გაზაფხულის ტურნირი: დაგეგმილი გამარჯვება თუ ვარჯიში?

AutoSharing Option
თიბისი-ლოკომოტივი 7:50
თიბისი (15-9) ჩაჩავა (ხვიჩია 41), მოწონელიძე, კოდუა, ცხვარიაშვილი (ხმალაძე 48), ჯაში (ა. მეტრეველი 58), ფერაძე, ჯინაშვილი. (1-8) გ.მეტრეველი, გოლიაძე (ღვინიაშვილი 41), აბაშიძე (ლუაშვილი 34, მასხარაშვილი 60), მაისურაძე, მჭედლიძე, ქუთათელაძე (სამხარაძე 41), კვიწინაშვილი, ჭანკვეტაძე.
ლ: ფერაძე. გ: ფერაძე
ლოკომოტივი (15-9) ბიწაძე (გუდაძე 70), ჭურღულია (კობერიძე 44), გოგეშვილი, ქავთარაძე, ჟამუტაშვილი (შიოშვილი 41), კავთიძე, ღვინჯილია (მარსაგიშვილი 72). (1-8) გასვიანი, ზარიძე (ხოლუაშვილი 61), ვეფხვაძე, გუნიავა, ცუხიშვილი, თავბერიძე (ნიშნიანიძე 41), ელოშვილი (ნადირაძე 16), ახვლედიანი.
8ლ: გასვიანი, ვეფხვაძე, მარსაგიშვილი, კავთიძე, ჟამუტაშვილი, შიოშვილი, ჭურღულია, ბიწაძე.
5გ: კავთიძე.
მსაჯი: მალხაზ წულაია

გაზაფხულის ტურნირის გათამაშების მეორე ტურში B ჯგუფის ფავორიტმა, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა თბილისის "ლოკომოტივმა" მორიგი გამარჯვება მიითვალა. რკინიგზელებმა "ავჭალის" სარაგბო სტადიონზე პირველი ლიგის ბინადარი "თიბისი" დაამარცხეს - 50:7.

აღსანიშნავია, რომ მრისხანე მეტოქეს პირველლიგელებმა საწყის 15 წუთში და მთლიანად მეორე ტაიმში ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს. პირველი ტაიმის მე-20 წუთიდან მოყოლებული შესვენებამდე ლოკომოტიველებმა ოთხი ლელო გაიტანეს, რამაც განაპირობა კიდეც ანგარიშში საკმაოდ დიდი სხვაობა.

რკინიგზელებმა ანგარიში მე-5 წუთზე გახსნეს. მათ რამდენიმეფაზიანი შეტევის შემდეგ მეტოქის 22-მეტრიან ზონაში საჯარიმოს დარტყმის უფლება მოიპოვეს. ცხრა ნომერმა ირაკლი ღვინჯილიამ ბურთი სწრაფად გაათამაშა და მარჯვნივ, მოკლე ფრთაზე მგეზავ ვახტანგ კავთიძეს გადააწოდა. ამან კიდევ უფრო მარჯვნივ, კიდისკენ შეტევაში შერკინების ბურჯი გიორგი ვეფხვაძე ჩართო, რომელმაც ჩათვლის მოედანში შეაღწია, კავთიძემ გარდასახა - 7:0.

შვიდ წუთში "ლოკომოტივმა" თითქმის იდენტური კომბინაცია გაითამაშა და ამჯერად შეტევის მარჯვენა ფლანგზე გარემარბმა დიტო ჭურღულიამ იყოჩაღა. კავთიძემ ესეც გარდასახა - 14:0. ამის პასუხად "თიბისიმ" მეტოქის შეცდომა კარგად გამოიყენა და მატჩში ერთადერთი ლელო მიითვალა. რკინიგზელები საკუთარი 22-მეტრიანი ზონის მისადგომებთან
ცდილობდნენ ხელდახელ შეტევის წამოწყებას. თიბისელთა მგეზავმა ერეკლე ფერაძემ ერთ-ერთი გადაცემა ჩაჭრა და ლელო კარის ძელებს შორის გაიტანა. გარდასახვაც თვითონ დაარტყა - 7:14.

სწორედ ამის შემდეგ იყო, "ლოკომოტივმა" ტემპს რომ უმატა და ზედიზედ ოთხი ლელო დადო. ამათგან კავთიძემ ორი გარდასახა და პირველი ტაიმი 38:7 დასრულდა. შესვენების შემდეგ 32 წუთი ისე მიილია, გუნდებმა მონაგარს ვერაფერი შესძინეს. მატჩის დასკვნით ათ წუთში კი შეცვლაზე შემოსულებმა გამოიჩინეს თავი. რკინიგზელთა ერთ-ერთი ხანგრძლივი იერიში ჯერ მესამეხაზელმა შალვა შიოშვილმა დაასრულა ლელოთი, მერე კი მატჩის ბოლო წუთზე ცხრა ნომერმა გიორგი მარსაგიშვილმა მეტოქე კონტრშეტევაზე დაიჭირა და თითქმის 70 მეტრი ირბინა - 50:7.

B ჯგუფი
თიბისი-ლოკომოტივი 7:50, ხარები-აია, ყოჩები-ჯიქები
სატურნირო მდგომარეობა
1. აია - 5 ქულა, 2. ლოკომოტივი - 5, 3. ხარები - 4, 4. ჯიქები - 1, 5. ყოჩები - 0, 6. თიბისი - 0.

თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული