მოვიკოჭლებთ თანამედროვე რაგბის თამაშში

AutoSharing Option


ყველაზე წარმატებული სეზონი თბილისის "ვისოლი\ყოჩებს" 2007 წელს ჰქონდა, როცა საქართველოს ჩემპიონატიც მოიგო და თასიც. მართალია, მას შემდეგ გუნდი მუდმივად პრიზიორებს შორისაა, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობა და თვითონ მორაგბეებიც ამას წარმატებად არ მიიჩნევენ. ალბათ, სწორედ ამიტომ იყო, წლევანდელი სეზონის წინ "ვისოლი\ყოჩების" მწვრთნელთა შტაბში ცვლილება რომ განხორციელდა. დუბლის გამხერხებელი, მაგრამ ახალგაზრდა ნიკოლოზ ჭავჭავაძე, გამოცდილმა და ბევრის მნახველმა ლევან მგელაძემ შეცვალა.
საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრის შემდეგ "ვისოლი\ყოჩები" მეორე ადგილზე დამკვიდრდა. თასის გათამაშებას კი მეთხედფინალიდან გამოეთიშა. ბევრად უკეთესი შედეგი აჩვენა გუნდმა საქართველოს შვიდკაცა რაგბის ჩემპიონატში:

"ვისოლი\ყოჩებმა" პირველი ეტაპი მოიგეს, მეორეში კი მესამე ადგილი დაიკავეს. სეზონის პირველ ნახევრში გუნდის თამაშის შეფასება ლევან მგელაძეს ვთხოვეთ...

- საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრე "ვისოლი\ყოჩებმა" მეორე ადგილით დაასრულა. შედეგი ცუდი არ არის, მგრამ თამაშის ხარისხით თუ ხართ კმაყოფილი?
- პირველ წრეში გუნდმა არასტაბილურად ითამაშა. იყო ძალიან კარგი მატჩები, მაგრამ გვქონდა ჩავარდნებიც. ამის მიზეზი, ალბათ, ის არის, რომ არ გვყავს მაღალი დონის შემსრულებლები. არის რამდენიმე ასე თუ ისე კარგი მორაგბე, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. მათ ხან გამოსდით თამაში, ხან - არა.
მიუხედავად ამისა, სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე ვართ და ეს ცუდი არ არის, თუმცა თამაშის ხარისხით, ცხადია, უკმაყოფილო ვარ. თანამედროვე რაგბის თამაშში მოვიკოჭლებთ. ხელდახელ ვერ ვთამაშობთ. მატჩები იმის გამოა დაძაბული, რომ უმაღლეს ლიგაში თანაბარი ძალის გუნდებია, თამაში ქულა-ქულაში მიდის და არა იმიტომ, რომ გუნდები საინტერესო, მრავალფეროვან რაგბის თამაშობენ. ამ მიმართულებით აბსოლუტურად ყველა გუნდს ბევრი სამუშაო აქვს.

- პირველ წრეში "ვისოლი\ყოჩებმა" უშუალო კონკურენტების, "ლელოსა" და "ლოკომოტივის" დამარცხება შეძლო, მაგრამ დამარცხდა ჩემპიონატის ლიდერ ქუთაისის "აიასთან" და აუტსაიდერ რუსთავის "ხარებთან". რით შეიძლება აიხსნას ასეთი კონტრასტი?
- როგორც უკვე ვთქვი, გუნდის არასტაბილური თამაშით. აუტსაიდერ რუსთავის "ხარებთან" წაგებას ობიექტური მიზეზებიც ჰქონდა. ამ მატჩამდე თბილისის "არმაზთან" საკმაოდ ძნელი თამაში გვქონდა. მართალია, შეხვედრა მოვიგეთ, მაგრამ არბიტრმა ორი მორაგბე გაგვიძევა და თამაში 13 კაცით დავამთავრეთ. "ხარებთან" სწორედ ეს მორაგბეები დაგვაკლდნენ. ისინი  წამყვანი მოთამაშეები არიან.
მერე ჩვენი რამდენიმე მორაგბე შვიდკაცა რაგბის ნაკრებთან ერთად გასამგზავრებლად ემზადებოდა, ბილეთებსა თუ ვიზებზე დარბოდნენ და თამაშზე კონცენტრირება ვეღარ შეძლეს. შემდეგი თამაში უკვე "ლოკომოტივთან" გვქონდა. ამჯერად კი ყველა მობილიზებული, ერთ მუშტად შეკრული იყო და მოვიგეთ. სხვათა შორის, ერთი ხანობა ამ მატჩშიც 13 კაცით ვთამაშობდით.

- "არმაზთან" ორი მორაგბე გააძევეს, "ლოკომოტივთან" ორი გაასინბინეს...  დისციპლინით "ვისოლი\ყოჩები"  არც სხვა თამაშებში გამოირჩეოდნენ...
- დისციპლინა "ვისოლი\ყოჩების" აქილევსის ქუსლია. ეს პრობლემა ამ გუნდში დიდი ხანია, დგას. შარშანაც ჰქონდათ საკმაოდ ხმაურიანი ინციდენტები. ვცდილობ, მდგომარეობა გამოვასწორო. უწინარესად, პირადი მაგალითი უნდა ვუჩვენო მორაგბეებს. "ლელოსთან" მატჩში მსაჯთან კამათის გამო სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დამსაჯეს. მეორე წრეში, გარწმუნებთ, ყველაფერს კარდინალურად შევცვლით.

- საქართველოს თასის გათამაშებაში გუნდმა მხოლოდ მეოთხედფინალს უწია...
- თასზე ასპარეზობით ძალიან გაწბილებული ვარ. მეოთხედფინალში "აიასთან" სტუმრად დავმარცხდით. კლუბის ხელმძღვანელობა მატჩს სერიოზულად მოეკიდა. ქუთაისში თამაშამდე ერთი დღით ადრე ჩავედით, მაგრამ, მორაგბეების არასერიოზული მიდგომის გამო დავმარცხდით.
სამწუხარო მარტო ის კი არ იყო, რომ დავმარცხდით, არამედ ისიც რომ "ლელოსთან" და "ლოკომოტივთან" თამაშის საშუალება არ მოგვეცა. ასე რომ მომხდარიყო, კიდევ უფრო ახლოს გავიცნობდით მათ თამაშს, რასაც შემდეგ ჩემპიონატში გამოვიყენებდით.

- საქართველოს შვიდკაცა რაგბის ჩემპიონატში "ვისოლი\ყოჩებმა" ფინალურ სტადიაზე საუკეთესო მაჩვენებლით გააღწია...
- შვიდკაცათი ძალიან კმაყოფილი ვარ. პირველი ეტაპზე რამდენიმე წამყვანი მოთამაშე გვაკლდა. ისინი საქართველოს A ნაკრებთან ერთად სამხრეთ აფრიკაში იმყოფებოდნენ შეკრებაზე. მიუხედავად ამისა, გუნდმა ბრწყინვალედ ითამაშა და პირველი ადგილი დაიკავა. მეორე ეტაპზე კი, ფაქტობრივად, ჭაბუკთა A ლიგის მორაგბეებით დაკომპლექტებული გუნდი გამოვიყვანეთ. გვინდოდა, საქმეში გვენახა ისინი. დავრწმუნდით, რომ ძალიან კარგი, მებრძოლი სულის ახალი თაობა გვეზრდება. ბიჭებმა რამდენიმე თითქმის წაგებული შეხვედრა შემოატრიალეს და საბოლოოდ მესამე ადგილზე გავიდნენ.
ვეცდებით, ბოლო, ფინალურ სტადიაზე ოპტიმალური შემადგენლობით ვითამაშოთ და შარშან მოპოვებული ჩემპიონის ტიტული შევინარჩუნოთ.

- პირველი წრის შემდეგ ვინ დატოვა გუნდი და რამდენად აქტიური იქნება სატრანსფერო ციებ-ცხელებისას "ვისოლი\ყოჩები"?
- გუნდი ამჟამად შვებულებაშია. 2 აგვისტოს შევიკრიბებით და წამსვლელ-მომსვლელთა ვიანობაც მაშინ გაცხადდება. წინასწარი მონაცმებით, გუნდს, ალბათ, არავინ დატოვებს. გვინდა, რამდენიმე ახალი მორაგბე დავიმატოთ, მაგრამ ძალიან გაგვიჭირდება. მოთამაშეებს თავიანთ კლუბებთან კონტრაქტი აკავშირებთ და ვინმეს შეძენა ჩევნთვის შეუძლებელი იქნება. ასე რომ, მეორე წრეში ისევ ძველი შემადგენლობით ვითამაშებთ.


 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული