საქართველოს ჩემპიონატი: "აიას" რეკორდი და "ჯიქების" მარცხი დასავლეთში

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრის დასრულებამდე ერთი ტური დარჩა. განვლილი მე-8 ტურის მატჩების შედეგებმა სატურნირო ცხრილში მხოლოდ ერთი ცვლილება შეიტანა. ლიდერთა ჯგუფში ქუთაისის "აიამ" და თბილისის "არმაზმა" ადგილები გაცვალეს.

ქუთათურები ახლა მესამე საფეხურზე არიან და ნელ-ნელა უახლოვდებიან "ლელოსა" და "არმიას" საგრძნობლად დაწინაურებულ დუეტს.

მე-8 ტური იმითაც იყო გამორჩეული, რომ ქუთაისის "აიასა" და თბილისის "აკადემიას" შორის დაპირისპირებაში რეკორდული ანგარიში დაფიქსირდა. ქუთაისურმა გუნდმა შინ, "დინამოს" სტადიონზე მეტოქეს 12 ლელო გაუტანა და დიდი ანგარიშით, 76:8 მოუგო.

ყველაზე მეტჯერ აკადემიელთა ჩათვლის მოედანში პოლონეთიდან დაბრუნებულმა ფულბეკმა
სერგო კვერნაძემ შეაღწია. მის ანგარიშზე ოთხი ლელოა. ერთით ნაკლები მიითვალა გარემარბმა ზურაბ ძნელაძემ.

"აკადემიას" ასეთი ანტიგმირობის მიზეზი სეზონის წინ წამყვანი მოთამაშეების დაკარგვაა, რასაც ჩემპიონატის მიმდინარეობისას გახშირებული ტრავმიანობა დაემატა. ერთი სიტყვით, თბილისურმა გუნდმა "აიას", რომელიც ნელ-ნელა შედის სათამაშო ფორმაში და ყველასთვის მრისხანე ძალა ხდება, წინააღმდეგობა ვერ გაუწია.

ქუთათურთა გუნდისთვის კვერნაძე კარგი შენაძენია. როგორც უკვე ვთქვით, ის ამპლუით ფულბეკია, მაგრამ "აკადემიასთან" მატჩში შუამარბად მოგვევლინა და ამ პოზიციაზე უფრო ნაყოფიერი გამოდგა. სათამაშო ფორმის აღდგენის პროცესშია საფრანგეთიდან მობრუნებული ცხრა ნომერი გიორგი როხვაძე, რომელიც ორიოდ წლის წინათ ეროვნული ნაკრების კანდიდატადაც განიხილებოდა.

საკმაოდ დაძაბული გამოდგა მატჩი ბათუმში, სადაც ადგილობრივმა გუნდმა გათამაშების დებიუტანტ თბილისის "ილიაუნი ჯიქს" უმასპინძლა და 18:12 დაამარცხა. ლელოს გატანა ვერცერთმა გუნდმა მოახერხა. მასპინძელთა ექვს საჯარიმოს კი "ჯიქებმა" ოთხით უპასუხეს.

მიუხედავად იმისა, რომ "ჯიქებმა" სტარტი კარგად აიღეს, ბოლო ორ ტურში ორივე შეხვედრა წააგეს და სატურნირო ცხრილში მესამე საფეხურიდან მეხუთეზე ჩამოქვეითდნენ. ამ ახალგაზრდულ გუნდს, რომელსაც შემართება არ აკლია, ჯერ კიდევ მეტი გამოცდილება სჭირდება, რათა ჩემპიონატის ჭეშმარიტ ლიდერად ჩამოყალიბდეს.

ამასთან ერთად, ცუდი არ იქნებოდა, ორ ან სამ გამოცდილ მოთამაშესაც თუ დაიმატებდა, რომლებიც გადამწყვეტ მომენტში სწორ ტაქტიკას აირჩევენ და უფრო ეფექტურადაც გაირჯებიან.

"ილიაუნი ჯიქის" მარცხი ბათუმში, სავარაუდოდ, იმანაც განაპირობა, რომ მთავარი მწვრთნელი გიორგი ამირხანაშვილი სოფიაში იმყოფებოდა, ბულგარეთისა და ავსტრიის ეროვნული გუნდების თამაშის სამსაჯოდ. ის შეხვედრა მასპინძლებმა 12:7 მოიგეს.

საინტერესო გამოდგა ქვეყნის ჩემპიონის, "არმიასა" და მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთი აუტსაიდერის, თბილისის "ყოჩების" დაპირისპირების საწყისი 60 წუთი. ამ დროის განმავლობაში "ყოჩები" მეტოქეს ტოლ-სწორად ეპაექრებოდნენ და ანგარიშში წინ იყვნენ კიდეც - 19:17. დასკვნით ოც წუთში არმიელებმა კარგი ფიზიკური კონდიციების წყალობით მაინც შეძლეს მეტოქის წინააღმდეგობის დაძლევა - 34:19.

თბილისის "ლოკომოტივისა" და რუსთავის "ხარების" მატჩში კი უშეღავათო ბრძოლა მხოლოდ პირველ ტაიმში შედგა. რკინიგზელებმა გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება შესვენების შემდეგღა შეძლეს და დაგეგმილი გამარჯვება მიითვალეს.

გაცილებით საინტერესო მატჩის მოლოდინი ჰქონდათ ქომაგებს ტურის ცენტრალურ მატჩში, რომელშიც გათამაშების ლიდერმა "ლელომ" ახლა უკვე მეოთხე ადგილზე მყოფი თბილისის "არმაზი" დაამარცხა - 27:11.

არმაზელებმა ამ მატჩში თავიანთი შესაძლებლობის ნახევრის გამოვლენაც ვერ შეძლეს, რადგან ტრავმის გამო მგეზავი დავით კიკნაძე აკლდათ, რომელიც გუნდის თამაშის მთავარი წარმმართველია.

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ლელო 8 7 0 1 +119 33
2. არმია 8 7 0 1 +96 32
3. აია 8 5 1 2 +103 25
4. არმაზი 8 5 0 3 +20 21
5. ჯიქები 8 4 0 4 +13 20
6. ლოკომოტივი 8 3 1 4 +17 18
7. ბათუმი 7 3 0 4 -22 14
8. ხარები 7 2 0 5 -77 9
9. ყოჩები 8 1 0 7 -75 7
10. აკადემია 8 1 0 7 -194 5

IX ტური
ილიაუნი ჯიქი-არმაზი, არმია-ბათუმი, ყოჩები-აია, აკადემია-ლოკომოტივი, ხარები-ლელო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული