საქართველოს ჩემპიონატის სკანდალური ტური

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის ბოლო ტური სკანდალით აღინიშნა. უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლთა მატჩი რუსთავის "ხარებსა" და თბილისის "არმაზს" შორის ჩაიშალა. პირველი ტაიმის მიწურულს, როცა არმაზელები 7:3-ს იგებდნენ, მოედანზე ჩხუბი ატყდა. მსაჯებმა მოჩხუბართა დაშოშმინება ვერაფრით შეძლეს და კომისართან კონსულტაციის შემდეგ გადაწყდა, რომ მატჩის გაგრძელება შეუძლებელი იყო.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, ცხადია, რაგბის კავშირის სადისციპლინო კომიტეტი იმსჯელებს. აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდს უმაღლესი ლიგიდან პირდაპირ გავარდნის საფრთხე არ ემუქრებოდა. მათ შორის დამარცხებული ყველაზე უარეს შემთხვევაში ბოლოსწინა, მე-7 ადგილს დაიკავებდა და პირველ ლიგაში მეორე ადგილზე გასულ
გუნდთან მოუწევდა პლეი ოფში დარჩენისთვის ბრძოლა.

უმაღლესი ლიგა კი ვიცე-ჩემპიონმა "ბათუმი XV" -მ დატოვა. ზღვისპირელებმა წლევანდელ ჩემპიონატში ძალიან ცუდად იასპარეზეს, 13 მატჩიდან მხოლოდ ორი მოიგეს და ბოლო ადგილზე არიან. უმაღლეს ლიგაში დარჩენის შანსი ბათუმელებს ბოლოსწინა ტურამდეც ჰქონდათ. საამისოდ მათ ორი დარჩენილი შეხვედრა აუცილებლად უნდა მოეგოთ, მაგრამ მე-13 ტურში შინ ვერას გახდნენ ქუთაისის "აიასთან" - 15:30.

ამ გამარჯვებით ქუთათურებმა სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი დაიბრნუნეს. ამაში მათ ხელი თბილისის "ლოკომოტივმაც" შეუწყო, რომელმაც დიღომში, "ლოკომოტივის" სარაგბო ბაზაზე ლიდერი "ვისოლი\ყოჩები" დაამარცხა " - 21:7.

"ვისოლი\ყოჩები" ბოლო ტურის წინ მე-4 საფეხურზე ჩამოქვეითდა და, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლო მატჩს უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლ "არმაზთან" გამართავს, შესარჩევ ფინალში მოხვედრა უნდა გაუჭირდეს.

საქართველოს ჩემპიონმა და თასის მფლობელმა თბილისის "ლელომ" დიდ დიღომში, "ვისოლის" სარაგბო სტადიონზე უმძიმეს ბრძოლაში მინიმალური სხვაობით მოუგო თბილისის "აკადემიას" - 17:16. აკადემიელებისთვის ეს მარცხი შესაძლოა, საბედისწერო გამოდგეს. მართალია, ბოლო ტურში ისინი შინ უმოტივაციო "ბათუმი XV"-ს ხვდებიან, მაგრამ დააღწევენ თუ არა თავს ბოლოსწინა ადგილს, სხვა მატჩების შედეგებზეც იქნება დამოკიდებული.

"ლელოს" და "აკადემიას" დაპირისპირება, როგორც უკვე ვთქვით საკმაოდ დაძაბულ, უშეღავათო ბრძოლაში წრიმართა. გამარჯვებულის ვინაობის გარკვევა არბიტრის საფინალო სასტვენამდე შეუძლებელი იყო. "ლელოს" ტრავმების გამო ლამის გუნდის ნახევარი აკლდა, სათადარიგოთა შორის იყვნენ და მეორე ტაიმიდან ჩაერთნენ თამაშში ძირითადი შემადგენლობის მორკინალები მიხეილ სუჯაშვილი, გიორგი სანიკიძე და ლაშა აზალაძე.

"აკადემიას" რომ მოკლე სათადარიგოთა სკამი აქვს, ეს ახალი არაა. გუნდის მწვრთნელმა პაატა ნარიმანაშვილმა ძირითად შემადგენლობაში რამდენიმე ახალგაზრდა მოთამაშე დააყენა. მათ შორის სამხრეთ აფრიკული სტაჟირებიდან ახლახან დაბრუნებული მერაბ შარიქაძე და ლევან გოგოლაშვილი. ერთი სიტყვით, ორივე გუნდს პრობლემები საკმაოდ მოეძალა, თუმცა "აკადემიას" უფრო რთულად აქვს საქმე: უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის უწევს ბრძოლა.

პირველი ტაიმი "ლელომ" 9:3 მოიგო. არადა, ადვილი შესაძლებელი იყო, პირიქითაც ყოფილიყო. თავად განსაჯეთ: მე-11 წუთზე "ლელო" მარჯვენა ფრთიდან უტევდა, შუამარბ გიორგი ლომინაძის გადაცემა აკადემიელმა გარემარბმა ჯაბა კიზირიამ ჩაჭრა, მეტოქის ლელომდე 60 მეტრი ირბინა და ის იყო, ანგარიში უნდა გაეხსნა, რომ "ლელოს" მგეზავი ირაკლი ყიასაშვილი წამოეწია და შებოჭა. კიზირიას ბოჭვისას ბურთი წინ გაუვარდა.

ამის შემდეგ "აკადემიას " მგეზავმა გიორგი ელიზბარაშვილმა სამჯერ სცადა არეკნით მეტოქის კარის დალაშქვრა. ერთხელ დაუფარეს, ორჯერ კი მიზანმა უმტყუნა.

სამაგიეროდ, სამი საჯარიმოდან სამივე ზუსტად დაარტყა ლელოელმა ყიასაშვილმა, რაზეც აკადემიელმა შერკინების კვაჭმა ბექა მეკოკიშვილმა მხოლოდ ერთით უპასუხა - 3:9.

მეორე ტაიმი "აკადემიამ" უფრო აქტიურად დაიწყო, დაცვაში ნაკლებ შეცდომას უშვებდა და მორკინალების მოკლე დარტყმებით მეტოქეს რაკში თამაშის წესების დარღვევას აიძულებდა. შედეგად, ელიზბარაშვილმა 57- წუთისთვის ორი საჯარიმოთი ანგარიში გაათანაბრა - 9:9.

ეს ანაგარიში მომდევნო ათი წუთის განმავლობაში აღარ შეცვლილა. 69-ე წუთზე კი დაწინაურება ისევ "ლელომ" შეძლო, ყიასაშვილმა ისევ საჯარიმო გაიტანა - 12:9.

"აკადემიამ" თამაში მოედნის ცენტრიდან განაახლა. შეცვლაზე შესულმა "ლელოს" მგეზავმა გოდერძი ჭინჭარაულმა ბურთი ჩათვლის მოედნიდან ათ მეტრში დაიჭირა და იქვე მესამეხაზელ გიორგი ჭყოიძეს მიაწოდა, რომელსაც ის ხელიდან გაუვარდა. შერკინება "აკადემიას" სასარგებლოდ დაინიშნა. შერკინებიდან ბურთი რვა ნომერმა, ნიკა ჩხიკვაძემ გამოიტანა და მარცხენა, მოკლე ფრთიდან შეუტია. მერე მარჯვნივ მესამეხაზელ ალექსანდრე მაღლაკელიძეს მიწოდა, ამან იქვე მიმყოლი შუამარბი გიორგი მოლოდინაშვილი ჩართო შეტევაში, რომელმაც ლელოში შეაღწია, მეკოკიშვილმა გარდასახა - 16:12.

ამის შემდეგ "ლელომ" თითქმის ათი წუთი მეტოქის ჩათვლის მოედნის მისადგომებთან გაატარა და მანამდე არ მოეშვა, სანამ ლელო არ გაიტანა. მორკინალებმა მოკლე დარტყმებით მოწინააღმდეგე ლელოს ხაზს მიაჯაჭვეს, ბოლოს, 78-ე წუთზე რაკიდან ბურთი ცხრა ნომერმა გიორგი კაჭარავამ აიტაცა და "ლელოსთვის" გამარჯვების ლელო გაიტანა. ყიასაშვილმა ვერ გარდასახა - 17:16.

"აკადემიამ" კიდევ ერთხელ სცადა მატჩის გადარჩენა, "ლელოს" ჩათვლის მოედანს მიუხლოვდა კიდეც, მაგრამ რაკში თამაშის წესი დაარღვია და იერიში ჩაეშალა. "ლელომ" ზედიზედ ორი წაგების შემდეგ მესამე აღარ დათმო და შესარჩევ ფინალში გასვლის შანსი გაეზარდა.

აკადემია-ლელო 16:17
აკადემია (15-9) ელიზბარაშვილი, გოგოლაშვილი, წასიძე, მოლოდინაშვილი, კიზირია, შარიქაძე, ქოპილაშვილი. (1-8) ფირცხალაიშვილი, მეკოკიშვილი, ღამბაშიძე, ნებულიშვილი, გელაძე (ბერძული 75), ნიბლაძე, მაღლაკელიძე, ჩხიკვაძე (ჩაჩუა 75).
ლ: მოლოდინაშვილი. 3ს: ელიზბარაშვილი (2), მეკოკიშვილი. გ: მეკოკიშვილი.
ლელო (15-9) ჯოგლიძე, ზაალიშვილი, კორკელია, ლომინაძე (მანჯავიძე 41), ანდღულაძე (ჭინჭარაული 68), ყიასაშვილი, კაჭარავა. (1-8) პატარაია (სანიკიძე 68), ჭყონია, გაბელაია (სუჯაშვილი 59), დაუშვილი (აზალაძე 40), ჯალაღონია, მძინარიშვილი, ხორბალაძე, ჭყოიძე.
ლ: კაჭარავა. 4ს:ყიასაშვილი.
სინბინი: კაჭარავა.
მსაჯი: გ.ამირხანაშვილი

XIII ტური
ხარები-არმაზი (ჩაიშალა), ლოკომოტივი-ვისოლი\ყოჩები 21:7, ბათუმი XV-აია 15:30,

სატურნირო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
1. აია 13 9 0 4 +79 18
2. ლელო 13 9 0 4 +141 18
3. ლოკომოტივი 13 9 0 4 +91 18
4. ყოჩები 13 8 1 4 +59 17
5. ხარები 12 5 0 7 -119 10
6. არმაზი 12 4 1 7 -101 9
7. აკადემია 13 3 2 8 -33 8
8. ბათუმი XV 13 2 0 11 -117 4
XIV ტური
არმაზი-ვისოლი\ყოჩები, ლელო-ხარები, აკადემია-ბათუმი XV, აია-ლოკომოტივი.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული