მე-10 ტურმა ბევრ კითხვაზე უნდა გასცეს პასუხი. ყველაზე საინტერესო იმის დადგენაა, იყო თუ არა მე-9 ტურის შედეგები კანონზომიერი. შეგახსენებთ, რომ გასულ უქმეებზე ლიდერთა ოთხეულიდან მხოლოდ ერთმა, საქართველოს ჩემპიონმა და თასის მფლობელმა თბილისის "ლელომ" მოიგო.
გათამაშების ლიდერმა ქუთაისის "აიამ" ვაკეში, "ლოკომოტივის" სტადიონის სათადარიგო მოედანზე წააგო
მე-10 ტურის ცენტრალური შეხვედრა "ლელოსა" და "ლოკომოტივის" დაპირისპირება იქნება. ეს გუნდები წლეულს უკვე ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ორივე მატჩი "ლელომ" მოიგო. პირველი შეხვედრა საქართველოს ჩემპიონატის მესამე ტურში შედგა, რომელიც ქვეყნის ჩემპიონმა უმძიმეს ბრძოლაში 9:3 მოიგო. მეორე თამაში კი საქართველოს თასის ფინალი იყო, რომელშიც ასევ "ლელომ" იყოჩაღა - 23:17 და თასს ზედიზედ მესამედ დაეუფლა.
"ლოკომოტივს" ორი წელიწადია, "ლელოსთან" თამაში უჭირს. რკინიგზელებმა ბოლო შვიდი შეხვედრიდან შვიდივე წააგეს. ამჯერად ეს გუნდები ერთმანეთს "ვისოლის" სარაგბი სტადიონზე პირველად ეთამაშებიან და ვნახოთ, ვისთვის აღმოჩნდება ის იღბლიანი.
როგორც უკვე ვთქვით, "ლოკომოტივმა" წინა ტურში, სენსაციურად წააგო ერთ-ერთ აუტსაიდერთან, რუსთავის "ხარებთან". რკინიგზელთა ძლევა რუსთაველებისთვის პირველი არ იყო. "ხარებმა" მრისხანე მეტოქე შარშანდელი ჩემპიონატის პირველივე წრეშიც დაამარცხეს. როგორც ჩანს, რუსთაველებმა "ლოკომოტივის" სათამაშო სტილს გასაღები მოარგეს. იგივეს თქმა შეიძლება "ლელოზეც", რაც დღევანდელ მატჩს ინტრიგას კიდევ უფრო მატებს.
ლელოელთა უპირატესობა "ლოკომოტივთან" და სხვა გუნდებთანაც იმაში გამოიხატება, რომ ის ბევრად უკეთ ორგანიზებული, სტაბილური კოლექტივია და აუტსაიდერებთან არ აგებს, რაც ამ გუნდის მაღალი კლასის, მისი მორაგბეების ოსტატობის დასტურია.
როგორც უნდა დამთავრდეს "ლელოსა" და "ლოკომოტივის" ეს მატჩი, ერთი რამ ცხადია, ორივე გუნდი ჩემპიონობის უმთავრესი ფავორიტია. თუ რკინიგზელებმა პირველ ტაიმში ისე ითამაშეს, როგორც "ხარებთან", მაშინ წარმატების მიღწევის იოტისოდენა შანსიც არ ექნებათ.
"ლელო" ამ თამაშის პროგნოზისგან თავს იკავებს, გამარჯვების მიღწევა ორივე გუნდს თანაბრად შეუძლია.
ჩემპიონატის ლიდერი ქუთაისის "აია" ვანის სტადიონის დისკვალიფიკაციის გამო საშინაო შეხვედრას "აკადემიასთან" თბილისში, "ლოკომოტივის" სტადიონზე გამართავს. ქუთათურებს მე-9 ტურში ცივი შხაპი თბილისის "არმაზმა" გადაასხა. "აიამ" მეორე წრე "ვისოლი\ყოჩებთან" გამარჯვებით დაიწყო, ლიდერობა განიმტკიცა და, როგორც ჩანს, მეტოქე სათანადოდ ვერ შეაფასა.
"არმაზთან" მატჩისგან განსხვავებით, ქუთაისელი მორაგბეები, სავარაუდოდ, უფრო კონცენტრირებული იქნებიან და მეტოქესაც სერიოზულად მოეპყრობიან, თუნდაც იმიტომ, რომ პირველ წრეში "ლოკომოტივის" სტადიონზე გაჭირვებით, 18:14 მოუგეს.
"აკადემიამ" მეორე წრე "ლოკომოტივთან" მარცხით დაიწყო, თუმცა მერე უმძიმეს ბრძოლაში ქულა აართვა მეოთხეადგილოსან "ვისოლი\ყოჩებს". ისე გამოვიდა, რომ აკადემიელებს პირველმა სამმა თამაშმა ლიდერებთან მოუწია. გუნდის მთავარი პრობლემა, მოკლე სათადარიგო სკამი კი, რაც დრო გადის, უფრო იჩენს თავს. ამჯერადაც "აიასთან" შეხვედრაში "აკადემიას" ტრავმების გამო შესაძლოა, ძირითადის რამდენიმე მოთამაშე დააკლდეს, რომელთა სრულფასოვნად შეცვლა გუნდის მწვრთნელებისთვის დიდ თავსატეხია.
"ლელოს" პროგნოზით, "აიას" ძალიან გაუჭირდება, თუმცა მინიმუმ ხუთი ქულით მაინც მოიგებს.
საინტერესო, უშეღავათო ბრძოლაა მოსალოდნელი ბათუმშიც, სადაც "ბათუმი XV" ლიდერის მძლეველ თბილისის "არმაზს" უმასპინძლებს. არმაზელებმა "აიას" ძლევით მნიშვნელოვნად გაიუმჯობესეს პლეი ოფში მოხვედრის შანსი, თუმცა სახიფთო ზონასაც ბევრით ვერ დასცილდნენ.
ამ მატჩის შედეგს, შესაძლოა, დივიზიონის ხელმოცარულის გამოვლენაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს. ზღვისპირელთა გუნდი, რომელმაც შარშან მთავარი სენსაცია შემოგვთავაზა, წლეულს გავარდნის პირასაა. მათ ერთადერთი შეხვედრა პირველი წრის პირველ ტურში მოიგეს და მას შემდეგ ზედიზედ რვა მარცხი იგემეს.
"არმაზმა" პირველ წრეში "ბათუმი XV"-ს შინ მძიმე ბრძოლაში 14:7 მოუგო, რაც გვაფიქრებინებს, რომ ამჯერად მინიმუმ ხუთი ქულით გამარჯვება მასპინძლებს დარჩებათ.
კიდევ ერთი სენსაციის გაჩარხვას შეეცდება "ვისოლის" სარაგბო სტადიონზე "ვისოლი\ყოჩებთან" მატჩში რუსთავის "ხარები". რუსთაველებმა მე-9 ტურში "ლოკომოტივის" დამარცხებით საგრძნობლად გამოიკეთეს სატურნირო მდგომარეობა და თუ გავითვალისწინებთ, რომ უშუალო კონკურენტებთან შეხვედრები ჯერ კიდევ წინ აქვთ, უმაღლეს ლოგაში ადგილის შენარჩუნება არ უნდა გაუჭრდეთ.
მეორე წრეში ძალიან უჭირს "ვისოლი\ყოჩებს". ეს გუნდი ჯერ "აიასთან" დამარცხდა, მერე კი "აკადემიასთან" წაგებას ბოლო წუთებზე გადაურჩა.
ისიც გასათვალისწინებელია, რომ პირველ წრეში რუსთაველებმა "ვისოლი\ყოჩებს" შინ 18:16 მოუგეს. თბილისელებს აუცილებლად გამარჯვება სჭირდებათ და ვფიქრობთ, პირველ წრეში წაგებისთვის რევანშს აიღებენ.
X ტური
ბათუმი XV -არმაზი, ლელო-ლოკომოტივი, აია-აკადემია, ვისოლი\ყოჩები-ხარები
სატურნირო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
1. აია 9 7 0 2 +62 14
2. ლელო 9 7 0 2 +145 14
3. ლოკომოტივი 9 6 0 3 +68 12
4. ყოჩები 9 5 1 3 +43 11
5. არმაზი 9 4 0 5 -68 8
6. ხარები 9 3 0 6 -112 6
7. აკადემია 9 2 1 6 -34 5
8. ბათუმი XV 9 1 0 8 -107 2
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"