ლელო პირველ ადგილზე დაბრუნდა

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატში ვითარება ყოველი ტურის შემდეგ მკვეთრად იძაბება. მეათე ტურის შეხვედრებში ყველა წყვილის ორთაბრძოლა საინტერესო იყო, თუმცა ცენტრალურ მატჩად, საქართველოს ჩემპიონაისა და თასის მფლობელის მეორეადგილოსანი "ლელოსა" და ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონ, მესამეადგილოსანი "ლოკომოტივის" დაპირისპირება მიიჩნეოდა. ლელოელებმა მეტოქეს, რომელსაც, როგორც ჩანს საკადრო პრობლემები მოეძალა, ზედიზედ მერვედ მოუგეს - 26:17.
 
ორივე გუნდს ტრავმების გამო რამდენიმე წამყვანი მოთამაშე აკლდა. თუმცა დანაკლისი რკნიგზელებს უფრო დაატყოთ. თავად განსაჯეთ, "ლოკომოტივის" მწვრთნელები იძულებულნი გახდნენ მეორეხაზელი დავით ჩიტიძე გარემარბად გაემწესებინათ.
მეტოქის მსგავსად "ლელოსაც" ტრავმების ეპიდემია სჭირს, მაგრამ საკმაოდ
გრძელი სათადარიგოთა სკამის ხარჯზე მაინც ახერხებს ჩვეული სტილით თამაშს. ლელოელებმა თამაში მეტოქეზე ბევრად კონცეტრირებულებმა დაიწყეს და პირველი ტაიმი მშრალად -13:0 მოიგეს.

ანგარიში "ლელომ" მე-9 წუთზე გახსნა. შუამარბმა ნონო ანდღულაძემ ბურთი ცენტრთან ახლოს მიიღო, მეტოქის ხაზი გაჭრა და მარჯვნივ, მოკლე ფრთაზე იერიშში ჩართო გარემარბი გოდერძი ჯოგლიძე, რომელმაც რამდენიმე მოწინააღმდეგეს გვერდი აუარა და ლელოსკენ დაიძრა. რკინიგზელებმა მისი შეჩერება ჩათვლის მოედნიდან ორ მეტრში შეძლეს. ცხრა ნომერმა გიორგი კაჭარვამ წარმოქმნილი რაკიდან ბურთი მარჯვნივ, გრძელ ფრთაზე გაიტანა, სადაც ლელოელებს რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდათ. ლელო კი უკნიდან შეტევაში ჩართულმა ფულბეკმა ირაკლი ყიასაშვილმა გაიტანა. გარდასახვა მანვე დაარტყა, თუმცა არაზუსტად - 5:0.

"ლელომ" ხუთ წუთში კიდევ ერთი, ულამაზესი ლელო გაიტანა. რკინიგზელებმა მოედნის ცენტრალურ ხაზთან ახლოს საკუთარი დერეფანი წააგეს. ლელოელებმა მრავალფაზიანი შეტევა წამოიწყეს, მორკინალების მოკლე დარტყმებს იერიშის მიმართულების ცვლით უკანახაზელების ხელდახელ ბურთაობა ცვლიდა. "ლელომ" ჯერ მარცხენა ფრთაზე შეძლო მეტოქის ჩათვლის მოედანთან მიახლოვება და, როცა შეტევა შეფერხდა, ბურთი უმალ მარჯვნივ ჩამოათამაშეს და ლელო გარემარბმა გოდერძი ჯოგლიძემ გაიტანა. ყიასაშვილმა ისევ ვერ გარდასახა - 10:0.

"ლოკომოტივი" ამის შემდეგ საგრძნობლად გააქტიურდა. "ლელო" სულ უფრო მეტ შეცდომებს უშვებდა და რკინიგზელებს სამჯერ მიეცათ ლელოს გატანის შანსი. თუმცა ვერც ერთი გამოიყენს. ბოლო მომენტში ბურთი ხელიდან უვარდებოდათ.

ტაიმის მიწურულს "ლელომ" კიდევ ერთი შეტევის ორგანიზება შეძლო, თუმცა ამჯერად მხოლოდ საჯარიმოს დასჯერდა. ყიასაშვილმა ხელსაყრელი პოზოციიდან შანის ხელიდან არ გაუშვა - 13:0.

შესვენების შემდეგ ისევ ლელოელებმა იაქტიურეს და 44-ე წუთზე მესამე ლელო გაიტანეს. მოედნის შუაგულში ჯოგლიძემ იყოჩაღა, რამდენიმე მეტოქეს ხელიდან გაუსხლტა და მარჯვნივ, მოკლე ფრთაზე იქვე მიმყოლ მეორეხაზელ ლაშა აზალაძეს გადააწოდა, ამან კიდევ უფრო მარჯვნივ, კიდისკენ შეტევაში გიორგი კაჭარავა ჩართო, რომელმაც ლელომდე ოციოდ მეტრი ირბინა. ყიასაშვილმა გარდასახა - 20:0.

"ლოკომოტივმა" ნელ-ნელა თავისი თამაში იპოვა. მორკინალებმა, როგორც სჩვევიათ, მეტოქე საგრძნობლად შეავიწროვეს, მომდევნო 20 წუთი მუდმივ შეტევებში გაატარეს და, რაც მთავარია, შედეგიანადაც. 59-ე წუთზე რკინიგზელთა თითქმის ათწუთიანი იერიში მეორეხაზელმა ბაჩუკი გუჯარაიძემ ლელოთი დაასრულა. მგეზავმა ბობა კვინიხიძემ გარდასახა - 7:20.

ოთხ წუთში "ლოკომოტივის" მორიგ შეტევას ისევ ლელო მოჰყვა. ამჯერად მრავალფაზიანი მიძალების შემდეგ ლელო პირველხაზელმა ლევან ზარიძემ გაიტანა. კვინიხიძემ ისევ გარდასახა და სხვაობა ექვს ქულამდე შეამცირა - 14:20.

თამაშის დასრულებამდე 15 წუთი რჩებოდა და რკინიგზელებს მატჩის გადარჩენის შანსი გაუჩნდათ. თუმცა, ლელოელები გონს დროულად მოეგნენ და მეტოეს დარჩენილ დროში მხოლოდ სამი ქულა დაანებეს. საჯარიმო კვინიხიძემ გაიტანა, რაზეც ყიასაშვილმა ორით უპასუხა - 26:17.

ამ გამარჯვებით "ლელომ" სატურნირო ცხრილში ბოლო წლებში მისთვის ჩვეული პირველი ადგილი დაიბრუნა.


ლელო-ლოკომოტივი 26:17

ლელო (15-9) ყიასაშვილი, ჯოგლიძე, კორკელია, ანდღულაძე (მანჯავიძე 52), გუგავა, ლომინაძე, კაჭარავა. (1-8) სანიკიძე, ჭყონია, სუჯაშვილი, ხორბალაძე, აზალაძე, ი.მაისურაძე (ჯალაღონია 65), დაუშვილი, ჭყოიძე.
3ლ: ყიასაშვილი, ჯოგლიძე, კაჭარავა. 3ს,გ: ყიასაშვილი

ლოკომოტივი (15-9) ჟამუტაშვილი, შიოშვილი, ხუციშვილი, კობერიძე, ჩიტიძე, კვინიხიძე, ღვინჯილია. (1-8) გასვიანი, ზარიძე, პეტრიაშვილი, ოზგებაშვილი, გუჯარაიძე, ნიშნიანიძე, ბერიშვილი, ზ.მაისურაძე.
2ლ: ზარიძე, გუჯარაიძე. 2გ,ს: კვინიხიძე.

მსაჯი: უ.ნარიმანიძე


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული