს მუშაობა. "ყოჩების" მზადების პროცესს კი ირაკლი გიორხელიძე ხელმძღვანელობს.
- რადგან 18-წლამდლები ახსენეთ, მათზეც გვითხარით. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ახლახან ეს გუნდი საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფებოდა საფრანგეთში...
- დიახ, ალბისთან ახლოს, პატარა ქალაქ ლე გარეკში ვიყავით და სამი საკონტროლო შეხვედრა გავმართეთ. "ალბის" 21-წლამდელთა გუნდთან ფრეს დავჯერდით, კარმოს რეგიონის 20-წლამდელთა ნაკრებს კი 50:0 მოვუგეთ, "ალბის", "ოშისა" და "ტარბის" 19-წლამდელთა ნაკრები 29:0 დავამარცხეთ.
სასარგებლო თამაშები იყო. ბევრი ხარვეზი დავინახეთ. მიუხდავად იმისა, რომ დიდი ანგარიშით დავამარცხეთ მეტოქეები, ბევრი რამით მაინც უკმაყოფილო ვარ. არ მომეწონა ჩვენი უკანა ხაზის თამაში, ხელდახელ ბურთაობა ჩვენი რაგბის აქილევსის ქუსლია. მოთამაშეები კლუბებიდან დაბალი ტექნიკური არსენალით მოდიან. პრობლემები გვქონდა დერეფანში თამაშის დროსაც.
კეთილი სიტყვებით მინდა მოვიხსენიო საქართველოს ნაკრების ყოფილი კონსულტანტი ანრი ბრონკანი, რომელიც ამჟამად "ალბის" მთავარი მწვრთნელია. მისგან ყურადღება არ მოგვკლებია და ყველანაირად ცდილობდა დაგვხმარებოდა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ შეკრებაზე დავიმატეთ საფრანგეთში მცხოვრები ორი ქართველი მორაგბე, გიორგი სორდია და თამაზ ოლქიაშვილი. მათ თავი კარგად წარმოაჩინეს და მომდევნო შეკრებზეც მოვიწვევთ, რომელსაც საფრანგეთში ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მოვაწყობთ.
ევროპის ჩემპინატი კი საფრანგეთში, ქალაქ ტარბში გაიმართება და ჩვენი პირველი მეტოქე 16 აპრილს რუსეთის ნაკრები იქნება.
.