"ლელომ" "ხარებს" რქები მაინც მოუგრიხა

AutoSharing Option
ლელო-ხარები 14:7
ლელო: (15-9) ყიასაშვილი, ზაალიშვილი, ანდღულაძე, კორკელია, ჯოგლიძე, მჭედლიშვილი, კაჭარავა. (1-8) სანიკიძე, ჭყონია, სუჯაშვილი, ი.დაუშვილი, აზალაძე (კოლელიშვილი 12, მძინარიშვილი 41), დ.დაუშვილი (სარდანაშვილი 55). სურგულაძე, ჯვარშეიშვილი (ჭეიშვილი 58) .
2ლ: ზაალიშვილი, კაჭარავა. გ: ყიაშაშვილი
ხარები: (15-9) შუბითიძე, მ.წიკლაური, ღამბაშიძე, ჭაავა, ბებიაშვილი, ჯიმშელაძე, ზირაქაშვილი. (1-8) მაჭარაშვილი (მიხ.წიკლაური 58), აღაშვილი, კობერიძე, ბალაშვილი, უჩავა, გოგიაშვილი, ქარუხნიშვილი, მარტიაშვილი.
ლ: შუბითიძე. გ:ჯიმშელაძე
მსაჯი: მ.ჩაჩუა

საქართველოს ჩემპიონატის მე-6 ტური ძალზედ საინტერესო და დაძაბული გამოდგა. ოთხი ფავორიტიდან სამმა მოიგო, ერთმა წააგო და გამარჯვებულებსაც დიდი ბრძოლა დასჭირდათ წარმატების
მისაღწევად.

"ავჭალის" სარაგბო სტადიონზე საქართველოს თასის მფლობელ "ლელოს", რომელიც წლევანდელი გათამაშების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია, რუსთავის "ხარებმა" უშეღავათო ბრძოლა გაუმართა, თუმცა გამარჯვება მაინც ლელოელებს დარჩათ - 14:7.

აღსანიშნავია, რომ "ლელოს" ამ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებში მივლინებული სამი წამყვანი მოთამაშე, ლაშა ხმალაძე, ლექსო გუგავა და ალექსანდრე თოდუა აკლდა. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მათი არყოფნა გუნდის თამაშს აშკარად დაეტყო. ამას დაუმატეთ რუსთაველთა ჟინიანი, თავდადებული ბრძოლა და ნათელი გახდება რა რთული იყო ლელოელთათვის წარმატების მიღწევა.

მატჩის საწყისი 15 წუთი მთლიანად სტუმართა გუნდის კარნახით წარიმართა. რუსთაველები ძალზედ სწრაფად კომბინირებდნენ, ხელდახელ ბურთაობას მძიმე მორკინალების მიძალებას უნაცვლებდნენ და "ლელო" მეტოქის ნახევარზე გადასვლას ვერაფით ახერხებდა.

თუმცა, ანაგარიშის გახსნის შანსი პირველად სწორედ ლელოელებმა მიიღეს, მაგრამ ფულბეკმა ირაკლი ყიასაშვილმა ხელსაყრელი პოზიციიდან საჯარიმო ვერ გაიტანა. სწორედ ამას მოჰყვა ის თითქმის 15-წუთიანი შტურმი, რომელიც "ხარებმა" ლელოთი დაასრულეს.

საკმაოდ გრძელი, მრავალფაზიანი შეტევის შემდეგ, რომელშიც თნაბარად აქტიურობდნენ როგორც მორკნალები, ისე უკანახაზელები, "ლელოს" ჩათვლის მოედნიდან ათ მეტრში შერკინება დაინიშნა. რუსთაველთა ცხრა ნომრემა იქიდან გამოტანილი ბურთი მარჯვნივ, მოკლე ფრთაზე ფულბეკ ლაშა შუბითიძეს გადააწოდა, რომელმაც უმალვე ლელოსკენ შეუტია და მისი შეჩერება მეტოქემ ვერაფრით შეძლო. მგეზავმა პალიკო ჯიმნშელაძემ გარდასახვა ზუსტად დაარტყა და "ხარები" ყველასთვის მოულოდნელად 7:0 დაწინაურდა.

სტუმართა იერიშებს სიმწვავე არც ამის მერე მოჰკლებია, თუმცა "ლელო" დაცვაში გაცილებით უფრო ყურადღებით გაისარჯა და მეტოქისთვის მონაგრის გაზრდის საშუალება აღარ მიუცია.

მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება 29-ე წუთზე შეძლეს. ლელოელებმა ჩვეულ სტილში, ტრადიციული კომბინაცია გაითამაშეს. მორკინალებმა რამდენიმე მოკლე დარტყმით მეტოქის 22-მეტრიან ზონაში შეაღწიეს, რაკში მოწინააღმდეგის ბევრი მოთამაშე ჩაითრიეს და მერე, ცხრა ნომერმა გიორგი კაჭარავამ ბურთი მარცხნივ, გრძელ ფრთაზე გაიტანა. მან მოსხეპით, გრძელი გადაცემით ბურთი კიდესთან ახლოს ირაკლი ყიასაშვილს გადააწოდა, ამან ცრუ მანევრით რამდენიმე რუსთაველს აუარა გვერდი და უფრო მარჯვნივ, გარემარბი ზურაბ ზაალიშვილი ჩართო შეტევაში, რომელსაც, ფაქტობრივად, წინააღმდეგობა აღარ შეხვედრია. ყიასაშვილმა გარდასახა - 7:7.

უშეღავათო, თანაბარი ბრძოლა ტაიმის მიწურვამდე გაგრძელდა, თუმცა ანგარიშის შეცვლა ვერცერთმა მოახერხა. 38-ე წუთზე ყიასაშვილმა საჯარიმო კარის პირდაპირ, 20 მეტრიდან დაარტყა და ისევ ვერ გაიტანა.

შესვენების შემდეგ, საწყისი 15 წუთი ისევ "ხარების" უპირატესობით წარიმართა. "ლელო" კვლავ მედგრად იცავდა თავს და გარდამტრეხი მომენტი 58-ე წუთზე დადგა. რუსთაველთა მორიგი იერიშისას მგეზავმა პალიკო ჯიმშელაძემ კარის არეკნით დალაშქვრა სცადა, მაგრამ ლელოელმა გიორგი კაჭარავამ დაუფარა. ასხლეტილი ბურთი იქვე დავარდა და კაჭარავას ნადავლი გახდა. "ლელოს" ცხრა ნიმერმა მეტოქის ჩათვლის მოედნამდე 60 მეტრი ირბინა და ლელო კარის ძელებს შორის გაიტანა. ყიასაშვილს ამჯერად გარდასახვა არ გასჭირვებია - 14:7.

ამის შემდეგ ინიციატივა ხელთ "ლელომ" იგდო. მორკინალები ჩვეულად მძლავრად ათამაშდნენ. უკანა ხაზის ეფექტურ თამაშს კი ხელს ძლიერი ქარი და წვიმა უშლიდა. ცხადია, მეტეოროლოგიურმა პირობებმა გავლენა "ხარების" თამაშზეც იქონია, რომელიც ძალზედ საინტერესო გუნდია და, მიგვაჩნია, რომ სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილი დაუმსახურებულად უკავია.

ერთი სიტყვით, "ლელომ" მაინც იმძლავრა, თამაშის ბოლო წუთები მეტოქის მოედანზე გაატარა, ლელოს გატანასთანაც ახლოს იყო, მაგრამ რუსთაველებმა საკუთარი ჩათვლის მოედნის დაცვა შეძლეს, თუმცა ამან ისინი მარცხისგან ვერ იხსნა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული