საქართველოს ჩემპიონატი: გამოცდილი "ლელო" ახალგაზრდა "ჯიქების" წინააღმდეგ

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის მეშვიდე ტურის წინ სატურნირო მდგომარეობა როგორც ცხრილის სათავეში, ისე მეორე ნაწილში საკმაოდ დაძაბულია.

ამ დროისთვის პლეი ოფში გასვლისთვის ბრძოლაში ერთბაშად ექვსი გუნდია ჩართული. ამათ შესაძლოა, კიდევ ერთი, რუსთავის "ხარები" დაემატოს, რომელსაც ერთი მატჩი თადარიგში აქვს.

ტურის ცენტრალური მატჩი გათამაშების ლიდერის, თბილისის "ლელოსა" და მესამეადგილოსანის, თბილისის "ილიაუნი ჯიქის" დაპირისპირებაა.

არაერთხელ გვითქვამს და ერთხელაც აღვნიშნავთ, რომ გათამაშების დებიუტანტის, "ჯიქების" ასპარეზობა ყველასთვის სასიამოვნო მოულოდნელობაა.

უმაღლესი ლიგის ახალბედამ შესანიშნავი სტარტი აიღო და რაც ყველაზე მკაფიოდ გამოჩნდა, "ჯიქების" შერკინება და უკანა ხაზი თანაბრად
ძლიერი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული და თანამედროვე, გამართულ რაგბის თამაშობენ.

გუნდი ძირითადად ახალგაზრდა მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული და ეს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეცაა, რადგან ხშირად, გამოუცდელობა თამაშს შესამჩნევ დაღს ასვამს.

"ლელოს" ლიდერობა კი მოულოდნელი არავისთვისაა. ეს გუნდი ბოლო ათწლეულში მუდამ მოწინავეთა შორისაა და მხოლოდ მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. მეტიც, ლელოელებს სხვებისგან გამოარჩეული თამაშის საკუთარი სტილი ჩამოუყალიბდა, რაც ამ გუნდის ხელმძღვანელების მრავალი წლის მუხლჩაუხრელი შრომის შედეგია.

ამდენად, გამოცდილი "ლელოსა" და ახალგაზრდული "ჯიქების" დაპირისპირება, ვფიქრობთ, მე-7 ტურში ყველაზე საინტერესო იქნება.

უშეღავათო ბრძოლაა მოსალოდნელი ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონის, თბილისის "ლოკომოტივსა" და ამჟამად მეოთხე ადგილზე მყოფ თბილისის "არმაზს" შორის. რკინიგზელებმა, მართალია, წლევანდელი სეზონი წარუმატებლად დაიწყეს, მაგრამ გუნდის პოტენციალიდან გამომდინარე, უნდა ველოდოთ, რომ სამომავლოდ მდგომაროებას რადიკალურად გამოასწორებს.

საამისოდ კარგი ტესტი "არმაზთან" მატჩი იქნება. არმაზელებმა სტარტზე ზედიზედ ოთხი მოგების შემდეგ, ორჯერ წააგეს და ორივეჯერ გათამაშების ფავორიტებთან. თუმცა ორივე შემთხვევაში "არმიას" და "აიასაც" ძალიან დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს.

არმაზელები წლების განმავლობაში თითქმის ერთი შემადგენლობით ასპარეზობდნენ და კარგად შეკრულ გუნდად ჩამოყალიბდნენ. მათი ძლიერი მხარე ყოველთვის შერკინება იყო, ამჟამად კი უკანა ხაზიც მძლავრად აამუშავეს და შედეგიც აშკარაა.

თუ "არმაზმა" ასევე ტრადიციულად ძლიერი მორკინალებით დაკომპლექტებული "ლოკომოტივის" მიძალებას გაუძლო, ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონს ბევრ პრობლემებს შეუქმნის.

საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელი "არმია" ერთ-ერთ აუტსაიდერ "აკადემიას" ეთამაშება და, წესით, გამარჯვების მიღწევა არ უნდა გაუჭირდეს. თუმცა აკადემიელებს სიურპრიზის შემოთავზება შეუძლიათ. ძნელი სათქმელია, რამდენად შეძლებენ თავიანთი შესაძლებლობების გამოყენებას, მაგრამ ერთი რამ ცხადია, არმიელებს იოლი გასეირნება არ ექნებათ.

კიდევ უფრო მძიმე ბრძოლა ელის სტუმრად რუსთავის "ხარებთან" საქართველოს შარშანდელი ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონ ქუთაისის "აიას".

ქუთათურთა პრობლემა ძალიან ახალგაზრდული და გამოუცდელი პირველი ხაზია. თუმცა, სავარაუდოდ, ეს "ხარებთან" მატჩში დაბრკოლებად არ უნდა იქცეს.

"აია" ახლა 15 ქულით მე-5 ადგილზეა. რუსთავში მას აუცილებლად გამარჯვება სჭირდება. პირველი წრის დარჩენილ ორ შეხვედრაში კი ქუთათურები აუტსიადერებს - "აკადემიასა" და "ყოჩებს" ეთამაშებიან. ამ გუნდებთან წარმატების შემთხვევაში "აია" საპლეიოფო ოთხეულში შესვლას შეძლებს.

საქართველოს სარაგბო ჩემპიონატი. VII ტური
ლელო-ილიაუნი ჯიქი, ლოკომოტივი-არმაზი, ხარები-აია, აკადემია-არმია, ყოჩები-ბათუმი.

სატურნირო ცხრილი
გუნდი
1 ლელო 6 5 0 1 +91 24
2 არმია 6 5 0 1 +44 22
3 ჯიქები 6 4 0 2 +31 19
4 არმაზი 6 4 0 2 +26 17
5 აია 6 3 1 2 -2 15
6 ლოკომოტივი 6 2 1 3 +8 14
7 ხარები 5 2 0 3 -21 9
8 ბათუმი 5 2 0 3 -26 5
9 აკადემია 6 1 0 5 -89 5
10 ყოჩები 6 0 0 6 -62 3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული