საქართველოს სარაგბო ჩემპიონატი: მესამე და სამართალი

AutoSharing Option
15 და 16 სექტემბერს საქართველოს ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრები გაიმართება. ორი ტურის შემდეგ დაუმარცხებლად სამი გუნდი ასპარეზობს. ესენია: თბილისის "ლელო", ქუთაისის "აია" და თბილისის "არმაზი".

ბოლო წლების მუდმივი ფავორიტი და ამჟამინდელი გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი თბილისის "ლელო" მესამე ტურში "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" ბოლო დროს საგრძნობლად მოღონიერებულ "ბათუმს" უმასპინძლებს.

ლელოელებმა პირველ ორ ტურში ორივე შეხვედრა დამაჯერებლად მოიგეს და ორივე თამაშში თითო პრემიალური ქულა მიითვალეს.

თბილისურ გუნდს საკმაოდ კარგად დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავს. მიუხედვად იმისა, რომ კლუბი რამდენიმე მორაგბემ დატოვა, შევსებაც სოლიდური მიიღო. "ლელოს"
მესამე ტურში საკმაოდ სერიოზული მეტოქე ჰყავს.

"ბათუმი", რომელიც ბოლო ხანს საგრძნობლად გაძლიერდა, წლევანდელ გათამაშებაში მხოლოდ პლეი ოფში მოხვედრისთვის იბრძოლებს.

შავიზღვისპირელებმა პირველ ტურში სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს სტუმრად "აიას" და, მარცხის მიუხედავად, შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვეს. ეს რომ შემთხვევითი ამბავი არ იყო, "ბათუმმა" შინ ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონის თბილისის "ლოკომოტივის" დამარცხებით დაამტკიცა.

წლეულს ყველაზე დიდი მოულოდნელობა თბილისის "არმაზის" წარმატებული სტარტი გამოდგა. გუნდმა ორი თამაშიდან ორივე მოიგო და თამამი საპლეიოფო განაცხადი გააკეთა.

არმაზელები რამდენიმე წლიწადია ერთი და იგივე შემადგენლობით ასპარეზობენ და გუნდი შეთამაშდა, უფრო შეკრული და მებრძოლი გახდა. თანაც სეზონის წინ შესანიშნავი შევსება მიიღო.

საფრანგეთიდან სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს ნაკრების გარემარბი ირაკლი მაჩხანელი, რომელმაც "არმაზის" შეტევითი პოტენციალი საგრძნობლად გაზარდა.

"არმაზს" მესამე ტურში ერთ-ერთ აუტსაიდერ "ყოჩებთან" უწევს თამაში, მერე კი სტუმრად დაუპირისპირდება "ბათუმს", სადაც, ვფიქრობთ, კარგად გამოჩნდება ამ გუნდის რეალური ძალა.

"ყოჩების" კრიზისი კი გრძელდება. სამიოდ გამოცდილი მოთამაშის იმედად დარჩენილი ეს გუნდი, რომელიც აქამდე მუდმივად მედლებისთვის იბრძოდა, ახლა ახალგაზრდა მოთამაშეებით ვერ ახერხებს მეტოქეებს კონკურენცია გაუწიოს. თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, გუნდი ახალგაზრდულია და სამომავლოდ, იმედია, კრიზისს ბოლო მოეღება.

კიდევ ერთი დაუმარცხებელი და ტურნირის მთავარი ფავორიტია ქუთაისის "აია", რომელიც სტუმრად ხვდება უმაღლესი ლიგის დებიუტანტ თბილისის "ილიაუნი ჯიქს". ქუთაისურმა გუნდმა სეზონის წინ სამი პირველხაზელი დაკარგა, რომლებიც საფრანგეთის ელიტური დივიზიონის კლუბებში გადაბარგდნენ.

მიუხედავად ამისა, "აიას" პირველი ხაზი მაინც მძლავრი და მობილურია. უნდა აღინიშნოს, ის ფაქტიც, რომ გუნდის ყველა ახალწვეული, მათ შორის პირველხაზელებიც, ქუთაისური სკოლის აღზრდილები არიან.

შესანიშნავი მატება აქვს "აიას" უკანა ხაზში. ახალგაზრდული ნაკრების მორაგბეები, გიორგი ფრუიძე, ზურაბ ძნელაძე და გიორგი აბრამიძე ერთ-ერთ ყველაზე პესრსპექტიულ მოთამაშეებად მიიჩნევიან.

"აიაში" ბრწინვალედაა შეხამებული გამოცდილებისა და ახალგაზრდობის სინთეზი, რაც ამ გუნდის შანსს ქვეყნის ჩემპიონი გახდეს, საგრძნობლად ზრდის.

ძალიან საინტერესო, ახალგაზრდული გუნდია "ილიაუნი ჯიქი", რომელმაც პირველი გამარჯვება უმაღლეს ლიგაში განვლილ ტურში მოიპოვა. ამ გუნდის მორაგბეები ჯერ კიდევ არ არიან ახლოს ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ საამისოდ მათ ბევრი დრო ექნებათ.

"ჯიქებისთვის" სერიოზული გამოცდად მიიჩნევა "აიასთან" დაპირისპირება. სწორედ ამ მატჩში გამოვლინდება გუნდის თამაშში არსებული ხარვეზები.

კიდევ ერთი, ძალზედ საინტერესო მატჩი გაიმართება "ავჭალის სარაგბო სტადიონზე", სადაც საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელი "არმია" ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონ თბილისის "ლოკომოტივს" ეთამაშება. ამ გუნდების ტიტულებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, კომენტარი უადგილოა.

უმაღლესი ლიგა
III ტური
არმაზი-ყოჩები, ილიაუნი ჯიქი-აია, ხარები-აკადემია, ლოკომოტივი-არმია, ლელო-ბათუმი.

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ლელო 2 2 0 0 +50 10
2. არმაზი 2 2 0 0 +31 8
3. აია 2 2 0 0 +11 8
4. არმია 2 1 0 1 +15 6
5. ლოკომოტივი 2 1 0 1 +6 4
6. ბათუმი XV 2 1 0 1 0 4
7. ჯიქები 2 1 0 1 -9 4
8. ხარები 2 0 0 2 -20 1
9. ყოჩები 2 0 0 2 -41 0
10. აკადემია 2 0 0 2 -43 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული