აია ისევ ლიდერია

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის მეორე წრის პირველი ტურის ცენტრალური შეხვედრა გათამაშების ლიდერ ქუთაისის "აიასა" და მეორეადგილოსან თბილისის "ვისოლი/ყოჩებს" შორის ვარკეთილის მეურნეობის სარაგბო მოედანზე გაიმართა.
კალენდრის მიხედვით მატჩი ქუთაისში უნდა გამართულიყო, მაგრამ ქომაგების უღირსი საქციელის გამო რაგბის კავშირის სადისციპლინო კომიტეტმა "აიას" საკუთარ მოედანზე თამაში აუკრძალა და, მეორე წრეში ოთხი საშინაო შეხვედრა ქუთაისიდან ასი კილომეტრის დაშორებით უნდა გამართოს.

გუნდის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, ქუთათურთა გუნდი ამ მატჩებს თბილისში გამართავს. ისე გამოვიდა, რომ საქართველოს ჩემპიონატის ლიდერი და ერთ-ერთი ფავორიტი მეორე წრის ყველა მატჩს სტუმრად ჩაატარებს.
"აიას" ეს
სულაც არ აშინებს. ქუთაისელი მორაგბეები შინ და გარეთ საბრძოლველად მუდამ მზად არიან, რაც უახლოეს მდევარ "ვისოლი/ყოჩებთან" მატჩშიც დაამტკიცეს. საინტერესო, უშეღავათო ბრძოლა "აიამ" 18:10 მოიგო და სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი შეინარჩუნა.

არადა, მატჩის დასაწყისი ქუთაისელებს კარგს არაფერს უქადდა. საწყის ოც წუთში "აიამ" მეტოქის ნახევარზე გადასვლა ვერაფრით შეძლო. თბილისელები გამუდმებით უტევდნენ. ნაწვიმარი, მძიმე გრუნტი ორივე გუნდს ხელს უშლიდა, სწრაფად გადაადგილების საშუალებას უსპობდა და ტექნიკური წუნიც ხშირი იყო.

"ვისოლი/ყოჩებმა" უდიდესი სათამაშო უპირატესობა ქულებად ვერ გარდასახეს. ფულბეკმა შალვა მახარაშვილმა ორი საჯარიმო ვერ გაიტანა. მეტოქის კარის დალაშქვრა მგეზავმა თემურ სოხაძემ არეკნით სცადა, მაგრამ უშედეგოდ.
"აიამ" მეტოქის იერიშები რომ მოიგერია, მეოცე წუთიდან მოყოლებული თავად სცადა შეტევების ორგანიზება. პირველი ტაიმის დარჩენილ დროში ქუთათურებმა ორჯერ შეაღწიეს თბილისელთა ოცდაორმეტრიან ზონაში, შედეგიანად კი - პირველი ნახევრის ბოლო წუთზე, მესამე ცდისას.

"ვისოლი/ყოჩებმა" საკუთარი ლელოდან 15 მეტრში აუტი წააგეს. თამაში რაკში გადავიდა. ქუთაისელთა მორკინალების რამდენიმე მოკლე დარტყმის შემდეგ ცხრა ნომერმა ლევან გოგიამ ბურთი მარცხნივ, გრძელ ფრთაზე მგეზავ გაგა სინაურიძეს გადააწოდა, რომელმაც მეტოქისაგან ფარული გადაცემით გარღვევაზე შუამარბი ირაკლი ჩხიკვაძე გაიყვანა. "ქარიშხალამ" ხაზი გაჭრა და ლელო კარის ძელთან ახლოს გაიტანა. სინაურიძემ გარდასხა - 7:0. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

შესვენების შემდეგ თამაში ისევ "აიას" შეტევებით დაიწყო და ორ წუთში სინაურიძემ საჯარიმოთი სხვაობა ათამდე გაზარდა - 10:0. "ვისოლი/ყოჩები", რომელიც მუდამ გამოირჩეოდა ბრძოლისუნარიანობით, მოვლენათა ასეთ განვითარებასთან შეგუებას, ცხადია, არაფრით აპირებდა და 55-ე წუთზე საპასუხო ლელო გაიტანა.

თბილისელებმა მეტოქის ჩათვლის მოედნიდან ხუთ მეტრში დერეფნიდან მოლი ააგორეს, რომელიც მეტოქემ წესის დარღვევით შეაჩერა. საჯარიმო იქვე გაითამაშეს და მორკნელების მოკლე დარტყმებით ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდნენ ლელოსკენ. ბოლოს რაკიდან ბურთი შეცვლაზე შესულმა შერკინების კვაჭმა შალვა მამუკაშვილმა აიტაცა და ჩათვლის მოედანში შეაღწია. გარდასხვა სოხაძემ ზუსტად დაარტყა - 7:10.

ექვს წუთში სინაურიძემ საჯარიმოთი ექვსი ქულით დააწინაურა თავისიანები, რაზეც უმალვე სოხაძემ საჯარიმოთივე უპასუხა - 10:13. ეს ანგარიში დარჩენილ თვრამეტ წუთში თამაშის მოგების შანსს ორივე გუნდს თანაბრად უტოვებდა. თუმცა საბოლოოდ ნერვებმა "ვისოლი/ყოჩების" მორაგბეებს უმტყუნა. მატჩის არბიტრმა თამაშგარე მდგომარეობიდან თამაშისთვის და წესის დარღვევით მეტოქის შეტევის ჩაშლისთვის ლელოს ავტორი მამუკაშვილი გაასინბინა. მერე კი, მატჩის მიწურულს, როცა "აია" უკვე 18:10-ს იგებდა, რაკში განზრახ უხეშობისთვის, რასაც ჩხუბი მოჰყვა, შერკინების ბურჯ გიორგი ხოსიტაშვილს წითელი ბარათი უჩვენა.

მანამდე კი, 72-ე წუთზე "აიამ " გამარჯვების მომტანი ლელო გაიტანა. ქუთაისელი მორაგბეები მარჯვენა ფრთიდან უტევდნენ. მორკინელები მოკლე დარტყმებით ცდილობდნენ თბილისელთა ხაზის გაჭრას. მეტოქეები რაკში მრავლად ჩაითრიეს და მოულოდნელად შეცვლაზე შესულმა ცხრა ნომერმა გიორგი როხვაძემ მარცხნივ, გრძელ ფრთაზე მგეზავ სინაურიძეს გადააწოდა.

გაგამ კი ფეხით კიდისკენ დაჰკიდა, სადაც ბურთი უმეთვალყურეოდ მიტოვებულ გარემარბ ზურაბ გოგლიჩიძეს პირდაპირ ხელებში ჩაუვარდა. გარდასახვა რთული პოზოციიდან სინაურიძემ ვერ გაიტანა - 18:10.
"ვისოლი/ყოჩებმა" მატჩის ბოლო წუთებზე "აიას" შტურმი მოუწყო, მაგრამ ბესიკ ხამაშურიძემ და მისმა სამწყსომ მეტოქეს ლელოს გატანა არ დაანება.

VIII ტური
აია-ვისოლი/ყოჩები 18:10
აია (15-9) ხამაშურიძე, გოგლიჩიძე, ჩხიკვაძე, აშვეთია, გოშაძე, სინაურიძე, გოგია (როხვაძე 46). (1-8) ლომიძე, სხულუხია, გურეშიძე, მეტრეველი, იობიძე (ცირეკიძე 57), რევიშვილი, გ.შალამბერიძე, ძაგნიძე.
2ლ: ჩხიკვაძე, გოგლიჩიძე. 2ს,გ: სინაურიძე.
ვისოლი/ყოჩები (15-9) მახარაშვილი, გეგენავა, ნიჟარაძე, ადანაია, კვარაცხელია, სოხაძე, ბეგაძე. (1-8) გოგიშვილი (ასეიშვილი 57), ბრეგვაძე (მამუკაშვილი 47), ხოსიტაშვილი, არჩუაშვილი, ბალაშვილი, ცხვედიანი, კალმახელიძე, ნიკოლაიშვილი.
ლ: მამუკაშვილი. გ,ს: სოხაძე.
სინბინი: მამუკაშვილი.
გაძევება: ხოსიტაშვილი
მსაჯი: გ.ამირხანაშვილი.

აკადემია-ლოკომოტივი 15:27
ლელო-არმაზი 44:13
ხარები-ბათუმი XV 14:12

                        თ	მ	ფ	წ	ბ	ქ
1. აია 		8	7	0	1	+63	14
2. ლელო    	8	6	0	2	+131	12
3. ლოკომოტივი	8	6	0	2	+69	12
4. ყოჩები    	8	5	0	3	+43	10
5. არმაზი     	8	3	0	5	-69	6
6. აკადემია    	8	2	0	6	-34	4
7. ხარები    	8	2	0	6	-113	4
8. ბათუმი XV 	8	1	0	7	-93	2
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული