აია ქუთაისში დაბრუნდა

AutoSharing Option
კარგა ხანია, "აიას" ქუთაისში არ უთამაშია და თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ რიონისპირა ქალაქში დიდი რაგბი "აია"-"ლოკომოტივის" დაპირისპირებით დაბრუნდა. შეხვედრამ ადგილობრივ ქომაგებში დიდი ინტერესი გამოიწვია. მოგების შემთხვევაში "აია" პრაქტიკულად ინაღდებდა პირველ ადგილს, რაც ქუთათურებს პლეი ოფის მატჩის საკუთარ მოედანზე გამართვის საშუალებას მისცემდა. "ლოკომოტივს" კი მინიმუმ მეორე ადგილის გასანაღდებლად სჭირდებოდა გამარჯვება.

როგორც ფავორიტების დაპირისპირებას შეეფერება, მოედანზე ფიცხელი ბრძოლა გაჩაღდა. ქუთაისში მთელი დღე წვიმდა, თუმცა მატჩის დაწყების წინ გამოიდარა და შეხვედრის დასრულებამდე აღარ მოუწვიმია. სველ მოედანზე ხელდახელ სწრაფი თამაში ჭირდა და ორივე გუნდმა
ძალისმიერ რაგბზე გააკეთა აქცენტი. `აიას" თავდაპირველი უპირატესობის შემდეგ თემურ ბენდიაშვილის გუნდიც გააქტიურდა. თბილისელები ძირითადად მოლით უტევდნენ და მასპინძლებს წესის დარღვევას აიძულებდნენ.

საწყის წუთებში კვინიხიძემ ორი საჯარიმო ზუსტად დაარტყა და სტუმრები დააწინაურა - 6:0 24-ე წუთზე ქუთაისელებმა მწვავე შეტევა წამოიწყეს და მეტოქის 22-მეტრიანი ზონის ხაზთან საჯარიმოს დარტყმის უფლება მოიპოვეს. სინაურიძემ ზუსტად დაარტყა და ანგარიშში სხვაობა შეამციარა-3:6.

საპასუხო შეტევისას კვინიხიძეს საჯარიმოთივე შეეძლო სტატუს კვოს აღდგენა, მაგრამ ამჯერად დარტყმა გაუცუდდა. თუმცა, 30-ე წუთზე თბილისელთა სნაიპერმა შანსი ხელიდან აღარ გაუშვა და კიდევ ერთი საჯარიმო გაიტანა - 9:3. ტაიმის ბოლო წუთებმა მასპინძლების შეტევებში ჩაიარა. ქუთათურებს ლელომდე ერთი ნაბიჯი დააკლდათ. მეტოქის 22-მეტრიან ზონაში აუტის მოგების შემდეგ ქუთათურები მოლით მიაწვნენ, შემდეგ მოლიდან სინაურიძე ბურთიანად გამოძვრა და ჩათვლის ხაზისკენ გაიქცა, თუმცა ლოკომოტიველებმა იმარჯვეს და ბოლო მომენტში შეაჩერეს.

მეორე ნახევრის დასაწყისი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. 55-წუთზე თბილისელებმა კიდევ ერთხელ მოიპოვეს საჯარიმოს დატრყმის უფლება და კვინიხიძემ კვლავ არ დააღალატა თანაგუნდელები - 12:3.

"აია" რთულ ვითარებაში აღმოჩნდა და მდგომარეობის გამოწორებას სწრაფი, მრავალფაზიანი შეტევებით შეეცადა, თუმცა ხელდახელ თამაშისას ქუთათურები ცდებოდნენ, ხშირად გადამწყვეტ მომენტში ზუსტი პასის გაკეთებას ვერ ახერხებდნენ და ამის გამო რამდენიმე მწვავე შეტევაც ჩაეშალათ. \

72-ე წუთზე სინაურიძემ თითქმის ცენტრიდან ძალიან რთული საჯრიმო გაიტანა და საკუთარ გუნდს მატჩის გადარჩენის შანსი დაუტოვა - 6:12.

ბოლო წუთებში რიონისპირელები ბევრს ეცადნენ ლელოს გატანას, ორჯერ მიზანთან ახლოსაც იყვნენ, მაგრამ მეტოქის ჩათვლის მოედნის ხაზთან მისულებმა ბურთის შენარჩუნება ვეღარ მოახერხეს. ბოლო შეტევისას მასპინძლებმა ჯარიმის დარტყმაზე უარი თქვეს და ბურთი აუტში გადააგდეს, თუმცა ლოკომოტივმა თავი კარგად დაიცვა და მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა.


აია-ლოკომოტივი 6:12
აია: (15-9) ხამაშურიძე, გოგლიჩიძე (გოშაძე 54), აშვეთია,
სინაურიძე, აბრამიძე, შარვაშიძე, როხვაძე (გოგია74), (1-8) გურეშიძე (ჩხიკვაძე 65), სხულუხია, ხეჩიკოვი (ლომიძე 41), იობიძე, მეტრეველი (ძაგნიძე52), რევიშვილი, შალამბერიძე, თხელიძე (ცირეკიძე 52), 2ს: სინაურიძე
სინბინი: ლომიძე
ლოკომოტივი: (15-9) კობერიძე, ტუჩაშვილი, ქავთარაძე, ბერძენაშვილი, ჭურღულია, ღვინჯილია, კვინიხიძე, (1-8) გასვიანი, ზარიძე (ელოშვილი7 3), პეტრიაშვილი, ოზგებაშვილი (ნიშნიანიძე 21), გუჯარაიძე, ბერიშვილი, ჩიტიძე, მაისურაძე, 4ს: კვინიხიძე
სინბინი: ბერიშვილი
მსაჯი: უ.ნარიმანიძე


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული