თასი რეპეტიცია იყო, წარმოდგენა ახლა იწყება

AutoSharing Option
დღეს საქართველოს ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრები გაიმართება. საინტერესოა, რომ ერთი კვირის წინ, თასის გათამაშების მეოთხედფინალური წყვილების დაპირისპირება ჩემპიონატის პირველ ტურშიც განმეორდება. ისე გამოდის, რომ, ფაქტობრივად, გუნდები მეოთხედფინალის განმეორებით შეხვედრებს გამართავენ.

თასის გათამაშებაში განსაკუთრებული ინტერესი ქვეყნის ჩემპიონის "ლოკომოტივისა" და დებიუტანტ "არმიას" დაპირისპირებამ გამოიწვია. შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა და არმიელთა გამარჯვებით დასრულდა 11:9. ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი, ცხადია, ამჯერად რევანშის აღებას შეეცდება.

რკინიგზელებმა წლევანდელი ჩემპიონატის წინ რამდენიმე მოთამაშე დაიმატეს. გუნდში უცხოეთიდან
დაბრუნდა შუამარბი ლუკა ხაჩირაშვილი. თითქმის სრულად შეინარჩუნეს შერკინება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და მობილურია. "ლოკომოტივმა" რამდენიმე ახალგაზრდა მოთამაშე შარშან პირველ ლიგაში მოასპარეზე "ივერიადან" დაიმატა გიორგი ვეფხვაძე, ნიკოლოზ კაზალიკაშვილი, ირაკლი სვანიძე და ხვიჩა ბუჯიაშვილი.

"ლოკომოტივის" მთავარი დამრტყმელი ძალა ვეტერანები ბობა კვინხიძე, დავით გასვიანი და ზვიად მაისურაძე არიან. ამ უკანასკნელმა საქართევლოს A ნაკრების მიერ ინგლისში გამართულ ტურნეში შესანიშნავად იასპარეზა, მაგრამ თბილისში ტრავმირებული დაბრუნდა და რკინიგზელებს ერთი თვე ვერ დაეხმარება. მაისურაძის არყოფნა, ცხადია, "ლოკომოტივისთვის" დიდი დანაკლისია.

საკმაოდ სერიოზული, ძლიერი გუნდი გამოდგა "არმია". ამ გუნდის რიგებში საქართველოს ნაკრების სამი მორაგბე თამაშობს, ბიძინა სამხარაძე და ირაკლი ნატრიაშვილი საქართველოში რუმინეთის "ფარულიდან" დაბრუნდნენ, ჯაბა ბრეგვაძე კი "არმიაში" თბილისის "ყოჩებიდან" გადავიდა. ძალზედ მნიშვნელოვანი შენაძენია არმიელთათვის გიორგი ელიზბარაშვილი (აკადემია), მამუკა ნინიძე (ბათუმი XV), მამუკა ცხადაძე (ხარები) და გიორგი კალმახელიძე (ყოჩები).

"არმიაში" სხვა ბევრი საკმაოდ საინტერესო, ახალგაზრდა მოთამაშეცაა და, სავარაუდოდ, წლეულს, ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალა იქნება.

საქართველოს თასის ამჟამინდელი მფლობელი "ლელო" "არმაზს" ეთამაშება. ლელოელებმა სეზონის წინ სატრანსფერო პოლიტიკა, ფაქტობრივად, არ აწარმოეს. გუნდს ჭაბუკთა A ლიგიდან მხოლოდ რამდენიმე ახალგაზრდა მოთამაშე დაემატა. ტრავმები მოიშუშეს და "ლელოს" დაუბრუნდნენ გარემარბი სანდრო თოდუა და მგეზავი ლაშა ხმალაძე, რომლებიც საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატები არიან.

ამ გუნდებს თასის გათამაშებაშის მეოთხედფინალშიც ერთმანეთთან უნდა ეთამაშათ, მაგრამ "არმაზი" არ გამოცხადდა და ლელოელები ნახევარფინალში უბრძოლველად გავიდნენ.

თუ შემადგენლობას თვალს გადავავლებთ, ყველაზე უარეს მდგომარეობაში "არმაზია", თუმცა გუნდის ხელმძღვანელებმა ძირითადი ბირთვის შენარჩუნება მოახერხეს და რამდენიმე თავისივე აღზრდილი ახალი მოთამაშეც დაიმატეს. აღსანიშავია, რომ "არმაზი" ყოველთვის ბოლომდე მებრძოლი გუნდი იყო და წლეულსაც იოლად არაფერს დათმობს.

ქუთაისის "აია" ფოთში უმასპინძლებს რუსთავის "ხარებს", რომელიც ერთი კვირის წინ თასის მეოთხედფინალში, ვანში გაანადგურა - 50:0. ამ მატჩის ანგარიშიდანაც კარგად ჩანს, რომ ქუთათურები მხოლოდ მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებენ. ამ გუნდის ყველაზე მნიშვნელოვანი შენაძენი საფრანგეთიდან დაბრუნებული, საქართველოს ნაკრების შუამარბი ირაკლი გირგაძეა, რომელმაც "აიას" უკანა ხაზის თამაში საგრძნობლად გააძლიერა.

საკმაოდ სერიოზული მატება აქვს "ხარებსაც", რომელმაც შარშან, "აიასგან" განსხვავებით, საქართველოს ჩემპიონატის მეორე წრე შესანიშნავად ჩაატარა და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გუნდი იყო. რუსთაველებს წლეულს საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრები, მგეზავი პალიკო ჯიმშელაძე და მეორეხაზელი კახაბერ უჩავა დაემატნენ.

თუმცა აქვთ დანაკლისიც -"არმიაში" გადაბრაგდა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ცხადაძე. "აიასთან" მატჩში რუსთაველებს სამი ახალგაზრდა, ძალზედ პერსპექტიული მოთამაშე დააკლდებათ, ვაჟა ხუციშვილი, გიორგი ნათელაშვილი და გიორგი ბასილაია საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში, საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფებიან.

თანაბარი, უშეღავათო ბრძოლაა მოსალოდნელი "ყოჩებისა" და " აკადემიის" დაპირისპირებაში. "ყოჩებმა", რომელმაც წლეულს სამი წამყვანი მოთამაშე დაკარგა (ჯაბა ბრეგვაძე, გიორგი კალმახელიძე, თემურ სოხაძე) თასის მეოთხედფინალში "აკადემიასთან" ფრედ ითამაშა - 9:9, და ვინაიდან შარშანდელი ჩემპინატის მიხედვით რეიტინგში უკეთესი ადგილი ეკავა, ნახევარფინალის საგზური ერგო.

გუნდიდან წასულების გარდა, "ყოჩებს" ტრავმირებულებიც მრავლად ჰყავთ. სათასო მატჩში არ უთამაშიათ და ვერც ამჯერად დაეხმარებიან გუნდს ლიდერები: ბაჩანა გოგიშვილი, გიორგი ნიჟარაძე და მიხეილ არჩუაშვილი.

"აკადემიამ" სეზონის წინ, მხოლოდ გიორგი ელიზბარაშვილი დაკარგა. გუნდის მთავარი პრობლემა, ბოლო დროს, მოკლე სათადარიგო სკამი იყო, რომელიც, წესით, წლეულს უნდა აღმოიფხვრას, რადგან აკადემიელთა განაცხადში ბევრი ახალგაზრდა მორაგბეა, რომლებიც ასაკობრივი ნაკრებების წევრები არიან.

"აკადემიის" დადებითი მხარე ყოველთვის იყო ბრძოლისუნარიანობა. გუნდს საკმაოდ ძლიერი შერკინება ჰყავს, თუმცა "ყოჩებთან" სათასო მატჩში გამოჩნდა, რომ აკადემიელებს დერეფანში თამაში უჭირთ. ამ სათამაშო კომპონენტის გამოსწორების შემთხვევაში, "აკადემია" რეალურად შეძლებს მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას.


I ტური
ლოკომოტივი-არმია, ლელო-არმაზი, აია-ხარები, ყოჩები-აკადემია





.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული