შესაბამისად, რკინიგზელებმა ერთი საფეხურით წაიწიეს, რეგულარული გათამაშება მეორე ადგილზე დაასრულეს და შესარჩევ ფინალში საქართველოს ჩემპიონსა და თასის მფლობელ "ლელოს" დაუპირისპირდებიან, რომელმაც პირველი ადგილი არავის დაანება.
დიდ ინტერესს იწვევდა მესამეადგილოსანი "ვისოლი\ყოჩების" შეხვედრა "არმაზთან", რომელსაც მე-13 ტურში რუსთავის "ხარებთან" ჩაშლილი მატჩის გამო საქართველოს რაგბის კავშირის სადისციპლინო კომიტეტმა წაგება ჩაუთვალა და ერთი ქულა დააკლო. არმაზელებმა
რაგბის კავშირის გამგეობის გადაწყვეტილებით, "არმაზმა" და "ხარებმა" მე-13 ტურის შეხვედრა უნდა გადაითამაშონ. ორივე გუნდს პირობითი დისკვალიფიკაცია მისცეს, ანუ იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი განმეორდება, გუნდს ავტომატურად დააქვეითებენ პირველ ლიგაში. ამასთან, სხვადასხვავადიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს "არმაზის" სამი და "ხარების" ერთი მორაგბე. "არმაზმა" ბოლო ტურის მატჩი "ვისოლი\ყოჩებთან" 26:40 წააგო და ამჟამად ბოლოსწინა ადგილზეა.
ამრიგად, სწორედ ამ გადასათამაშებელ მატჩში გაირკვევა მეშვიდეადგილოსნის ვინაობა, რომელსაც მეორეადგილოსან პირველლიგელთან, თბილისის "ივერიასთან" მოუწევს უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის ბრძოლა. ეს კი მას შემდეგ გაირკვა, რაც "ხარებისა" და "არმაზის" კონკურენტმა, თბილისის "აკადემიამ" ვაკეში, "ლოკომოტივის" სტადიონზე უმაღლესი ლიგიდან უკვე გავარდნილი "ბათუმი XV" დაამარცხა - 26:10.
რუსთავის "ხარებმა" კი დიღომში "ლელოსთან" 14:46 წააგო. გამარჯვება ორივე გუნდს ჰაერივით სჭირდებოდა. საქართველოს ჩემპიონსა და თასის მფლობელს აუცილებლად უნდა მოეგო, რათა შესარჩევ ფინალში თამაშის უფლება მოეპოვებინა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდის ძირითადი შემადგენლობის ნახევარზე მეტი დამშავებულია, ლელოელებმა მიზნის მისაღწევად ყველაფერი იღონეს და რეგულარული გათამაშება დამსახურებულად მოიგეს.
"ხარებთან" თამაში ჩემპიონებმა მძიმედ დაიწყეს. 35-ე წუთამდე მატჩი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა. ამ დროისთვის "ლელო" მხოლოდ ორი ქულის სხვაობით იგებდა - 8:6. ანგარიში მეხუთე წუთზე "ლელოს" მთავარი დამრტყმელის, ირაკლი ყიასაშვილის არყოფნაში გოდერძი ჯოგლიძემ გახსნა საჯარიმოთი - 3:0. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მან გამოცდილ თანაგუნდელზე არანაკლები ფეხჩუბინობა გამოიჩინა - ექვსი გარდასახვიდან ხუთი და სამი საჯარიმოდან ორი გაიტანა.
რუსთაველებმა სამ წუთში მიხეილ წიკლაურის საჯარიმოთივე გაათანაბრეს, ხოლო მე-20 წუთზე მან თავისიანების დაწინაურებაც შეძლო - 6:3. "ლელომ" სისწრაფეს უმატა. და 31-ე წუთზე პირველი ლელოც გაიტანა. შერკინება ლელოელთა სასარგებლოდ მეტოქის ოცდაორმეტრიან ზონაში დაინიშნა. იქიდან ბურთი რვა ნომერმა ლაშა აზალაძემ გამოიტანა და ცხრა ნომერ გიორგი კაჭარავას გადაააწოდა, ამან მარჯვნივ, მოკლე ფრთაზე შეუტია, რამდენიმე მეტრი გაირბინა და იერიშში გარემარბი ლექსო გუგავა ჩართო. მისი გაჩერება "ხარებმა" ვერ შეძლეს. ჯოგლიძემ ვერ გარდასხა - 8:6.
პირველი ტაიმის ბოლო ხუთ წუთში "ლელო" კიდევ უფრო გააქტიურდა და ორი ლელოს გატანა შეძლო. 36-ე წუთზე ლელოელთა მრავალფაზიანი იერიში ისევ გუგავამ დაასრულა. მან დროულად შენიშნა რუსთაველთა გვარიანად არეულ დაცვაში ღია სივრცე, ბურთი რაკიდან მოულოდნელად აიტაცა და ლელოში ისე შეიჭრა, მეტოქემ თვალის დახამხამებაც ვერ მოასწრო. ჯოგლიძემ გარდასხა - 15:6.
ორ წუთში წიკლაურმა ისევ საჯარიმოთი გაზარდა რუსთაველთა მონაგარი და ანგარიშში სხვაობა ექვს ქულამდე შეამცირა - 9:15. ტაიმის ბოლო წუთზე კი ლელოელებმა ისევ შერკინებიდან შეუტიეს. ამჯერად მორკინალებმა სცადეს მოწინააღმდეგის დაცვის გარღვევა. რამდენიმე მოკლე დარტყმის შემდეგ რაკიდან ბურთი "ლელოს" მოთამაშე მენეჯერმა დავით ჯალაღონიამ აიტაცა და ლელოში შეიტანა. ჯოგლიძემ ესეც გარდასახა - 22:9. ასე დასრულდა პირევლი ტაიმი.
შესვენების შემდეგ "ხარებმა" სხვაობის შემცირება მალევე მოახერხეს. 42-ე წუთზე "ლელოს" დაცვის უყურადღებობით რუსთაველმა მორკინალებმა ისარგებლეს და პირველხაზელმა სერგო მოქიამ ლელო მიითვალა. წიკლაურმა ვერ გარდასახა - 14:22.
რუსთაველებს თითქოს მატჩის გადარჩენის შანსი მიეცათ, თუმცა ლელოელთა თამაში შეცვლაზე შესულებმა საგრძნობლად გააძლიერეს. "ხარების" საქმე იმანაც გაართულა, რომ ერთ-ერთ ეპიზოდში ორწუთიანი შუალედით არბიტრმა მათი ორი მოთამაშე გაასინბინა და რვა წუთის განმავლობაში ცამეტი კაცით მოუწიათ თამაშმა.
"ლელომ", ცხადია, ამით ისარგებლა, მეტოქეს კიდევ სამი ლელო გაუტანა. სამივე შეცვლაზე შესული მოთამაშების, მიხეილ სუჯაშვილის, გიორგი ჭყოიძის და დავით დაუშვილის ანგარიშზეა. ჯოგლიძემ სამივე გარდასახა, ბოლო წუთზე საჯარიმოც გაიტანა და "ლელომ" 46:14 მოიგო.
ბოლო წლების ტრადიციის თანახმად, ჩემპიონის ტიტულს, როგორც წესი, რეგულარულ გათამაშებაში გამარჯვებული იგებს. ასე იყო შარშანაც. ვნახოთ, დაირღვევა თუ არა წლეულს ეს ტრადიცია?
ლელო-ხარები 46:14
ლელო (15-9) ჯოგლიძე, ცერცვაძე, კორკელია, მანჯავიძე (ანდღულაძე 65), გუგავა, გიორგი ჭინჭარაული (გოდერძი ჭინჭარაული 67), კაჭარავა. (1-8) პატარაია (სუჯაშვილი 50), ჭყონია (გაბელია 41), სანიკიძე, ი.დაუშვილი (დ.დაუშვილი 41), ჯალაღონია (ჭყოიძე 41), მძინარიშვილი, ხორბალაძე, აზალაძე.
6ლ: გუგავა (2), ჯალაღონია, სუჯაშვილი, ჭყოიძე, დ.დაუშვილი. 5გ,2ს: ჯოგლიძე
ხარები (15-9) შუბითიძე (მურადაშვილი 60), მელიქიშვილი, ღამბაშიძე, ლობჟანიძე, ბებიაშვილი, წიკლაური. (1-8) მაჭარაშვილი, კაკაბაძე (აღაშვილი 41), მოქია (ცინაძე 72)ბალიაშვილი, ქარუხნიშვილი, გოგიაშვილი, ქველაძე, ცხადაძე.
ლ: მოქია. 3ს: წიკლაური
სინბინი: მაჭარაშვილი, გოგიაშვილი
მსაჯი: გ.ამირხანაშვილი
XIV ტური
არმაზი-ვისოლი\ყოჩები 26:40, აკადემია-ბათუმი XV 26:10
სატურნირო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
1. ლელო 14 10 0 4 +173 20
2. ლოკომოტივი 14 10 0 4 +97 20
3. ყოჩები 14 9 1 4 +73 19
4. აია 14 9 0 5 +63 18
5. ხარები 13 5 0 8 -151 10
6. აკადემია 14 4 2 8 -17 10
7. არმაზი 13 4 1 8 -105 9
8. ბათუმი XV 14 2 0 12 -133 4
3 ნოემბერი
შესარჩევი ფინალი
ლელო-ლოკომოტივი
ვისოლი\ყოჩები-აია
8 ნოემბერი
წინასწარი ფინალი
14 ნოემბერი
ფინალი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"