ქართველ მორაგბეთა პირველი ლიგა: ლომები არაფერს კარგავენ

AutoSharing Option
ახლახან დასრულდა რაგბიში საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგის გათამაშება, რომელშიაც გორის "თსუ-ლომებმა" უდანაკარგოდ იასპარეზა _ 14 თამაშივე მოიგო (ბურთების შეფარდება 685:132) და პირველობასთან ერთად უმაღლესი ლიგის საგზურიც მოიპოვა. რაგბიში შიდა ქართლის პირველი გუნდის სადებიუტო სეზონშივე ასეთი წარმატება რეგიონში სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას უდავოდ შეუწყობს ხელს.

"თსუ-ლომების" შესახებ უფრო ვრცლად კლუბის გამგეობის თავმჯდომარე ბადრი ბოხუა გვესაუბრება.

_ ჩვენი კლუბი წლეულს, გაზაფხულზე "ლომების" შექმნის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდთან მისი შეერთებით ჩამოყალიბდა. გორში რაგბის კლუბის იდეა ბატონ ლადო ვარძელაშვილს ეკუთვნის, რომელიც მაშინ შიდა
ქართლის გუბერნატორად მუშაობდა. შემადგენლობა თავიდანვე ძირითადად თსუ-ს ბაზაზე დაკომპლექტდა. ხუთი მოთამაშე "ყოჩებიდან" დავიმატეთ, შემოგვიერთდა მანამდე სხვადასხვა გუნდში მოასპარეზე ექვსი გორელი მორაგბეც.

_ ასეთ შთამბეჭდავ შედეგს როგორ მიაღწიეთ?
_ ახალგაზრდული შემართებით და გამოცდილებით. ძირითად ბირთვს ზურგს უმაგრებს უმაღლესი ლიგაში ოთხი-ხუთი სეზონის გამოცდილება. სხვათა შორის, ჩვენი სამი მორაგბე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრია. წარმატებაში, ცხადია, დიდია მწვრთნელების _ საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრების კახა კობახიძისა და ლევან ცაბაძის (ლეონსიო) წვლილი.

_ კმაყოფილი ხართ საშინაო მატჩებზე მაყურებლის დასწრებით და ქომაგობით?
_ ძალიან. მაყურებელი საკმაოდ მოდიოდა სტადიონზე, მხარს გვიჭერდნენ და ვალში არც ჩვენ დავრჩენილვართ. გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ კარგად გავართვით თავი ამოცანას, გორში რაგბის პოპულარიზაციისთვის პირველი ნაბიჯები გადაგვედგა. ახლა შეგვიძლია, უმაღლეს ლიგაში ვთქვათ ჩვენი სიტყვა, სადაც, სხვათა შორის, ადგილის შენარჩუნებისთვის საბრძოლველად არ გადავსულვართ. თუ არ განელდა ადგილობრივ ხელისუფალთა ინტერესი და რამდენიმე მორაგბით გუნდის გაძლიერების შესაძლებლობა მოგვეცა, პრეტენზიას ჩემპიონობაზეც განვაცხადებთ!

_ ახალ გუბერნატორს რას ატყობთ?
_ იმედია, ბატონ ზურაბ არსოშვილის ინტერესებშიც შედის გორში რაგბის აღმასვლა. სეზონი ხომ ეს-ესაა, დასრულდა. რეგიონის და ქალაქის ხელისუფლებასთან სამომავლო გეგმებზე უთუოდ გვექნება მსჯელობა.

_ რაგბის შემსწავლელი ჯგუფები თუ მუშაობს?
_ ჯერჯერობით მხოლოდ თბილისში ფუნქციონირებს `ლომების~ ბავშვთა ასაკობრივი გუნდები. მალე გორშიც გაიხსნება სექციები. მომავალში ჩვენთან საქართველოს რაგბის კავშირის პროექტით სტადიონის აგებაც იგეგმება. გორის ერთ-ერთ უბანში ადგილი უკვე გამოყოფილი და მოსწორებულია.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული