საქართველოს ჩემპიონატი: "ლელომ" ლიდერობა შეინარჩუნა

AutoSharing Option
თბილისური გუნდების, ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი "ლოკომოტივისა" და ბოლო წლების ყველა გათამაშების ფავორიტი "ლელოს" დაპირისპირება მუდამ დიდ ინტერესს იწვევდა.

ქართულ რაგბიში "არმიას" გამოჩენამდე, პირველობისთვის ბრძოლა, უმეტეს შემთხვევაში, სწორედ ამ გუნდებს შორის დავაში იმართებოდა.

ამჯერად ვითარება, მართალია, განსხვავებულია, თუმცა დაძაბულობა და შემართება "ლელოსა" და "ლოკომოტივის" დაპირისპირებას ოდნავაც არ მოჰკლებია. თავად ის ფაქტი, რომ მატჩის ბედი შეხვედრის დასრულებამდე სამი წუთით ადრე გადაწყდა, ბევრ რამეზე მეტყველებს. "ლელოელებმა" ბოლომდე თავდადებით იბრძოლეს და საკმაოდ ძლიერი მეტოქე 21:15 დაამარცხეს.

რკინიგზელებმა წლევანდელი სეზონი უჩვეულოდ უფერულად დაიწყეს. მე-6 ტურამდე
"ლოკომოტივს" აქტივში მხოლოდ ორი მოგება და ერთიც ფრე ჰქონდა. სრულიად განსხვავებულ ვითარებაში იმყოფება მისი მეტოქე. "ლელომ" მხოლოდ ერთი თამაში წააგო და წლევანდელი ჩემპიონატის ლიდერია.

განსხვავებულია ამ გუნდების თამაშის ხელწერაც. "ლოკომოტივის" ძლიერი მხარე მუდამ მძლავრი და მობილური შერკინება იყო. უნდა ითქვას, რომ მიმდინარე სეზონში მორკინალებს მხარი უკანახაზელებმაც აუბეს.

ხელდახელ, მწყობრი თამაშიც ისწავლეს, თუმცა აშკარაა, რომ გუნდს მაინც რაღაც აკლია - ის, რაც მას ჩემპიონატის ფავორიტთა შორის თამამად დაგვასახელებინებდა. სავარაუდოდ, ეს გამოკვეთილი ლიდერის არყოლაა, რომელიც გუნდს საჭირო მომენტში სწორი მიმართულებით წაიყვანს.

ერთი სიტყვით, მიუხედავად იმისა, რომ "ლოკომოტივს" პრობლემები ბევრი აქვს, ის ნებისმიერი ძალის მეტოქესთან ბოლომდე იბრძვის და მიზნად მხოლოდ მოგება აქვს დასახული. ეს ზოგჯერ გამოდის, ზოგჯერ არა.

რკინიგზელების მეტოქე - "ლელო" კარგად დაბალანსებული გუნდია და თუ შანსი მიეცი, აუცილებლად გამოიყენებს. ასე მოხდა მატჩის მიწურულს. საკუთარ 22-მეტრიან ზონაში რკინიგზელებმა საკუთარი შერკინება წააგეს, რის გამოც ლელოთი დაისაჯნენ და მატჩიც დათმეს.

თამაში ორმხრივი შეტევებით დაიწყო. ანგარიშის გახსნა "ლელოს" უკვე მე-2 წუთზე შეეძელო, თუმცა ფულბეკ ირაკლი ყიასაშვილს საჯარიმო გაუცუდდა. მომდევნო 10 წუთის განმავლობაში "ლოკომოტივმა" სამი გააზრებული, საკმაოდ მწყობრი იერიში განახორციელა.

აქედან ორ შემთხვევაში საჯარიმოს დარტყმის უფლება მოიპოვა, ერთხელ კი რაკში ბურთის შეყოვნებისთვის თავად დაჯარიმდა. რკინიგზელთა მგეზავმა ვახტანგ კავთიძემ მე-4 და მე-8 წუთებზე ორი საჯარიმო უზადოდ დაარტყა და "ლოკომოტივი" 6:0 დააწინაურა.

ეს ანგარიში 29-ე წუთამდე არ შეცვლილა. დროის ამ მონაკვეთში "ლელომ" ორჯერ შეძლო მეტოქის ჩათვლის მოედანთან მიახლოება, მაგრამ ორივეჯერ რაკში თამაშისას წესი დაარღვია.

მდგომარეობა მოედანზე ტაიმის დასკვნით ათ წუთში დაიძაბა. ჯერ კავთიძემ ისევ საჯარიმოთი გაზარდა ანგარიშში სხვაობა - 9:0. მერე კი "ლელო" ამოქმედდა მთელი სიმძლავრით და ანგარიშში სხვაობის მინიმუმამდე შემცირება შეძლო.

35-ე წუთზე ლელოელებმა დერეფანი მეტოქის ჩათვლის მოედნიდან 18 მეტრში მოიგეს, მოლი შეკრეს და რაც უნდა საკვირველი იყოს, რკინიგზელთა შერკინებამ წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლო. "ლელომ" მოლით 15 მეტრი გაიარა.

მერე რაკი წარმოიქმნა, საიდანაც ცხრა ნომერმა გიორგი კაჭარავამ ბურთი მარცხნივ, მოკლე ფრთაზე გაიტანა.

მგეზავმა ლაშა ხმალაძემ შეტევა კიდევ უფრო მარცხნივ, კიდისკენ განაგრძო, სადაც ბურთს მესამეხაზელი გიორგი ჭყოიძე დაეუფლა და ჩათვლის მოედანში შეაღწია. ყიასაშვილმა გარდასახვა ვერ გამოიყენა - 5:9.

ტაიმის ბოლო წუთზე "ლელომ" მორიგი იერიში წამოიწყო, რომელიც რკინიგზელებმა საკუთარი ლელოდან თხუთმეტ მეტრში წესების დარღვევით შეაჩერეს. ყიასაშვილმა ამჯერად ხელსაყრელი პოზიციიდან ზუსტად დაარტყა - 8:9. ასე დასრულდა პირველი ნახევარი.

შესვენების შემდეგ თამაში კიდევ უფრო საინტერესო გახდა. გუნდები მეტი მონდომებით ირჯებოდნენ, თუმცა შეცდომებსაც საკმარისად უშვებდნენ. დერეფანს მორიგეობით აგებდნენ და ანგარიშში საგრძნობლად დაწინაურებასაც ვერც ერთი ახერხებდა. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ ორჯერ მოედანზე ჩხუბიც ატყდა, თუმცა მატჩის არბიტრმა ვინმეს გაძევება მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

"ლელო" შეხვედრაში პირველად 56-ე წუთზე დაწინაურდა, როცა ყიასაშვილმა საჯარიმო ზუსტად დაარტყა - 11:9. რკინიგზელებმა ამაზე მალევე, სამ წუთში კავთიძის საჯარიმოთი უპასუხეს - 12:11. ლელოელებს ორჯერ შეეძლოთ ანგარიშში ისევ დაწინაურება, მაგრამ ყიასაშვილის ორი მცდელობა, არეკნით დაელაშქრა მეტოქის კარი, უშედეგო გამოდგა.

კავთიძემ 65-ე წუთზე კიდევ ერთხელ დაარტყა ზუსტად საჯარიმო და ანგარიშში სხვაობა ოთხ ქულამდე გაზარდა - 15:11. "ლელომ" პირველივე შესაძლებლობა მინიმუმამდე შეემცირებინა სხვაობა სამ წუთში გამოიყენა. საჯარიმო ისევ ყიასაშვილმა დაარტყა - 14:15.

დასკვნით ათ წუთში ორივე გუნდი ყველანაირად ცდილობდა, მატჩის ბედის სათავისოდ შემოებრუნებინა.

მაგრამ, როგორც უკვე ვთქვით, რკინიგზელებმა წარმოუდგენელი შეცდომა დაუშვეს. თამაშის დასრულებამდე სამი წუთით ადრე საკუთარი შერკინებიდან, რომელიც მათ ჩათვლის მოედნიდან 15 მეტრში იყო დანიშნული, ბურთი გამოუვარდათ. ის "ლელოს" მესამეხაზელის, გიორგი ჭყოიძის ნადავლი შეიქნა, რომელმაც შესანიშნავად შეუტია. მისი შეჩერება ლოკომოტიველებმა ზედ ლელოს ხაზის მისადგომებთან შეძლეს.

წარმოქმნილი რაკიდან ბურთი კაჭარავამ მარცხენა მოკლე ფრთაზე სწრაფად გაუტანა ლაშა ხმალაძეს, რომელმაც კიდევ უფრო მარცხნივ შუამარბ თორნიკე ცერცვაძეს გადააწოდა, რომელიც რკინიგზელთა ჩათვლის მოედანში შეხტა.

ყიასაშვილმა საკმაოდ რთული პოზიციიდან გარდასახვა ზუსტად დაარტყა - 21:15.

დარჩენილ სამ წუთში "ლოკომოტივს" გამარჯვებას მხოლოდ გარდასახული ლელო მოუტანდა. რკინიგზელებმა მცდელობა არ დააკლეს. მათთვის ჩვეული, კარგად ნაცადი შერკინების მოთამაშეების მიძალებით მეტოქის 22-მეტრიან ზონაში შეაღწიეს, მაგრამ იქ ერთ-ერთ ეპიზოდში, შებოჭილმა მოთამაშემ რაკში ბურთი შეაყოვნა და დაჯარიმდნენ. მატჩის დრო ამოწურული იყო. "ლელომ" მორიგი გამარჯვება მიითვალა და ლიდერობა შეინარჩუნა.

ლოკომოტივი-ლელო 15:21
ლოკომოტივი (15-9) წიკლაური, ჟამუტაშვილი, ჭურღულია (კობერიძე 68), ხუციშვილი, ქავთარაძე, კავთიძე, ღვინჯილია. (1-8) გასვიანი, გენებაშვილი, ელოშვილი, გეგია (კორკოტაძე 57), ცუხიშვილი, ბერიშვილი (ნიშნიანიძე 55, ახვლედიანი 75), ჩიტიძე, მაისურაძე.
5ს: კავთიძე.
ლელო (15-9) ყიასაშვილი, ნიჟარაძე, ანდღულაძე (კოპაძე 57), ცერცვაძე, გუგავა, ხმალაძე, კაჭარავა. (1-8) სანიკიძე (გოგეშვილი 55), ხიდეშელი (ბელქანია 46), სუჯაშვილი, ნიკოლაიშვილი, ქოიავა, დარასელია, მძინარიშვილი, ჭყოიძე.
2ლ: ჭყოიძე, ცერცვაძე. 3ს,გ: ყიასაშვილი.
მსაჯი: თენგიზ ჩერგოლეიშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველოს ჩემპიონატი: "აიამ" მოგება გაიხსენა
მკითხველის კომენტარები / 1 /
ავტორ ის უნდა დაწეროოოო,მსაჯმა რეები ქნა და ისიც უნდ დაწერო რომ 'ლოკო' თამაშის 80% აკონტროლებდა ბურთს !!! საზიზღარი მსჯობაა ქართულ რაგბში !
Qartveli!
01:34 11-10-2012
0

სიახლეები პოპულარული