გაზაფხულის ტურნირი: "ლოკომოტივი" ისევ ძველ რელსებზე დგას

AutoSharing Option
ლოკომოტივი-ყოჩები 48:22
ლოკომოტივი: (15-9) ბიწაძე (ასათიანი 68), ჭურღულია (მარსაგიშვილი 73), კობერიძე (შიოშვილი 71), ქავთარაძე, ჟამუტაშვილი, კავთიძე, ღვინჯილია. (1-8) გასვიანი (ხოლუაშვილი 64), ზარიძე, ვეფხვაძე (ცუხიშვილი 47), თავბერიძე, გუნიავა, ახვლედიანი, ელოშვილი, ნადირაძე (ნიშნიანიძე 55).
8ლ: ზარიძე (2), გუნიავა, ახვლედიანი, ქავთარაძე (2), ჭურღულია (2). 4გ: კავთიძე.
სინბინი: თავბერიძე
ყოჩები: (15-9) ხარშილაძე, აბრამალიძე, გარუჩავა (ბურძენიძე 69), ჯუმაშვილი, ხულელიძე (შენგელია 41), კვარაცხელია, ხელაძე (ჯაფარიძე 63). (1-8) ბეჟაშვილი (ესაკია 68), ცუცქირიძე (მახარაშვილი 63) ჯინჭარაძე (ლ.შენგელია 41), ბელაშვილი, წიკლაური, აფციაური, ცაგარეიშვილი (კობაური 45),
მალაღურაძე.
3ლ: აბრამალიძე, ხულელიძე, მალაღურაძე. 2გ: კვარაცხელია, მახარაშვილი. ს: კვარაცხელია
მსაჯი: მიხეილ ჩაჩუა

გაზაფხულის ტურნირზე 12 გუნდი ორ, A და B ჯგუფშია განაწილებული. თუ A ჯგუფში ფავორიტები "არმია" და "ლელოა", პირველმა ტურმა გვანახა, რომ B ჯგუფში პირველობისთვის ბრძოლა ტრადიციულ მეტოქეებს, თბილისის "ლოკომოტივსა" და ქუთაისის "აიას" მოუწევთ.

ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონები, რკინიგზელები, "ავჭალის" სარაგბო სტადიონზე თბილისის "ყოჩებს" დაუპირისპირდნენ და 48:22 მოუგეს. ორივე გუნდმა შარშანდელი სეზონის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვანი დანაკლისი განიცადა. "ლოკომოტივი" დატოვა მეორეხაზელმა დავით ჩიტიძემ; ტრავმირებულები არიან გუნდის ლიდერები: მგეზავი ბობა კვინიხიძე და მესამეხაზელი ზვიად მაისურაძე. ამ მატჩში არ უთამაშია კიდევ ერთ მესამეხაზელს - გივი ბერიშვილს, რომელიც საქართველოს A ნაკრებთან ერთად იმყოფება ბრიტანულ ტურნეში.

კიდევ უფრო რთულად აქვს საქმე "ყოჩებს". გუნდი თითქმის ყველა გამოცდილმა მოთამაშემ დატოვა, მათ შორის - ეროვნული ნაკრებისა და საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრების წევრებმაც. მიუხედავად ამისა, "ლოკომოტივთან" თამაში გუნდმა ძალზედ აქტიურად დაიწყო და მე-3 წუთზე ლელო გაიტანა.

"ყოჩებმა" დერეფანი "ლოკომოტივის" ოცდაორმეტრიანი ზონის ხაზთან მოიგეს და მარცხნივ, გრძელ ფრთაზე ბოლომდე ჩაათამაშეს. გარემარბმა თორნიკე ხულელიძემ მეტოქისთვის მოულოდნელად მოძრაობაში შეტევის მიმართულება შეცვალა და ჩათვლის მოედანში შეაღწია. მგეზავმა ლუკა კვარაცხელიამ ვერ გარდასახა - 5:0.

"ლოკომოტივმა" თავისი ქომაგები დიდხანს არ ალოდინა და პირველივე შეტევა ლელოთი დაასრულა. ცენტრიდან გათამაშებულ ბურთს რკინიგზელები დაეუფლნენ. მორკინალებმა ერთი მოკლე დარტყმა განახორციელეს და ცხრა ნომერმა ირაკლი ღვინჯილიამ ბურთი გრძელ ფრთაზე გაიტანა. აქ შუამარბმა სანდრო ქავთარაძემ ცრუ მოძრაობით ორი მეტოქე უსაქმოდ დატოვა, ხაზი გაჭრა და ლელომდე 20 მეტრი ირბინა. მგეზავმა გურამ კავთიძემ ზუსტად გარდასახა - 7:5.

პირველ ტაიმში "ლოკომოტივმა" კიდევ ორი ლელო მიითვალა. 24-ე წუთზე მეტოქის 22-მეტრიან ზონაში რკინიგზელებმა მოლი ააგორეს. მერე კი, მას შემდეგ, რაც თამაში რაკში გადავიდა, მორკინალებმა რამდენიმე მოკლე დარტყმა განახორციელეს. ბოლოს ბურთი შერკინების კვაჭმა ლევან ზარიძემ აიტაცა და ლელოში გადადო. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ზარიძე ამ შეხვედრაში საუკეთესო იყო. კავთიძემ ესეც გარდასახა - 14:5.

ტაიმის დასრულებამდე სამი წუთით ადრე გარემარბ დიტო ჭურღულიას მიერ გატანილი ლელო უფრო ხანგრძლივი, მრავალფაზიანი შეტევის შედეგი იყო. ლოკომოტიველებმა შერკინებიდან გამოტანილი ბურთი ჯერ მარცხნივ, გრძელ ფრთაზე გაათამაშეს. კავთიძემ ხაზი გაჭრა და ათიოდ მეტრი წაიწია. წარმოქმნილი რაკიდან ამჯერად მარჯვნიდან შეუტიეს, ბურთი ბოლომდე ჩაათამაშეს და ჭურღულიამ ლელო კიდესთან ახლოს დადო. კავთიძემ ვერ გარდასახა. ტაიმის ბოლო წუთზე ყოჩებმა საჯარიმო გაიტანეს და ჩამორჩენა 11 ქულამდე შეამცირეს.

მეორე ტაიმში "ლოკომოტივის" უპირატესობა კიდევ მეტად საგრძნობი გახდა. მათ მეტოქეს ხუთი ლელო დაუდეს, რაზეც "ყოჩებმა" მხოლოდ ორით უპასუხეს 22:48.

აღსანიშნავია, რომ რკინიგზელთა გუნდიდან ჩათვლის მოედანს ორ-ორჯერ უწიეს ლევან ზარიძემ, დიტო ჭურღულიამ და სანდრო ქავთარაძემ.

B ჯგუფი
აია-თიბისი 71:0, ხარები-ჯიქები 13:11.
სატურნირო მდგომარეობა
1. აია - 5 ქულა, 2. ლოკომოტივი - 5, 3. ხარები - 4, 4. ჯიქები - 1, 5. ყოჩები - 0, 6. თიბისი - 0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული