გაზაფხულის ტურნირი: "არმიამ" "ლელო" გააპირველა

AutoSharing Option
არმია-ლელო 21:22
არმია (15-9) კობახიძე, ტუჩაშვილი, მჭედლიძე, ჩხიკვაძე, გაბროშვილი, ელიზბარაშვილი (ნინიძე 64), სამხარაძე. (1-8) კაკოვინი (ქორიძე 54), მეკოკიშვილი, ხოსიტაშვილი, არჩუაშვილი, ჩიტიძე, კალმახელიძე, თავართქილაძე, ბუჯიაშვილი.
2ლ: მეკოკიშვილი, მჭედლიძე. 3ს,გ: კობახიძე.
ლელო (15-9) ყიასაშვილი, გეგენავა, თოდუა, ანდღულაძე, გუგავა (ხუციშვილი 69), ჭინჭარაული, კაჭარავა. (1-8) გოგიშვილი (პატარაია 67), ხიდეშელი, სუჯაშვილი, ჭეიშვილი, აზალაძე, ქოიავა, სურგულაძე, ჭყოიძე (ნიკოლეიშვილი 67).
ლ: კაჭარავა. 5ს,გ: ყიასაშვილი.
მსაჯი: დ. ჩორგოლეიშვილი

გაზაფხულის ტურნირის ჯგუფური ეტაპის გათამაშების ბოლო ტურში ნახევარფინალისტთა წყვილები დადგინდა. A ჯგუფში შესანიშნავად იასპარეზა და პირველობა არავის დაუთმო თბილისის "ლელომ",
რომელმაც ბოლო ტურში პირველი ადგილისთვის მატჩში საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელი "არმია" დრამატულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით დაამარცხა - 22:21.

თამაში, როგორც მოსალოდნელი იყო, საკმაოდ დაძაბული, უშეღავათო გამოდგა. ორივე გუნდმა, როგორც სჩვევიათ, ბოლომდე თავდადებით იბრძოლა და ბოლოს გამარჯვება იმას დარჩა, ვინც ლოგიკურად უფრო იმსახურებდა. ერთი სიტყვით, "ავჭალის სარაგბო სტადიონზე", რომელიც თითქმის სავსე იყო, ქომაგმა, სავარაუდოდ, მომავალი ჩემპიონატის ორი უმთავრესი ფავორიტის ბრძოლა იხილა.

თამაში, რომელსაც საქართველოს ნაკრების მწვრთნელთა შტაბი სრული შემადგენლობით ესწრებოდა, "არმიამ" უფრო აქტიურად დაიწყო. ლელოელებმა საწყისი 15 წუთის განმავლობაში თამაში ვერაფრით ააწყვეს. ზედმეტი ნერვიულობისგან თითქოს რაღაცნაირად შებოჭილები ჩანდნენ.

ამით არმიელებმა კარგად ისარგებლეს და პირველივე წუთზე მათმა ფულბეკმა ბახვა კობახიძემ საჯარიმოთი ანგარიში გახსნა - 3:0. წინდაწინ უნდა ითქვას, რომ კობახიძეს, რომელიც მუდამ გამოირჩეოდა ფეხჩუბინობით, ამ შეხვედრაში დარტყმები არ წაუვიდა.

მართალია, მან საბოლოოდ სამი საჯარიმო და ერთი გარდასახვა გაიტანა, მაგრამ ზუსტად ამდენივე საჯარიმო და გარდასახვა გაუცუდდა. და ეს მაშინ, როცა მისმა ვიზავიმ, "ლელოს" ფულბეკმა ირაკლი ყიასაშვილმა მხოლოდ ორი საჯარიმო ვერ გაიტანა. თუმცა მანვე ხუთი საჯარიმო და ერთი გარდასახვა ზუსტად გაარტყა მიზანში (17 ქულა).

ყიასაშვილმა ანგარიში საჯარიმოდან მე-17 წუთზე გაქვითა - 3:3. თუმცა მანამდე ლელოელებმა ორი ძალზედ სახიფათო იერიში განახორციელეს.

მანამდე მეტოქის 22-მეტრიანი ზონის ხაზთან მოგებული დერეფნის შემდეგ მოლი ააგორეს და 15 მეტრის გავლა შეძლეს. თუმცა "არმიამ" მეტოქის ეს მიძალება შეაჩერა და ის იყო, ბურთი ფეხით მოედნის ცენტრისკენ დაჰკიდა, რომ გარემარბმა ლექსო გუგავამ მორიგი კონტრიერიში წამოიწყო. ყველაფერი კი ყიასაშვილის მიერ ზუსტად დარტყმული საჯარიმოთი დასრულდა, რომელიც ზემოთ უკვე ვახსენეთ.

არმიელთა პასუხმა დიდხანს არ დაახანა. 21-ე წუთზე მორიგი საჯარიმოდან კობახიძემ ბურთი აუტში გადაიტანა. "ლელოს" ჩათვლის მოედნიდან ხუთ მეტრში "არმიამ" დერეფანი სუფთად მოიგო, მოლი შეკრა და მეტოქის ლელოში შეაღწია. ბოლოს ბურთით ხელში შერკინების კვაჭი ბექა მეკოკიშვილი იყო. კობახიძემ ვერ გარდასახა - 8:3.

ამის შემდეგ "ლელო" კიდევ უფრო გააქტიურდა და ყიასაშვილის ორი ზუსტი საჯარიმოს წყალობით ანგარიშში დაწინაურდა - 9:8. არმიელები ბევრს ეცადნენ, მეტოქისთვის კიდევ ერთი ლელო გაეტანათ, თუმცა პირველი ტაიმის ბოლო წუთზე მხოლოდ საჯარიმოს დასჯერდნენ და შესვენებაზე ორქულიანი უპირატესობით წავიდნენ - 11:9.

მეორე ტაიმი ოთხი წუთის დაწყებული იყო, როცა "არმიამ" მორიგი სალელოვე, საკმაოდ ეფექტური იერიში განახორციელა. შეტევა არმიელებმა მეტოქის ნახევარზე დერეფანში აუტის მოწოდებიდან დაიწყეს.

მორკინალებმა მარჯვენა ფრთაზე რამდენიმე მოკლე დარტყმა განახორციელეს. ცხრა ნომერმა ბიძინა სამხარაძემ დროულად შენიშნა მარცხენა ფრთაზე არმიელთა რიცხობრივი უპირატესობა და ბურთი სწრაფად გადააწოდა შუამარბ თამაზ მჭედლიძეს, რომელმაც სწორად შეაფასა შექმნილი სიტუაცია და ლელოში შეაღწია. კობახიძემ გარდასახა - 18:9.

ტაიმის დასაწყისში მიღწეული უპირატესობა "არმიამ" 68-ე წუთამდე შეინარჩუნა. 54-ე წუთზე ყიასაშვილმა საჯარიმოდან ანგარიშში სხვაობის ექვს ქულამდე შემცირება შეძლო, მაგრამ რვა წუთში კობახიძემ თანაფარდობა ისევ საჯარიმოთი აღადგინა - 21:12.

ასე გაგრძელდა 68-ე წუთამდე, მანამ, სანამ ყიასაშვილმა საჯარიმოდან კიდევ ერთხელ არ დაარტყა - 15:21. გამარჯვების მისაღწევად "ლელოს" აუცილებლად მეტოქის ჩათვლის მოედანში შეღწევა მართებდა. საამისოდ ყველა ღონესაც ხმარობდა, თუმცა მის ძალისხმევას წყალი შეეძლო "არმიის" გარემარბს, ვანო გაბროშვილს გადაესხა.

75-ე წუთზე მეტოქის ხაზი "არმიის" ცხრა ნომერმა ბიძინა სამხარაძემ გაჭრა და 22-მეტრიან ზონაში შესულმა ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედნისკენ ფეხით შეაცურა. ის გაბროშვილის ნადავლი გახდა, თუმცა ლელოში შესულ არმიელთა გარემარბს ბურთი ხელიდან გაუვარდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს შეცდომა "არმიას" ძვირად დაუჯდა.

თამაშის დასრულებას ოთხი წუთი აკლდა, როცა "ლელომ" ბოლო, თავგანწირული იერიში მიიტანა მეტოქის ლელოს მისადგომებთან. რამდენიმეფაზიანი, საკმაოდ ხანგრძლივი შეტევისას ერთ-ერთ მორკინალს ბურთი წინ გაუვარდა და ჩათვლის მოედნიდან ხუთ მეტრში "არმიის" სასარგებლოდ შერკინება დაინიშნა.

"ლელოს" მორკინალებმა მეტოქე დაჯაბნეს, ბურთის ართმევა შეძლეს და კაჭარავამ ის მარჯვნივ, გრძელ ფრთაზე მგეზავ გოდერძი ჭინჭარაულს გაუტანა. ამან მეტოქის ხაზი გაჭრა, თუმცა ზედ კარის წინ შეაჩერეს.

ლელომდე რამდენიმე სანტიმეტრიღა რჩებოდა. წარმოქმნილი რაკიდან ბურთი ისევ კაჭარავამ აიტაცა და ჩათვლის მოედანში გადადო. გამარჯვების ლელო ყიასაშვილმა გარდასახა - 22:21.

* * *

ამ მატჩის წინ "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" საქართველოში სტუმრად მყოფი ინგლისური სამოყვარულო გუნდის, "სევენ ოუქსისა" და ახლახან დაარსებული ქართული გუნდის, "ბარბაროსების" შეხვედრა გაიმართა, რომელიც ქართველმა მორაგბეებმა 22:3 მოიგეს.

A ჯგუფი
ბათუმი XV-ბაგრატი 50:19, არმაზი-აკადემია 29:18.
სატურნირო მდგომარეობა
1. ლელო - 23 ქულა, 2. არმია - 19, 3. არმაზი - 12, 4. ბათუმი XV - 9, 5. აკადემია - 5, 6. ბაგრატი - 4.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული