მორაგბეთა პირველობაზე ჩემპიონი აუტსაიდერ ვიცე-ჩემპიონს სტუმრობს

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის მეორე წრე საინტერესოდ დაიწყო. მართალია, მე-8 ტურში მოულოდნელი შედეგი არ დაფიქსირებულა, მაგრამ სატურნირო ცხრილში მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა. პლეი ოფის პოტენციურ მონაწილეთა ვინაობა თითქოს გარკვეულია, თუმცა წინ კიდევ ექვსი ტურია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

საკმაოდ მძიმე ვითარებაა სატურნირო ცხრილის მეორე ნახევარში. ყველასთვის მოულოდნელად, ბოლო საფეხურზეა შარშანდელი ვიცე-ჩემპიონი "ბათუმი XV". მას ორი ქულით უსწრებენ რუსთავის "ხარები" და თბილისის "აკადემია". მათგან არც ისე შორსაა თბილისის "არმაზიც", რომელიც პლეი ოფში მოხვედრაზე აცხადებს პრეტენზიას, თუმცა მოვლენათა არასასურველად განვითარების შემთხვევაში შესაძლოა, აუტსაიდერთა შორისაც აღმოჩნდეს.

"არმაზი" დღეს ვაკეში, "ლოკომოტივის" სტადიონის სათადარიგო მოედანზე გათამაშების ლიდერ ქუთაისის "აიას" უმასპინძლებს. ამ მატჩის შედეგს ორივე გუნდისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. "აიამ" თუ მოიგო, პლეი ოფის საგზურს გაინაღდებს. ქუთათურებმა დარჩენილი ხუთი თამაში რომც წააგონ, ოთხეულს მიღმა ვერაფრით დარჩებიან.

ცხადია, გამარჯვება ჰაერივით სჭირდება "არმაზსაც", რომელიც ჯერჯერობით გაურკვეველ ვითარებაშია. არმაზელები ვერც ლიდერობას იჩემებენ და არც აუტსაიდერთა შორის არიან. "აიასთან" მარცხით, არამაზელების მდგომარეობა შეიძლება არც გაუარესდეს, რაც კონკურენტების შედეგზეა დამოკიდებული. მოგების შემთხვევაში კი საპლეიოფო ოთხეულს მჭიდროდ მიუახლოვდება და აუტსაიდერებსაც იმდენად გაასწრებს, ოდნავი სიმშვიდე რომ იგრძნოს.

ორივე გუნდი მატჩს უდანაკარგოდ, ტრავმირებულთა გარეშე ხვდება. "არმაზი" მებრძოლი გუნდია და თუ ფიზიკურად ძლიერ ქუთაისურ შერკინებას ბოლომდე გაუძლო, შეუძლია, სენსაცია გამოაცხოს. მთავარია, წაუვა თუ არა კარში დარტყმები მგეზავ დავით კიკნაძეს.

იგივეს თქმა შეიძლება ქუთაისელთა მგეზავ გაგა სინაურიძეზეც, რომელმაც შარშანდელთან შედარებით წლეულს უფრო შედეგიანად ურტყა. ამასთან, "აიაში" გაცილებით მეტია ისეთი მოთამაშე, რომელსაც შეუძლია, ლიდერის ფუნქცია იტვირთოს და მატჩის ბედი გადაწყვიტოს.

პირველ წრეში ამ გუნდების შეხვედრა ვანში "აიამ" მოიგო - 40:31.

"ლელოს" პროგნოზით, ჩემპიონატის ლიდერი მინიმუმ შვიდი ქულით მოიგებს.

დიდ ინტერესს იწვევს თბილისური გუნდების "ვისოლი\ყოჩებისა" და "აკადემიას" დაპირისპირება, რომელიც დიდ დიღომში, "ვისოლის" სარაგბო სტადიონზე გაიმართება.

"ვისოლი\ყოჩები" მეორე წრის პირველ ტურში "აიასთან" მარცხის შემდეგ სატურნირო ცხრილში მეოთხე საფეხურზე დაეშვა და მეხუთეადგილოსან "არმაზს" ოთხი ქულით უსწრებს. ამდენად, მათთვის "აკადემიასთან" მოგება ძვირად ფასობს. უკანდასახევი გზა არც აკადემიელებს დარჩათ. წაგების შემთხვევაში მათი მდგომარეობა უკიდურესად გაუარესდება, თუმცა სანუგეშოდ ის აქვთ, რომ ორივე კონკურენტს, "ხარებს" და "ბათუმი XV"-ს თბილისში ეთამაშებიან.

პირველ წრეში "ვისოლი\ყოჩებმა" მეტოქე 25:8 დაამარცხა.

"ვისოლი\ყოჩები" ქუთათურებთან მატჩის შემდეგ კბილებს ილესავს და, ვფიქრობთ, მეტოქეს არაფერს დაუთმობს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ "აკადემიას" მოკლე სათადარიგო სკამი აქვს.

ამიტომ "ლელო" ფიქრობს, რომ "ვისოლი\ყოჩები" მინიმუმ ხუთი ქულით მოიგებენ.

ბათუმში ერთმანეთს შარშანდელი ფინალისტები, "ბათუმი XV" და თბილისის "ლელო" დაუპირისპირდებიან. მასპინძლებს უკან დასახევი გზა მოჭრილი აქვთ. რვა მატჩში მხოლოდ ერთი მოგება ვიცე-ჩემპიონისთვის კატასტროფაა.

ზღვისპირელებს აუცილებლად მოგება სჭირდებათ, თუმცა თრავმირებული გუნდის ლიდერის, მგეზავ მამუკა ნინიძის არყოფნაში საქართველოს ჩემპიონისა და თასის მფლობელის დამარცხება ერთობ რთული საქმე იქნება.

ტრავმების გამო ორი წამყვანი მოთამაშე, მგეზავი ლაშა ხმალაძე და გარემარბი ალექსანდრე თოდუა აკლია "ლელოსაც". თუმცა თბილისურ გუნდს საკმაოდ გრძელი სათადარიგოთა სკამი აქვს და მათი არყოფნა, ფაქტობრივად, არც ეტყობა.

პირველ წრეში "ლელომ" მეტოქე დიდი ანგარიშით - 44:5 დაამარცხა. ვფიქრობთ, ამჯერადაც გამარჯვება მინიმუმ ათი ქულით ჩემპიონებს დარჩებათ.

ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი და წლევანდელი გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტი, თბილისის "ლოკომოტივი" დიღომში, საკუთარ ბაზაზე უმასპინძლებს უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლ რუსთავის "ხარებს".

რკინიგზელთა გუნდმა სამშობლოში დაბრუნებული ორი ლეგიონერის დავით გასვიანისა და ზურაბ კორკოტაძის სახით შესანიშნავი შევსება მიიღო. ორივე მორკინალია და ისედაც მძიმე და საკმაოდ მობილურ შერკინებას უფრო გააძლიერებს. "ლოკომოტივს" სერიოზული პრობლემები აქვს უკანა ხაზში. დისკვალიფიცირებულია ფულბეკი ვახტანგ კავთიძე, ტრავმირებული იყო და მკურნალობდა გუნდის ლიდერი, მგეზავი ბობა კვინიხიძე, რომელმაც შესაძლოა "ხარებთან" ითამაშოს.

ყველაზე დიდი დანაკლისი კი გუნდის მთავარი მწვრთნელი თემურ ბენდიაშვილია, რომელსაც რაგბის კავშირის სადისციპლინო კომიტეტმა ერთწლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.

ამ პრობლემების მიუხედავად, "ლოკომოტივი" მაინც ერთ-ერთ მრისხანე გუნდად რჩება. პირველ წრეში რკინიგზელებმა "ხარებს" იოლად მოუგეს - 32:6.

რუსთაველებმა მეორე წრის პირველ ტურში შინ უშუალო კონკურენტ "ბათუმი XV"-ს მოუგეს და ნაკლებად სავარაუდოა, ახლა "ლოკომოტივს" შეასკდნენ. მით უფრო, რომ მალე სხვა კონკურენტებთან ელით დაპირისპირება.

"ლელოს" პროგნოზით, "ლოკომოტივი" შანსს ხელიდან არც ამჯერად გაუშვებს და მეტოქეს მინიმუმ თხუთმეტი ქულით მოუგებს.

IX ტური
არმაზი-აია, ბათუმი XV-ლელო, ლოკომოტივი-ხარები, ვისოლი\ყოჩები-აკადემია

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ

1. აია 8 7 0 1 +63 14
2. ლელო 8 6 0 2 +131 12
3. ლოკომოტივი 8 6 0 2 +69 12
4. ყოჩები 8 5 0 3 +43 10
5. არმაზი 8 3 0 5 -69 6
6. აკადემია 8 2 0 6 -34 4
7. ხარები 8 2 0 6 -113 4
8. ბათუმი XV 8 1 0 7 -93 2


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული