დაუმარცხებელი ორია: "ლელო" და "აია"

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატში სააღდგომო დღესასწაულის გამო მცირე შესვენება იყო. საინტერესოა, გუნდებმა ორკვირიანი უქმობა რამდენად ნაყოფიერად გამოიყენეს. წესით, განვლილი ორი საკმაოდ დაძაბული ტურის შემდეგ, მორაგბეებს სული უნდა მოეთქვათ და ტრავმების მოშუშებაც მოესწროთ.

მესამე ტურში უდავოდ ცენტრალური მატჩი, ერთ-ერთი ლიდერის, ჯერაც დაუმარცხებელი თბილისის "ლელოსა" და ახალბედა "არმიას" დაპირისპირებაა. ლელოელებმა პირველ ტურში იოლად სძლიეს თბილისის "არმაზს" - 36:12. მერე კი უმძიმესი ბრძოლა გადახდა ქვეყნის ჩემპიონ "ლოკომოტივთან". ამ ორთაბრძოლაში გაარჯვებული საქართველოს თასის მფლობელები გამოვიდნენ - 27:19.

"ლელოსგან" განსხვავებით "არმიას" ორი თამაშიდან ერთი წაგება აქვს. არმოელებმა
პირველივე ტურში წააგეს "ლოკომოტივთან" - 16:26. მეორე ტურში კი რუსთავის "ხარებს" აგემეს ზედიზედ მეორე მარცხი - 23:17.

ამ გუნდების დაპირისპირება უაღრესად საინტერსო უნდა გამოდგეს. "ლელოს" ძალისა და ამბიციის შესახებ დიდი ხანია ცნობილია. ეს გუნდი, ბოლო სამ სეზონში, ზედიზედ სამჯერ დაეუფლა საქართველოს თასს, ერთხელ ჩემპიონი გახდა და ორჯერ ვიცე ჩემპიონი. "ლელოს" ცხადია, მიზანად წლეულსაც მხოლოდ მაქსიმუმის მიღწევა აქვს დასახული.

აი, რა შეუძლია და რისთვის იბრძოლებს "არმია", ვფიქრობთ, "ლელოსთან" მატჩში გამოჩნდება. პოტენციალი გუნდს საკმაოდ დიდი აქვს. არმიელთა რიგებში საქართველოს ნაკრების სამი მორაგბე, ბიძინა სამხარაძე, ირაკლი ნატრიაშვილი და ჯაბა ბრეგვაძე ირჯება. მათ გარდა ერთ-ერთი გამორჩეულია და, თამამად შეიძლება ითქვას, რომ გუნდის ლიდერია შუამარბი რატი ნუცუბიძე, რომელიც იმავდროულად, მთავარი მექულეცაა.

"ლელოს" ტრადიციულად ბასრი იარაღი სწრაფი, მოძრავი და ტექნიკური უკანახაზია. სწორედ უკანახაზელთა უპირატესი თამაშის წყალობით შეძლეს ლელოელებმა წინა ტურში რკინიგზელთა დამარცხება. "არმიას" შერკინება "ლოკომოტივისას", მართალია ჩამოუვარდება, მაგრამ მაინც საკმაოდ მძიმე და მობილურია. ამიტომ, "ლელო" არმიელთა დამარცხებას, ვფიქრობთ, ისევ უკანახაზელებით შეეცდება.

"ლელოსა" და "არმიას" დაპირისპირება დღეს "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" 16 საათზე დაიწყება.

"ლოკომოტივისა" და "ყოჩების" დაპირისპირება ყოველთვის საინტერესო, დაძაბულ ბრძოლაში მიმდინარეობდა და წინსაწარ გამარჯვებული გუნდის დასახელება, ფქატობრივად, შეუძლებელი იყო. ამჟამად "ყოჩებს" მძიმე დროება უდგას. გუნდი სეზონის წინ რამდენიმე წამყვანმა მოთამაშემ დატოვა.

ამას ხშირი ტრავმიანობაც თან დაერთო. გუნდმა ორი თამაშიდან ორივე წააგო და რაც მთავარია, მისთვის დამახასიათებელი ბოლომდე მებრძოლი სულიც სადღაც დაკარგა. შესაძლოა, ამაზე გავლენა მთავარი მწვრთნელის ლევან მგელაძის არყოფნამ იქონია, რომელიც საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელია და იმ დროისთვის საფრანგეთში ევროპის ჩემპიონატზე იმყოფებოდა.

"ლოკომოტივის" აქამდე განვლილი გზის შესახებ უკვე ვთქვით. ტრავმიანობამ რკინიგზელებსაც დაატყო ხელი. განვლილ შეხვედრებში არ უთამაშიათ და, სავარაუდოდ, დღესაც ვერ დაეხმარებიან გუნდს ლიდერები დავით გასვიანი, ზვიად მაისურაძე და ლევან გენებაშვილი. ხუთი სათამაში კვირითაა დისკვალიფიცირებული მესამეხაზელი გრიგოლ ნიშნიანიძე.

ერთი სიტყვით, მიუხედავად ასეთი სერიოზული დანაკლისისა, "ლოკომოტივის" შერკინების უპირატესობა მაინც იმდენად დიდია, რომ წესით, მეტოქის დამარცხება არ უნდა გაუჭირდეს.

გათამაშების ლიდერი ქუთაისის "აია" მალთაყვაში უმასპინძლებს თბილისის "არმაზს". ქუთათურებმა სეზონი წარმატებულად დაიწყეს. მათ რუსთავის "ხარებთან" დამაჯერებელ საშინაო გამარჯვებას, თბილისში "აკადემიასთან" მოგება მიაყოლეს.

"აია" წლეულს ბვერად უფრო სოლიდურად და ორგანიზებულად გამოიყურება. ქუთათურებს საკმაოდ მძიმე, მობილური შერკინების მოთამაშეები ჰყავთ, რომლებსაც მთელი მატჩის განმავლობაში შეუძლიათ მოწინააღმდეგის მუდმივად შევიწროვება.

მორკინალებს მხარს უკანახაზელებიც უბამენ. საქართველოს ნაკრების წევრებს, ბესიკ ხამაშურიძესა და ირაკლი ჩხიკვაძეს საფრანგეთიდან მობრუნებული შუამარბი ირაკლი გიორგაძე დაემატა, რომელმაც ამ რგოლის თამაში ბევრად ეფექტური და მოწინააღმდეგისთვის კიდევ უფრო სახიფათო გახადა.

"არმაზმა" წინა ტურში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა "ყოჩებთან". ამით არმაზელებმა გააქარწყლეს მოარული მოსაზრება, რომ თითქოს გასავარდნად განწირულები არიან. ეს გუნდი ყოველთვის გამირჩეოდა ბრძოლისუნარიანობით, თუმცა საშემსრულებლო დონე მაღალი არასდროს ჰქონია. "არმაზს" წლეულს საკმაოდ ბევრი პრობლემები აქვს დაცვაში თამაშისას. ორ მატჩში არმაზელებმა რვა ლელო მიიღეს, საშუალოდ თამაშში ოთხი ლელო. ეს საკმაოდ უარყოფითი მაჩვენებელია.

შარშანდელ ჩემპიონატში "აიას" არმაზელებთან თამაში უჭირდა, რაც უწინარესად მეტოქის არასათანადოდ შეფასებას უნდა დავაბრალოთ. თუ ქუთათურები ამჟამად საქმეს მეტი სერიოზულობით მოეკიდებიან, წესით, სტუმრებს დიდი ანგარიშით უნდა მოუგონ.

ურთულესი გამოცდის ჩაბარება მოუწევს რუსთავში, "ხარებთან" მატჩში თბილისის "აკადემიას". რუსთაველებმა, რომლებმაც შარშანდელი ჩემპიონატის მეორე წრეში შესანიშნავად იასპარეზეს, წლევანდელი პირველობის სტარტზე ორივე თამაში წააგეს და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე არიან.

"ხარები" სეზონის დაწყების წინ ორი მორაგბით გაძლიერდა. პალიკო ჯიმშელაძე და კახაბერ უჩავა საქართველოს ჩემპიონატში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მოთამაშეები არინ, მაგრამ როგორც ჩანს, მათი გუნდის სხვა წევრებთან შეთამაშება ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა.

"აკადემია" კი პირიქით - ეს გუნდი წლეულს უკეთ გამოიყურება. მათი თამაში უფრო ორგანიზებული გახდა. აკადემიელები არც ბრძოლისუნარიანობის არქონას უჩივიან, თუმცა ფიზიკური კონდიციები ნამდვილად გასაუმჯობესებელი აქვთ.

რუსთავში ძალიან მწვავე ბრძოლა იქნება. ამ წყვილში გამარჯვებულის წინსაწარ გამოცნობა შეუძლებელია.

სატურნირირო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
1.აია 2 2 0 0 +53 4
2.ლელო 2 2 0 0 +32 4
3.ლოკომოტივი 2 1 0 0 +2 2
4.არმია 2 1 0 0 -4 2
5.არმაზი 2 1 0 0 -8 2
6.აკადემია 2 1 0 1 -14 2
7.ყოჩები 2 0 0 2 -20 0
8.ხარები 2 0 0 2 -41 0



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული