"ივერია" გაბრწყინდება?

AutoSharing Option
საქართველოში რაგბი დღითიდღე პოპულარობას იხვეჭს, ვითარდება, რასაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალი სარაგბო კერების წარმოქმნაც თვალნათლივ ადასტურებს. ამის პარალელურად კი მიმდინარეობს აქამდე არსებული და ჟამთა ცვლის გამო გაუქმებული გუნდების აღორძინებაც.

ასეთია, მაგალითად თბილისის "ივერია", რომელსაც ჯერ კიდევ საბჭოეთის ხანაში არაერთი ძლიერი მორაგბე აღუზრდია და საკავშირო პირველობაზე ახალგაზრდულ გუნდებს შორის შესანიშნავად ასპარეზობდა. "ივერია" ამ გუნდის აღზრდილებმა რამდენიმე წლის წინ აღადგინეს და დღესაც რაგბის სამსახურშია. კლუბის წარსულზე, აწმყოსა და მომავლის გეგმებზე "ივერიას" მწვრთნელს მიხეილ ჩაჩუას ვესაუბრეთ.

- თბილისის "ივერია" 1986 წელს ემზარ სულაქველიძის,
ლევან მგელაძისა და ნუგზარ გაბრიჩიძის თაოსნობით დაფუძნდა. გუნდმა მალე მიაღწია წარმატებას საკავშირო ასპარეზზე. ახალგაზრდებს შორის 1987 და 1990 წლებში ვერცხლის მედლები მოვიპოვეთ, 1988 წელს კი ტირსაპოლში გამართულ ბოლო ეტაპზე ყველას მოვუგეთ და ჩემპიონის ტიტული ვირგუნეთ. 1998-94 წლებში ზედიზედ ექვსჯერ გავხდით საუკეთესოები საქართველოს ჩემპიონატში. მაშინ გუნდი ვაზისუბანში 172-ე საშუალო სკოლის ბაზაზე ვარჯიშობდა.

- საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ "ივერიამ" დიდხანს ვეღარ იარსება. რა იყო კლუბის დაშლის მიზეზი?
- "ივერიამ" არსებობა 1994 წელს შეწყვიტა. ქვეყანა აირია, ეკონომიურად გაგვიჭირდა, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი ემზარ სულაქველიძე აფხაზეთის ომში დაიკარგა. გუნდმა არსებობა ვეღარ შეძლო.

- დღეს "ივერია" ისევ არსებობს. ვისი თაოსნობით აღადგა გუნდი და რამდენად წარმატებულია მისი აწმყო?
- "ივერია" მე და გიორგი ჯავახიშვილმა 2006 წელს, ვარკეთილში 180-ე საჯარო სკოლის ბაზაზე აღვადგინეთ. მუშაობა, ცხადია, ბავშვებთან დავიწყეთ. მალე ჭაბუკთა B ლიგაში და ბავშვთა საფესტივალო ასაკის ტურნირებში დავიწყეთ ასპარეზობა.

2009 წელს კი საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში ვითამაშეთ. ძალიან დიდი დახმარება გაგვიწეია ჩვენმა სპონსორმა "უზ დეუმ", რომლის დამსახურებაცაა, რომ შარშან, ძალზედ ახალგაზრდული გუნდით, პირველ ლიგაში მეორე ადგილი დავიკავეთ და უმაღლეს ლიგაში გადასასვლელ მატჩში თბილისის "არმაზთან" დავმარცხდით. ერთი სიტყვით, უმაღლეს ლიგამდე ერთი ნაბიჯის გადადგმაღა დაგვაკლდა.

- მიუხედავად ასეთი წარმატებული პირველი ნაბიჯებისა, წლეულს "ივერიას" პირველი ლიგის გუნდებს შორის ვეღარ ვხედავთ...
- დიახ ასეა, სხვადასხვა მიზეზების გამო გუნდი დაიშალა. მოთამაშეები, რომლებსაც ბავშვობიდან ვზრდიდით, უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდებში გაიფანტნენ. აღსანიშნავია, რომ ჩვენი სამი აღზრდილი, ხვიჩა ბუჯიაშვილი, ბექა ბიწაძე და ზაზა ნავროზაშვილი საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების წევრია და თბილისში გასამართ "მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფაზე" იასპარეზებენ.

- პირველი ლიგის გუნდი აღარ არსებობს, მაგრამ კლუბი ხომ განაგრძობს არსებობას?
- რა თქმა უნდა, კლუბი არ გაუქმებულა. სხვადასხვა ასაკის 120 ბავშვი გვყავს, რომლებთანაც ჩემთან ერთად, გიორგი ჯავახიშვილი და ვაჟა პაიჭაძე მუშაობენ. კლუბის პრეზიდენტი ვახტანგ აბრამიშვილი შეძლებისდაგვარად ყველა პირობის შექმნას ცდილობს.

ამასთან, ისევ "უზ დეუს" დახმარებით შევქმენით ჭაბუკთა A ლიგის გუნდი და ხუთი ტურის შემდეგ ლიდერები ვართ. აღსანიშნავია, რომ ჩვენი მოთამაშეები მეტოქეებზე ერთი წლით უმცროსები არიან. ამასთან ჩვენი 6 მორაგბე საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების წევრია. ეს ნათელი დასტურია იმისა, რომ კარგი პერსპექტიული ბიჭები გვყავს და მომავალს იმედით ვუყურებთ.

გვინდა ეს გუნდი ახალ სეზონში პირველ ლიგაში ვათამაშოთ და საბოლოო მიზანი ელიტარულ, უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის უფლების მოპოვებაა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული