ნერვების თამაში

AutoSharing Option
"ხარები" (რუსთავი) - "არმაზი" (თბილისი) 21:16

ხარები: 15.ლაშა შუბითიძე, 14.მიშა წიკლაური, 13.პალიკო ჯიმშელაძე, 12.რატი ღამბაშიძე, 11.გიორგი ბებიაშვილი, 10.მანუჩარ ჭაავა, 9.ვაჟა ხუციშვილი. 1.შოთა მაჭარაშვილი, 2.უჩა აღაშვილი, 3.სერგო მოქია, 4.თომა ბალიაშვილი, 5.კახა უჩავა(კაპ), 6.ზვიად ღამძარაშვილი, 7.ლაშა გოგიაშვილი, 8.გიორგი მარტიშვილი.
სათადარიგოები: გიგა ქვლივიძე, დათო ყოჩიაშვილი, ლექსო მელიქაშვილი, გიორგი ბასილაია, მიშა წიკლაური, სესე ქარუხნიშვილი, ბექა ბებიაშვილი.
მწვრთნელი: ზ. ხუციშვილი

არმაზი: 15.ბაჩო ჩხაიძე, 14.ლაშა სირაძე, 13.გიორგი მჟავანაძე, 12.ვილი კაიფაჯიანი, 11.ალექსანდრე ხუციშვილი, 10.დავით კიკნაძე, 9.გიორგი მისრიაშვილი. 1.ირაკლი ჩომახაშვილი, 2.გიორგი სოსელია, 3.ირაკლი ბუკია, 4.გიორგი ჭელიძე, 5.ბექა ჯიშკარიანი,
6.ნიკოლოზ სუხაშვილი, 7.ოთარ მინაშვილი(კაპ), 8.ვალიკო თიგიშვილი.
სათადარიგოები: რევაზ ჟღენტი, რეზი ბროძელი, გიორგი კოტორაშვივილი, მიხეილ ლეკბორაშვილი, ზვიად ესართია, შოთა კანდელაკი, ვაჟა თვაური.
მწვრთნელი: დ. ვართანიანი


ამ მატჩს ნერვიული ფონი მთელი თამაშის განმავლობაში გასდევდა, იყო გაწევ-გამოწევა, როგორც მოთამაშეებს, ისე გულშემატკივრებს შორისაც.

"არმაზმა" თავიდანვე შეუტია. მისი სწრაფი შუამარბები და გარემარბები ხშირად პოულობდნენ ბზარებს მეტოქის დაცვაში, მაგრამ შეცდომების გამო რამდენიმე სალელოვე შანსი გაანიავეს. თუმცა ანგარიშში დაწინაურება მაინც შეძლეს, დამრტყმელის, გამოცდილი დავით კიკნაძის დამსახურებით. "ხარები" მალე გამოფხიზლდნენ.

აქტიურობით კი პალიკო ჯიმშელაძე, რატი ღამბაშიძე, დაუღლელი ვაჟა ხუციშვილი და გიორგი ბებიაშვილი გამოირჩეოდნენ. პირველი შეხლა-შემოხლაც ამ უკანასკნელის აქტიურობას მოჰყვა. "არმაზმა" შეცდომებს უმატა, რითაც კარგად ისარგებლა "ხარების" 9 ნომერმა და ორი რეალიზებული ჯარიმით ანგარიში გაათანაბრა.

ტაიმის მიწურულს მასპინძლები ხუციშვილის ჯარიმების წყალობით 12:6 დაწინაურდნენ. მათვე მატჩის განახლებისთანავე ორიდან ერთი საჯარიმო გამოიყენეს - 15:6. 51-ე წუთზე რუსთაველმა ბებიაშვილმა მეტოქეს გაბრაზებულმა ბურთი ესროლა, რისთვისაც რეფერიმ გაასინბინა. მიუხედავად რიცხვობრივი უმცირესობისა, "ხარები" უფრო გაშმაგებით უტევდნენ.

გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს და - 18:9. გაძევება დაუმთავრდათ და სამიოდ წუთში "ხარებს" უკვე მეორე, თომა ბალიაშვილი გაუსინბინეს განზრახ უხეშობისთვის. რუსთაველთა უპირატესობას შერკინებაში, "არმაზმა" სწრაფი ხელდახელ თამაში დაუპირისპირა.

შეცვლაზე შესულმა შოთა კანდელაკმა 75-ე წუთზე ლელო დადო, კიკნაძემ გარდასახა და მატჩს ინტრიგა შეუნარჩუნდა - 21:16. ნერვიულ თამაშში ანგარიში აღარ შეცვლილა. საფინალო სასტვენისთანავე მოედანზე გულშემატკივარი შევარდა და გვერდით მსაჯს მიეჭრა. სიტუაცია განმუხტეს, მაგრამ ახლა უკვე "არმაზის" და "ხარების" გულშემატკივრები დაერივნენ ერთმანეთს.

"მძიმე თამაშს ველოდით და ასეც მოხდა. პირველ ტაიმში "არმაზი" დომინირებდა, მაგრამ მოვახერხეთ კონცენტრირება და შეცდომების გამოსწორება, მოვიპოვეთ უპირატესობა, ხუციშვილის კარგი თამაშის წყალობით კი ანგარიშშიც გადავასწარით. მეორე ტაიმში უკეთ დავალაგეთ თამაში. ოცი წუთი კაცნაკლული ვიყავით და, ცხადია, გაგვიჭირდა, მაგრამ მეტად მოვინდომეთ და საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც!"-თქვა მატჩის შემდეგ პალიკო ჯიმშელაძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული