საქართველოს ჩემპიონატი: ვინ გახდება ზამთრის ჩემპიონი?

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის მეორე წრის პირველი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა. გათამაშებას ისევ თბილისის "ლელო" ლიდერობს, იმ განსხვავებით, რომ ამჯერად ლელოელები უახლოეს მდევარ "არმიას" ორი ქულით უსწრებენ.

ქვეყნის ჩემპიონმა და თასის მფლობელმა არმიელთა გუნდმა ჩემპიონატის დებიუტანტ "ილიაუნი ჯიქთან" არათუ პრემიალური ქულის მოპოვება ვერ მოახერხა, არამედ წაგებას გადაურჩა. არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს ახალბედა და ახალგაზრდა მორაგბეებით დაკომპლექტებული გუნდი წლევანდელი სეზონის აღმოჩენაა და ცოტა მეტი გამოცდილება რომ ჰქონდეთ, აუცილებლად ლიდერთა შორის იქნებოდნენ.

ეს სენტენცია "ჯიქებმა" "არმიასთან" მატჩშიც დაამტკიცეს, თუმცა სამართლიანობა
მოითხოვს აღინიშნოს, რომ ქვეყნის ჩემპიონს ტრავმების გამო თორმეტი მოთამაშე აკლდა. ამასთან ერთად, სამი წამყვანი მორაგბე ეროვნულ ნაკრებში იყო მივლინებული. "ბორჯღალოსნებმა" მოკლევადიანი შეკრება საფრანგეთში, ტულუზის მახლობლად გამართეს.

"არმია", ცხადია, ფავორიტია. როცა ეს გუნდი ოპტიმალური შემადგენლობით ასპარეზობს, მისი შეჩერება ძალიან ძნელია. შერკინებისა და უკანა ხაზის მწყობრი, შეხმატკბილებული თამაში არმიელთა დამახასიათებელი ხელწერაა.

"ჯიქები" კი თამამად შეიძლება დავასახელოთ ყველაზე მებრძოლ გუნდად, რომელიც ავტორიტეტებს არ უფრთხის და ყველასთან თავდაუზოგავად, მხოლოდ მოგებისთვის იბრძვის.

მორიგი გამარჯვება მოიპოვა გათამაშების ლიდერმა "ლელომ". მისი მეტოქე ერთ-ერთი აუტსაიდერი "აკადემია" იყო. ვერ ვიტყვით, რომ ლელოელებს მეტოქის ძლევა გაუჭირდათ, თუმცა მუდამ მებრძოლი სულით გამორჩეულ აკადემიელებთან სერიოზული გარჯა მოუწიათ.

ისევე, როგორც წინა რამდენიმე მატჩში, "ლელომ" ამჯერადაც მოახერხა პრემიალური ქულის აღება. სულ კი აქამდე გათამაშების ლიდერმა შვიდი პრემიალური ქულა ირგუნა, რის გამოც, "არმიას" გარდა, სხვა კონკურენტები საგრძნობლად ჩამოიტოვა.

"აკადემიას" კი ძალზედ რთული სატურნირო მდგომარეობა აქვს. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ უშუალო კონკურენტებთან ბრძოლაში უნდა შეეცადონ უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებას. მათი ყველაზე რეალური მეტოქე თბილისის "ყოჩებია", რომელიც, მართალია, თამაშიდან თამაშამდე უმატებს, მაგრამ სატურნირო ცხრილის ფსკერს თავი მაინც ვერ დააღწია.

"ყოჩების" მეტოქე მე-10 ტურში ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი თბილისის "ლოკომოტივი" იყო, რომელიც ამჟამად კრიზისშია. მიზეზი ბანალურია, მოთამაშეთა საკმაოდ დიდი ნაწილი ტრავმირებულია.

რკინიგზელებმა, მიუხედავად წარუმატებელი ასპარეზობისა (ათ მატჩში ოთხ მოგებას, ერთ ფრეს და ხუთ წაგებას ამ გუნდისთვის წარმატებად ვერაფრით აღვიქვამთ), თამაშის სტილი შეცვალეს. თუ აქამდე "ლოკომოტივი" მეტწილად მორკინალების მიძალებით თამაშს ანიჭებდა უპირატესობას, ამჯერად ხელდახელ ბურთაობაც მშვენივრად გამოსდის.

ამასთან, ისიც შესამჩნევია, რომ შერკინება ძველებურად მძლავრი და ღონიერი ვეღარ არის, რასაც ჩემპიონობისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტები კარგად იყენებენ.

ქუთაისის "აიამ", რომელიც 34 ქულით მესამე ადგილზეა, გასვლით მატჩში პრინციპულ მეტოქეს, "ბათუმს" მოუგო. ამით ქუთათურებმა სატურნირო მდგომარეობა გაიმყარეს. ბესიკ ხამაშურიძის სამწყსომ, როგორც ჩანს, პირველი წრის შუაწელში წარმოქმნილი კრიზისი დაძლია და მეხუთე ტურის შემდეგ ყველა შეხვედრა მოიგო.

ორი გამოტოვებული მატჩი აქვს სათამაშო რუსთავის "ხარებს" - ერთი ბათუმში და მეორეც შინ, ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელ თბილისის "არმაზთან". ორივე ეს მატჩი საქართველოს ნაკრების ნოემბრის ტესტების შემდეგ გაიმართება, ისევე, როგორც ჩემპიონატის მომდევნო ორი ტური. მერე კი საქართველოს ჩემპიონატში თებერვლამდე შესვენება გამოცხადდება.

XI ტური

ხარები-ილიაუნი ჯიქი, აია-არმია, ლოკომოტივი-ბათუმი, ლელო-ყოჩები, არმაზი-აკადემია.

სატურნირო მდგომარეობა

გუნდი
1 ლელო 10 9 0 1 +167 43
2 არმია 10 9 0 1 +112 41
3 აია 10 7 1 2 +133 34
4 არმაზი 9 6 0 3 +21 25
5 ლოკომოტივი 10 4 1 5 +28 22
6 ჯიქები 10 4 0 6 +11 22
7 ბათუმი 9 3 0 6 -50 14
8 ხარები 8 2 0 6 -104 9
9 აკადემია 10 2 0 8 -206 9
10 ყოჩები 10 1 0 9 -112 7

ხულიგანამ B ლიგა მოიგო
მეორე წრის პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა პირველ ლიგის აღმოსავლეთ ზონაში. გათამაშების ლიდერი თბილისის "თიბისი", რომელიც დღემდე დაუმარცხებელია, ამჯერად ისვენებდა.

მეორეადგილოსანმა პატარძეულის "ვეფხვებმა" კი შინ უმძიმეს ბრძოლაში შეძლო უშუალო კონკურენტის, თბილისის "დინამოს" დამარცხება - 29:24. "ხულიგანამ" კი სტუმრად დიდი ანგარიშით მოუგო გარდაბნის "მგლებს" 70:15 და 28 ქულით მესამე ადგილზე გადაინაცვლა. კიდევ ერთ შეხვედრაში "ივერიამ" მშრალი ანგარიში სძლია "ტონადოს" - 48:0.

დასავლეთ ზონაში კი ერთი გადადებული შეხვედრა გაიმართა. გათამაშების ლიდერმა ქუთაისის "ბაგრატმა" სტუმრად მოუგო ბათუმის "დელფინებს" - 21:11. შეგახსენებთ, რომ ქუთაისურმა გუნდმა პირველი წრე დაუმარცხებლად განვლო.

I ლიგა
აღმოსავლეთი ზონა
X ტური
მგლები-ხულიგანა 15:70, ვეფხვები-დინამო 29:24, ტორნადო-ივერია 0:48, უნივერსიტეტი-დევები (გადაიდო).

სატურნირო მდგომარეობა
1. თიბისი - 38 ქულა, 2. ვეფხვები - 29, 3. ხულიგანა - 28, 4. დინამო - 24, 5. მგლები - 19, 6. ივერია - 17, 7. ტორნადო - 13, 8. დევები - 11, 9. უნივერსიტეტი - 1.

XI ტური
ტორნადო-მგლები, დინამო-უნივერსიტეტი, თიბისი-ხულიგანა, ივერია-ვეფხვები.

დასავლეთი ზონა
გამოტოვებული მატჩი
დელფინები-ბაგრატი 11:21

სატურნირო მდგომარეობა
1. ბაგრატი - 24 ქულა, 2. რაინდები - 18, 3. დელფინები - 16, 4. არწივები - 10, 5. ჯრუჭი - 4, 6. მარტვილი - 1.

დასრულდა ჭაბუკთა B ლიგის გათამაშება. ფინალში თბილისის "ხულიგანამ" ქუთაისის პირველი გუნდი 17:7 დაამარცხა და ტურნირში პირველი ადგილი დაიკავა.

მესამე ადგილისთვის მატჩში კი თბილისის "აკადემიამ" მშრალი ანგარიშით მოუგო ფოთის "რაინდებს" - 20:0.

ჭაბუკთა B ლიგა
III ადგილისთვის
რაინდები-აკადემია 0:20

ფინალი
ხულიგანა-ქუთაისი 1 17:7

საბოლოო მდგომარეობა
1. ხულიგანა, 2. ქუთაისი 1, 3. აკადემია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული