ნიაზ მამრიკიშვილი: "ლელო" და "არმია" ყველაზე სანახაობრივ რაგბის თამაშობენ

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატში ნოემბრის ტესტების გამო დეკემბრამდე შესვენებაა.

გათამაშებაში 10 ტური ჩატარდა. შეიძლება ითქვას, რომ ჩემპიონატის პირველი ეტაპი დასრულდა, რომლის შეფასებაც საქართველოს რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელს, ნიაზ მამრიკიშვილს ვთხოვეთ.

- საქართველოს ჩემპიონატის პირველმა ეტაპმა ბევრი სიახლე წარმოაჩინა, თუმცა გათამაშების ცხრილს სათავეში ისეთი გუნდები მოექცნენ, რომელთა იქ ყოფნაც ადვილად პროგნოზირებადი იყო.

"ლელო" და "არმია" დღესდღეობით, პოტენციალის მხრივ, ყველას უსწრებენ. მათთან ახლოს დგას ქუთაისის "აია", რომელმაც დასაწყისში, როგორც ჩანს, ძალების კონცენტრირება ვერ მოახერხა, თუმცა პირველი წრის მეორე ნახევარში შესანიშნავად გამოიყურებოდა და ჩემპიონატში
გამარჯვებაზე საფუძვლიანი ამბიცია აქვს.

- მოდით, ლიდერები სათითაოდ დავახასიათოთ. დავიწყოთ პირველადგილოსანი "ლელოთი".
- "ლელოს" საქართველოს ჩემპიონატში საუკეთესო უკანა ხაზი ჰყავს, რასაც ვერ ვიტყვით ამ გუნდის შერკინებაზე.

მაშინ, როცა ლელოელები მეტოქისთვის თავიანთი თამაშის თავს მოხვევას ახერხებენ, მათი შეჩერება შეუძლებელია. ისინი მთელ მოედანზე ძალიან მაღალ ტემპში გადაადგილდებიან, რასაც მოწინააღმდეგეები ვერ უძლებენ.

მიმაჩნია, რომ "ლელოს" კონკურენტი "არმია" ყველა რგოლში თანაბრად დაბალანსებული გუნდია.

თვალშისაცემია ის ფაქტი, რომ არმიელები ყველა მეტოქეს მატჩის ბოლო 15-20 წუთში სერიოზულ პრობლემებს უქმნიან. ისინი ტემპს უმატებენ, რის საშუალებასაც გრძელი სათადარიგოთა სკამი აძლევს.

"არმიამ" მოგებული მატჩების უმრავლესობაში გამარჯვებას სწორედ დასკვნით ფაზაში მიაღწია.

ძნელი სათქმელია, მომავალში როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა ერთი რამ ცხადია - დღესდღეობით "ლელო" და "არმია" ყველაზე სანახაობრივ რაგბის თამაშობენ.

- ყველასთვის მოულოდნელად, ლიდერთა შორის არ არის ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი თბილისის "ლოკომოტივი"...
- "ლოკომოტივის" ასეთი ჩავარდნა მოულოდნელი არ ყოფილა. ამის თქმის საფუძველს გუნდის შემადგენლობა მაძლევს. ის საგრძნობლად გადახალისებულია, თუმცა მაინც მგონია, რომ ჩემპიონატის განახლების შემდეგ "ლოკომოტივი" მაინც მოახერხებს ძალების მოკრებას.

დარწმუნებული ვარ, რომ პლეი ოფში გავა. იქ კი ამ გუნდმა ყველაზე კარგად იცის, როგორ უნდა მოემზადოს ერთი კონკრეტული მატჩის მოსაგებად.

- "ლოკომოტივის" შემთხვევაში არ დამეთანხმეთ, მაგრამ ალბათ იმაში მაინც შევთანხმდებით, რომ "არმაზის" ლიდერთა შორის გამოჩენა ნამდვილად მოულოდნელობა იყო...
- არა, არც ამაში დაგეთანხმებით, "არმაზის" წარმატება მოულოდნელი არ ყოფილა. ეს გუნდი ამ გზას 3-4 წელიწადია ადგას და ბრძოლისუნარიანობის თვალსაზრისით, საქართველოში გამორჩეულია. ამას დაუმატეთ "არმაზის" "ტვინის", მოთამაშე-მწვრთნელის დავით კიკნაძის შესანიშნავი გარჯა მოედანზე და შედეგი აღარ გაგაკვირვებთ.

- კარგით, მაშინ მესამე ცდაზე იქნებ გამიმართლოს - თბილისის "ილიაუნი ჯიქის" შესანიშნავი ასპარეზობა ხომ მაინც არის ყველასთვის სიურპრიზი?
- "ილიაუნი ჯიქი" მიმდინარე ჩემპიონატის აღმოჩენაა. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდული გუნდია, ხარისხიან რაგბის თამაშობს. განსაკუთრებით კარგად აქვთ ორგანიზებული დაცვაში თამაში.

თუ ამ გუნდის მორაგბეებმა მოახერხეს ემოციების სათანადო მიმართულებით წარმართვა, პლეი ოფში აუცილებლად მოხვდებიან და იქ რას მოიმოქმედებენ, ძნელი სათქმელია.

- ბოლო ორი სეზონია, საკმაოდ შთამბეჭდავად თამაშობს რუსთავის "ხარები", თუმცა ამ გუნდს არასტაბილურობა დასჩემდა...
- "ხარებისგან" ამ სეზონში ნამდვილად გაცილებით მეტს ველოდით, მაგრამ ჩემპიონატის დაწყების წინ აღმოჩნდა, რომ ტრავმების გამო 5-7 წამყვანი მოთამაშე დააკლდათ. რუსთაველებს გრძელი სათადარიგოთა სკამი არ აქვთ და, შესაბამისად, დანაკლისის სათანადოდ შეცვლა ვერ მოახერხეს.

იმედი მაქვს, რომ მეორე წრეში შეძლებენ, ისეთივე ხარისხის რაგბი ითამაშონ, როგორსაც უკანასკნელი ორი წელიწადის განმავლობაში აჩვენებდნენ და სატურნირო ცხრილშიც წინ წაიწევენ.

- "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში წლეულს დაბრუნდა. აქედან გამომდინარე, მათი მიზანი, ალბათ, მოწინავეთა შორის ადგილის შენარჩუნება უნდა იყოს...
- ზღვისპირელებმა სეზონის დაწყების წინ სხვადასხვა გუნდიდან რამდენიმე კარგი მორაგბე მიიწვიეს. "ბათუმი" მატერიალურად ერთ-ერთი ყველაზე კარგად უზრუნველყოფილი გუნდია. აქედან გამომდინარე, მათგან გაცილებით უკეთეს თამაშს ველოდით.

საკმაოდ უცნაური გუნდია, ნებისმიერ მეტოქესთან მატჩში პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია. ბათუმელებმა თუ საკუთარ სათამაშო სტილს მიაგნეს, არ გამიკვირდება მათი პლეი ოფში მოხვედრა.

- დაბოლოს, აუტსაიდერები, "ყოჩები" და "აკადემია"....
- "ყოჩები" და "აკადემია" საქართველოში ყველაზე სტაჟიანი გუნდებია. ორივე მათგანი წლევანდელ ჩემპიონატს სისხლისგან დაცლილი შეხვდა. ამ კლუბებიდან უამრავი მოთამაშე გადაიბირეს. "აკადემიამ" ჩემპიონატში ასპარეზობა საკმაოდ საინტერესოდ დაიწყო, მაგრამ სექტემბრის ბოლოსთვის კიდევ რამდენიმე მოთამაშე დაკარგა.

მწვრთნელებს ხელმეორედ მოუხდათ გუნდის თამაშის ახალ მოთამაშეებზე გადაწყობა. იმის გამო, რომ "აკადემიას" ყველა ასაკობრივ ჯგუფში ძალიან კარგი გუნდები ჰყავს, ახერხებს, თავისივე სარეზერვო ფონდიდან ისარგებლოს და ასე შემატებული მოთამაშეების ხარჯზე მოითქვას სული.

წლევანდელი სეზონის წინ "ყოჩები" 90 პროცენტით გადახალისდა. ამასთან ერთად, შეიცვალა გუნდის მწვრთნელიც. სანდრო ესაკიას არამარტო მორაგბეების დამოძღვრა, არამედ თითქმის ყველა მატჩში ორი ტაიმის განმავლობაში მოედანზე ყოფნა უწევს. ის მოთამაშე-მწვრთნელია და პირადი თავდადების ხარჯზე ახერხებს გუნდში სულიერი ტონუსის ამაღლებას.

სეზონის დასაწყისში "ყოჩები" სუსტად გამოიყურებოდა, თუმცა ბოლო ოთხი ტურია, პროგრესს განიცდის და საინტერესოა, სად გადის ამ პროცესის ზღვარი.

- მსაჯობის თემა ქართულ რაგბიში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა...
- დიახ, მსაჯობა ერთ-ერთ ყველაზე დელიკატურ თემად რჩება. ამჟამად მიმდინარეობს თაობათა ცვლა. იმ მსაჯებს, რომლებსაც ასაკმა უწიათ, მადლობა უნდა გადავუხადოთ გაწეული გარჯისთვის.

ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მსაჯთა კომიტეტის და მისი ხელმძღვანელის, დავით შუბითიძის ხელებდაკაპიწებული შრომის შედეგი უკვე თვალნათლივ ჩანს. მოვიდა ძალიან კარგი ახალი თაობა.

პრობლემას, ცხადია, გადაწყვეტილად ვერ ჩავთვლით, მაგრამ როგორც ყოველ დარგულ ნერგს სჭირდება ნაყოფის მოსასხამად დრო, ასევე ამ ახალ თაობასაც სჭირდება გარკვეული პერიოდი, რათა შეიძინოს გამოცდილება და აიმაღლოს კვალიფიკაცია.

- რა მდგომარეობაშია ქვეყანაში სარაგბო ინფრასტრუქტურა?
- დანამდვილებით ვიცით, რომ 2013 წლის დასაწყისში ექსპლუატაციაში უნდა შევიდეს რუსთავის სარაგბო ბაზა.

მშენებლობის პროცესშია და სავარაუდოდ, მომავალ წელს დასრულდება ქუთაისის, მარტყოფის, ასპინძისა და დიდი დიღმის სარაგბო სტადიონები. ყველა ამ პროექტის სულისჩამდგმელი საქველმოქმედო ფონდი "ქართუა".

მიმაჩნია, რომ მას შემდეგ, რაც ეს ბაზები რაგბის სამსახურში ჩადგებიან, ქართული რაგბი წინ დიდ ნაბიჯს გადადგამს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული