ტურის მატჩი: "აია"-"ლელო"

AutoSharing Option
დღეს საქართველოს ჩემპიონატის მეხუთე ტურის შეხვედრები გაიმართება, რომლის შემდეგაც შეჯიბრება ერთი თვით, 11 ივნისამდე შეწყდება. მიზეზი თბილისში გასამართი "მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფაა", რომელიც 24 მაისს დაიწყება.

მანამდე კი, მეხუთე ტურის მატჩებში ძალზედ საინტერესო ბრძოლებია მოსალოდნელი. განვლილი ოთხი ტურის შემდეგ კი გარკვეული დასკვნების გაკეთებაც შეიძლება. გამოიკვეთა ის ოთხეული, რომელიც, სავარაუდოდ, ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. "აიას", "ლელოს", "არმიას" და "ლოკომოტივის" დავაში, გამორიცხულული არ არის "აკადემია" ან "არმაზი" ჩაერიოს.

ტურის ცენტარლური მატჩი, ფოთში, მალთაყვას სტადიონზე გაიმართება. აქ საშიანო მატჩებს ქუთაისის "აია" მართავს, რომელიც ჩემპიონატს დაუმარცხებლად ლიდერობს
და, ამჯერად, უმთავრეს კონკურენტ თბილისის "ლელოს" უმასპინძლებს.

"აიამ" წლეულს შესანიშნავად დაიწყო ასპარეზობა. საერთო აღიარებით ქუთათურთა გუნდი შარშანდელზე უკეთ გამოიყურება, რამაც წინა ტურში ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონის, თბილისის "ლოკომოტივის" სტუმრად ძლევამაც დაადასტურა. არადა, "აიას" რკინიგზელებისთვის დიდი ხანია არ მოუგია.

ყველაზე მთავარი ფაქტორი, რითაც ქუთაისურმა გუნდმა "ლოკომოტივს" სძლია, შერკინების ხაზის კარგი თამაშია. რკინიგზელებმა მეტოქის მორკინალები ვერ დაჩაგრეს, რაც მათი მარცხის ერთ-ერთი მიზეზი გახდა.
"აიას" შერკინებაში უპირატესობა, სავარაუდოდ, "ლელოსთან" მატჩშიც ექნება. თუმცა საქართველოს თასის მფლობელებს, შეიძლება ითქვას, რომ ეროვნულ ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო უკანა ხაზი ჰყავს და მისი ეფექტური ამოქმედების შემთხვევაში ნებისმიერ გუნდს დიდ პრობლემებს უქმნის.

უკანახაზელები არც "აიას" ჰყვას ვინმეზე ნაკლები. მას შემდეგ, რაც გუნდს საფრანგეთიდან ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი შუამარბი ირაკლი გიორგაძე დაუბრუნდა, ქუთათურებმა ამ რგოლის თამაში დაალაგეს, უფრო გააზრებული და ეფექტური გახადეს.

ძნელი სათქმელია, მალთაყვაში მოვლენები როგორ განვითარდება. "აია", ალბათ, თამაშის ჩაკეტვას, ძირითადად მორკინელბით თამაშს ეცდება. "ლელოს" ხელწერა და სხვა გუნდებზე უპირატესობა ღია თამაშში სწრაფი და ფეხმარდი უკანახაზელებია. არადა, თუ ორვე გუნდმა თამაში გახსნა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ პირველ წრეში ეს შეხვედრა საუკეთესო გამოვა.

"აია", როგორც უკვე აღვნიშნეთ დაუმარცხებელია. საკმაოდ შთამბეჭდავია ამ გუნდის სტატისტიკა. ქუთათურებმა 113 ქულა მოიპოვეს და მეტოქეებს მხოლოდ 37 ქულა გაატანეს. "ლელოს" კი, რომელმაც ერთი თამაში წააგო და მეორე ადგილზეა, 120 ქულა მოუპოვებია, თუმცა მეტოქეებს 74 ქულის აღების საშუალება მისცა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ლელოელებს დაცვაში "აიაზე" მეტად უჭირს.

საინტერესო ბრძოლა გაიმართება "ავჭალის" სარაგბო სტადიონზე, სადაც ერთმანეთს "არმაზი" და "აკადემია" დაუპირისპირდებიან. ეს გუნდები სატურნირო ცხრილის შუაში იმყოფებიან და, ცხადია, მიზნად პლეი ოფში მოხვედრა აქვთ დასახული.

"აკადემიამ" მეოთხე ტურში უშეღავათო ბრძოლა გაუმართა ახალბედა, მაგრამ საკმაოდ ამბიციურ "არმიას" და ფრეს გამორჩა - 22:22. ეს კი, ცხადად მეტყველებს აკადემიელთა პოტენციალსა და ბრძოლისუნარიანოიბაზე. ერთი ნაკლი - არასტაბილურობაა, რომლის აღმოფხვრის შემთხვევაში "აკადემიას" ნებისმიერი მიზნისთვის ბრძოლა შეუძლია.
ოთხი თამაშიდან ორი მოიგო და მე-5 ადგლზეა "არმაზი", რომელმაც წინა ტურში ბოლო წლების მუდმივ კონკურენტს, რუსთავის "ხარებს" თბილისში უმძიმეს ბრძოლაში მოუგო. "აკადემიასთან" დაპირისპირებაში არამაზელებს არანაკლებ მწვავე ბრძოლის გადატანა მოუწევთ.

საქართველოს ჩემპიონი თბილისის "ლოკომოტივი", რომელმაც ოთხი შეხვედრიდან ორი წააგო, სტუმრად ეთამაშება რუსთავის "ხარებს". რკინიგეზელებს, მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე ბოლოსწინა ადგილზეა, იოლი გასეირნება არ ელის. მით უფრო, რომ "ხარებს" მეტოქე თბილისშიც დამარცხებული ჰყავს.

სავარაუდოდ, "ლოკომოტივი" მეტოქეს სათანადოდ შეაფასებს, საქმეს მთელი სერიოზულობით მიუდგება და სატურნირო მდგომარეობის გაუმჯობესებას ეცდება. წინააღმდეგ შემთხვევაში "ხარებისგან", რომელსაც წლეულს გამოცდილი მორაგბეები, პალიკო ჯიმშელაძე და კახაბერ უჩავა დაემატა, ყველანაირი სიურპრიზია მოსალოდენელი.

წლეულს უჩევულო ვითარებაა თბილისის "ყოჩებში". გუნდი, რომელიც ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მუდმივად ლიდერებში იყო და მხოლოდ მაღალი მიზნებისთვის იბრძოდა, აუტსაიდერია. "ყოჩებმა", რმელსაც ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ქართველი მწვრთნელი ლევან მგელაძე თავკაცობს, ოთხი თამაშიდან ოთხივე წააგო.

მეხუთე ტურში, "ყოჩებს" ურთულესი გამოცდის ჩაბარება მოუწევს. მეტოქე საქართველოს ჩემპიონატის ახალბედა "არმიაა", რომელსაც "ყოჩების" ყოფილი თავკაცი ნიკოლოზ ჭავჭავაძე მოძღვრავს. არმიელები, მართალია, სტაბილუორბით არ გამოირჩევიან, მაგრამ საკმაოდ მრისხანე ძალას წარმოადგენენ და ყველა მატჩში მაქსიმალური შედეგისთვის იბრძვიან.

"ყოჩებს" მეტწილად შერკინებაში უჭირს. მართალია, სტატიკურ მდგომარეობაში არც არმიელთა მორკინალები ბრწყინავენ, მაგრამ დინამიკაში საკმაოდ კარგად ირჯებიან და თამაშში უპირატესობას ხშირად აღწევენ. ერთი სიტყვით, თუ გავითვალისწინებთ, რომ "ყოჩებს" უკან დასახევი ყველა გზა მოჭრილი აქვს, თამაში უშეღავათო, მწვავე ბრძოლაში უნდა წარიმართოს.

V ტური
ყოჩები-არმია, აია-ლელო, ხარები-ლოკომოტივი, აკადემია-არმაზი

სატურნირო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
1.აია 4 4 0 0 +76 8
2.ლელო 4 3 0 1 +46 6
3.არმია 4 2 1 1 -2 5
4.ლოკ. 4 2 0 2 +15 4
5.არმაზი 4 2 0 2 -24 4
6.აკადემია 4 1 1 2 -17 3
7.ხარები 4 1 0 3 -42 2
8.ყოჩები 4 0 0 4 -52 0
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული