ხერხითაც აჯობა და ღონეშიც არაფერი დაუთმო

AutoSharing Option
ლოკომოტივი-აია 18:21
ლოკომოტივი (15-9) კობერიძე, ქავთარაძე, სუთიაშვილი, ხაჩირაშვილი (ბერძენიშვილი 58), კავთიძე (ჟამუტაშვილი 52), კვინიხიძე, ღვინჯილია. (1-8) ელოშვილი, ზარიძე, ვეფხვაძე, ოზგებაშვილი, გუჯარაიძე, ბერიშვილი, ჩიტიძე, მაისურაძე.
6ს: კვინიხიძე
აია (15-9) ხამაშურიძე, აბრამიძე, ი.ჩხიკვაძე, ი.გიორგაძე (გოგლიჩიძე 75), გოშაძე, სინაურიძე, გოგია (შარვაშიძე 48). (1-8) ლომაძე, გურეშიძე, ტ.ჩხიკვაძე (მატკავა 68), მეტრეველი (ცირეკიძე 66), ჩიტეიშვილი, რევიშვილი, შალამბერიძე, დგებუაძე (ძაგნიძე 25, ჟვანია 72).
7ს: სინაურიძე
სინბინი: გოგია.
მსაჯი: გ.ამირხანაშვილი

საქართველოს ჩემპიონატის მეოთხე ტურის ცენტრალური შეხვედრა "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" გაიმართა, რომელშიც ქვეყნის ჩემპიონმა თბილისის "ლოკომოტივმა" წლევანდელი გათამაშების ლიდერ
ქუთაისის "აიას" უმასპინძლა. როგორც მოსალოდნელი იყო, თამაში უშეღავათო, უკიდურესად დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა. უფრო უკეთ ქუთათურები გაისარჯნენ და მრისხანე მეტოქე 21:18 დაამარცხეს.

"აიამ" სერიოზული გამოცდა ჩააბარა. წინა სამ ტურში ქუთაისურმა გუნდმა სამივე შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო, თუმცა მეტოქეები სატურნირო ცხრილის მეორე ნახევრის ბინადრები იყვნენ. რამდენად დიდია ქუთათურთა პოტენციალი ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონ "ლკომოტივთან" თამაშს უნდა ეჩვენებინა.

მატჩი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საკმაოდ დაძაბული გამოდგა, იმდენად, რომ გუნდებმა საკუთარი სათამაშო არსენალის სრულად გამვლენა ვერაფრით შეძლეს. შეხვედრას ორივე გუნდისთვის იმდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რომ მორაგბეები ჯარიმის ზღვარზე ირჯებოდნენ, ხშირი იყო შეცდომები, ბურთის წინ გავარდნა, წინ პასი და თამაშგარედან ბურთისთვის ბრძოლაში ჩართვა.

"ლოკომოტივი" თავისი მძიმე და მობილური შერკინებითაა ცნობილი. ხშირად, სწორედ მორკინალების კარგ გარჯაზეა დამოკიდენული რკინიგზელთა გუნდის წარმატება. თუ მათ მეტოქე დაჯაბნეს, "ლოკომოტვის" შეჩერება შეუძლებელია. "აიამ", ცხადია, ეს კარგად უწყოდა და პირველი რაშიც მეტოქეს არ ჩამორჩა შერკინების თამაში იყო.

ორივე გუნდი, შეიძლება ითქვას, რომ დასაწყისიდანვე ზედმეტად ფრთხილობდა და თამაშის გამწვავებას ერიდებოდა. მასპინძლებიც და სტუმრებიც, როგორც უკვე აღვნიშეთ, თამაშის წესსაც ხშრად არღვევდნენ და, შედეგად, "ლოკომოტივის" მგეზავმა ბობა კვინიხიძემ მეტოქის კარში რვა საჯარიმო დაარტყა და ექვსი გაიტანა. მისმა ქუთაისელმა ვიზავიმ, გაგა სინაურძემ კი ცხრაჯერ დაარტყა მასპინძელთა კარში და შვიდი გაიტანა.

შეხვედრა "ლოკომოტივის" შეტევით დაიწყო და კვინიხიძემ პირველივე წუთზე სცადა მოწიააღმდეგის კარის დალაშქვრა. არ გამოუვიდა, თუმცა ორიოდ წუთში რკინიგზელებმა საჯარიმოს დარტყმის უფლება მოიპოვეს და ბობამ ნაგრიში გახსნა - 3:0. ექვსი წუთის შემდეგ კი მან კიდევ ერთხელ დაარტყა საკმაოდ ხელსაყრელი პოზიციიდან და ბურთი კარის ძელს გაარტყა.

"აიამ" საწყის ათ წუთში არეული თამაში ნელ-ნელა დაალაგა და შეტევის პირველივე მცდელობაზე მეტოქეს შეცდომა დააშვებინა. სინაურიძემ საჯარიმო 22 მეტრიდან გაიტანა - 3:3. ტაიმის ბოლომდე თამაში ასე ქულა ქულაში მიდიდოდა. "აიამ" პირველად დაწინაურება 30-ე წუთზე მოახერხა, როცა სინაურიძემ მესამე საჯარიმო გაიტანა და ანგარიში 9:6 გახდა, თუმცა "ლოკომოტივმა" სამ წუთში საჯარიმოთივე გაათანაბრა - 9:9.

პარადოქსია, მაგრამ "აიამ", როგორც მოგვიანებით გაირკვა, გადამწყვეტი უპირატესობა მაშინ მოიპოვა, როცა კაცნაკლული დარჩა. პირველი ტაიმის მიწურულს მატჩის არბიტრმა ქუთაისელთა ცხრა ნომერი ლევან გოგია რაკში ბინძური თამაშისთვის გაასინბინა. ორ წუთში სინაურიძემ კიდევ ერთი საჯარიმო გაიტანა და პირველი ნახევარიც დასრულდა - 15:12 "აიას" სასარგებლოდ.

შესვნების შემდეგ "ქუთათურებს" კიდევ რვა წუთის განმავლობაში მოუწიათ უმცირესობაში თამაშმა. თუმცა მეორე ტაიმის მე-2 წუთზე "აიამ" კიდევ ერთი საჯარიმო დარტყმის უფლება გამოიმუშავა, რაც სინაურიძემ ისევ გამოიყენა - 18:12.

"ლოკომოტივი", ცხადია, დანებებას არ აპირებდა და 68-ე წუთისთვის ანგარიშის გათანაბრება შეძლო. კვინიხიძემ ორი საჯარიმო გაიტანა - 18:18. დარჩენილ დროში რკინიგზელთა შერკინებამ იძალა. სტუმართა მოღლილმა მორკინალებმა საკუთარი შერკინება ოთხჯერ წააგეს, თუმცა მასპინძლებმა ეს უპირატესობა ვერ გამოიყენეს.

71-ე წუთზე სტუმერთა მგეზავმა კიდევ ერთხელ დაარტყა საჯარიმოდან ზუსტად და "აია" 21:18 დააწინაურა. "ლოკომოტივმა" ლელოს გატანა სცადა. მორიგი საჯარიმო რკინიგზელებმა აუტში გადაიტანეს. დერეფანი მეტოქის ლელოდან ხუთ მეტრში სუფთად მოიგეს, მოლით მიაწვნენ, მაგრამ "აიამ" დაცვაში იყოჩაღა და მდგომარეობა განმუხტა.
თამაშის დასრულებამდე სამი წუთით ადრე კვინიხიძეს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მიეცა, მაგრამ საჯარიმოდან ვერ გაიტანა და გამარჯვება "აიას" დარჩა.

ბობა კვინხიძე, "ლოკომოტივის" კაპიტანი:

"საქართველოს ჩემპიონატის პირველ წრეს დაზვერვისთვის ვიყენებთ. ასე იყო შარშანაც, პირველ წრეში, როგორც ამჟამად, ორი წაგება გვქონდა. მერე, ნელ-ნელა თამაში დავალაგეთ და მიზანსაც მივაღწიეთ. დღევანდელი მატჩი "აიამ" უკეთ ითამაშა, რაც დასახული ჰქონდთ 90 პროცენტით შეასრულეს, მაშინ, როცა ჩვენ 50 პროცენტის რეალიზებაც ვერ შევძელით.

ძალიან ბევრი ტაქტიკური შეცდომა დავუშვით, ხშირად ვჯარიმდებოდით, რაც, მეტწილად, უფრო ჩვენი მოთამაშეების უყურადღებობის ბრალი იყო, ვიდრე მეტოქის დამსახურება. ქუთაისური გუნდი, წლეულს, შარშანდელზე სოლიდურად გამოიყურება და, ვფიქრობ, საუკეთესო ოთხეულში, ერთ-ერთ მოწინავე ადგილზე დაამთავრებს ჩემპიონატს."
ბესიკ ხამაშურიძე, "აიას" მოთამაშე მწვრთნელი:

"განვლილ სამ ტურში, ისე მოხდა, რომ სატურნირო ცხრილის მეორე ნახევარში მყოფ გუნდებს შევხვდით. "ლოკომოტივთან" თამაშს ძალიან დიდი მნიშვნელეობა ჰქონდა. ჩვენ ლიდერობის განმტკიცება გვსურდა, მათ კი სატურნირო ცხრილის გაუმჯობესება, ამიტომ თამაში ზედმეტად პრაგმატული გამოვიდა და ძირითადად ტაქტიკურ ბრძოლაში წარიმართა. ამიტომ, შსაძლოა, მატჩი სანახაობრივად კარგი არ იყო. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ რა დონის გუნდიც უნდა გვყავდეს, "ლოკომოტივი" ჩვენს წინააღმდეგ მაქსიმალურად მობილიზებული თამაშობს, რაც ძალიან მახარებს.

ახლა, მომდევნო ტურში კიდევ ერთი სერიოზული მატჩი გველის. შინ თბილისის "ლელოს" ვმასპინძლობთ და, ვფიქრობ, არანაკლებ დაძაბული, უშეღავათო ბრძოლის გადატანა მოგვიწევს”.

IV ტური
არმაზი-ხარები 9:5, არმია-აკადემია 36:20, ლელო-ყოჩები 22:22
სატურნირო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
1.აია 4 4 0 0 +76 8
2.ლელო 4 3 0 1 +46 6
3.არმია 4 2 1 1 -2 5
4.ლოკ. 4 2 0 2 +15 4
5.არმაზი 4 2 0 2 -24 4
6.აკადემია 4 1 1 2 -17 3
7.ხარები 4 1 0 3 -42 2
8.ყოჩები 4 0 0 4 -52 0

V ტური
ყოჩები-არმია, აია-ლელო, ხარები-ლოკომოტივი, აკადემია-არმაზი




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული