საქართველოს ჩემპიონატი. XV ტური: "ლელომ" ლიდერობა გაიმტკიცა

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის ლიდერ თბილისის "ლელოსა" და ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონს, "ლოკომოტივს" შორის დაპირისპირებაში, როგორც ყოველთვის, ყველა მძიმე, უკიდურესად დაძაბულ ბრძოლას ელოდა.

ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა, რომ ამ გუნდებს შორის გამარჯვებულის ვინაობა უკვე პირველი ტაიმის შემდეგ გახდებოდა ცნობილი.

არადა, პირველი ტაიმი მართლაც საინტერესო, მოვლენათა სწრაფი ცვლით დახუნძლული გამოდგა.

მატჩში გასული ათი ლელოდან შვიდი სწორედ შეხვედრის პირველ ნახევარზე მოდის, რომელიც მეორე ტაიმზე ბევრად უკეთესი გამოდგა.

გამარჯვება ორივე გუნდს ჰაერივით სჭირდებოდა. "ლელოს" ლიდერობის განმტკიცება სურდა, "ლოკომოტივი" კი, მისთვის უჩვეულო, მეექვსე ადგილზეა და პლეი ოფში
ადგილის დაბევებას ცდილობს.

ცხადი იყო, რომ ორივე გუნდი ყველაფერს იღონებდა საწადელის მისაღწევად, მაგრამ თამაშის ასეთი უცნაური სცენარით წარმართვას არავინ ელოდა.

თამაში "ლელომ" აქტიურად დაიწყო და პირველივე იერიში შედეგიანი გამოუვიდა. მე-3 წუთზე საქართველოს ნაკრების ფულბეკმა ირაკლი ყიასაშვილმა ანგარიში გახსნა - 3:0.

წინდაწინ უნდა ითქვას, რომ ირაკლიმ გუნდს ყველაზე მეტი, 26 ქულა შესძინა. მის ანგარიშზე ორი ლელო, ორი საჯარიმო და ხუთი გარდასახვაა.

რკინიგზელებმა დიდხანს არ გვალოდინეს და ექვს წუთში საჯარიმო დარტყმით "ბორჯღალოსანთა" კიდევ ერთმა ფულბეკმა, ბექა წიკლაურმა ანგარიში გაათანაბრა - 3:3. სამი წუთის შემდეგ ლელოელებს ნერვებმა უმტყუნათ.

მატჩის ახალზელანდიელმა არბიტრმა რიჩარდ კელიმ ჩხუბის წამოწყების გამო "ლელოს" მეორეხაზელი ნოდარ ჭეიშვილი გაასინბინა, ორ წუთში კი ყვითელი ბარათი კიდევ ერთ ლელოელს, მესამეხაზელ გიორგი ჭყოიძეს უჩვენა.

"ლელო" მოედანზე 13 კაცით დარჩა, რაც რკინიგზელებმა უნარიანად გამოიყენეს და ორი ლელო გაიტანეს.

მე-16 წუთზე "ლოკომოტივმა" კარგად ნაცადი ხერხის, მოლის გამოყენება სცადა. რკინიგზელებმა დერეფანი იოლად მოიგეს, მოლი შეკრეს და მიზანთან ახლოს იყვნენ, როცა "ლელომ" თამაშის წესი დაარღვია.

ახალზელანდიელმა არბიტრმა საჯარიმო ლელო უყოყმანოდ დააფიქსირა. წიკლაურმა გარდასახა - 10:3.

"ლოკომოტივი" რიცხობრივ უპირატესობას კარგად იყენებდა და მეორე ლელო სამ წუთში მიითვალა.

რკინიგზელებმა ამჯერადაც მოლით სცადეს ფონს გასვლა, მაგრამ ლელოელები მაგრად დაუხვდნენ.

მოლიდან ბურთი მესამეხაზელმა ზვიად მაისურაძემ გამოიტანა, თუმცა მისი შეჩერება მალევე შეძლეს. წარმოქმნილი რაკიდან ბურთი ცხრა ნომერმა ირაკლი ღვინჯილიამ აიტაცა და ცრუ მოძრაობის გამოყენებით ლელოში შეაღწია. წიკლაურმა ისევ ზუსტად გარდასახა - 17:3.

"ლოკომოტივი" საგრძნობლად დაწინაურდა. ერთი შეხედვით ისე ჩანდა, რომ "ლელო" სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა. არავის ახსოვს, როდისმე რკინიგზელებს 14-ქულიანი უპირატესობა გაენიავებინოთ.

თუმცა მოხდა საპირისპიროდ. მას შემდეგ, რაც "ლელოს" ორივე გაძევებული მოედანზე დაბრუნდა, ანგარიშში დასაწინაურებლად რვა წუთი დასჭირდათ. დასკვნით ათ წუთში კი ლელოელებმა მეტოქის ჩათვლის მოედნის ხაზი ოთხჯერ გადაკვეთეს.

ანგარიშის შემცირება 23-ე წუთზე მგეზავის, ლაშა ხმალაძის არეკნით დაიწყო - 6:17. ორ წუთში კი "ლელოს" შერკინების კვაჭმა რეზო ბელქანიამ იერიში მოედნის საკუთარი ნახევრიდან წამოიწყო და მარცხენა ფრთაზე შეტევაში გარემარბი ალექსანდრე ნიჟარაძე ჩართო. მერე შეტევა ლაშა ხმალაძემ განაგრძო. მას შუამარბი თორნიკე ცერცვაძე წამოეშველა და ასე ხელდახელ ბურთაობით მიაღწიეს "ლოკომოტივის" ჩათვლის მოედნამდე.

იქ ხმალაძემ ბურთი ცხრა ნომერ გიორგი კაჭარავას გადააწოდა, რომელსაც ხელს აღარავინ უშლიდა. ყიასაშვილმა გარდასახვა ზუსტად დაარტყა - 13:17.

ხუთ წუთში ისევ კაჭარავამ იყოჩაღა. "ლელომ" ხუთმეტრიანი დერეფანი სუფთად მოიგო და მოლის აგორება სცადა. თამაში რაკში გადავიდა. მორკინალების ორი მოკლე დარტყმის შემდეგ ბურთი კაჭარავამ აიტაცა და ცრუ მანევრით მეტოქის მცველები უსაქმოდ დატოვა. ყიასაშვილმა ამჯერადაც ივარგა - 20:17.

კაჭარავამ ეს ლელო 31-ე წუთზე გაიტანა. ლელოელებმა საკუთარი თამაში იპოვეს და ტაიმის დასრულებამდე დარჩენილ ცხრა წუთში კიდევ სამი ლელო მიითვალეს. ჯერ შერკინების კვაჭმა რეზო ბელქანიამ იყოჩაღა და კარგად დაძრული მოლის შემდეგ ჩათვლის მოედანში შეაღწია.

მერე მრავალფაზიანი, მიმართულების ცვლით განხორციელებული შეტევა გარემარბმა ლექსო გუგავამ რაკიდან მორკინალის სტილში, აიღე-მიეძალეთი დაასრულა; ბოლოს კი მეორეხაზელმა ნოდარ ჭეიშვილმა "დანაშაული" გამოისყიდა, მოედნის ცენტრში მეტოქის ხაზი გაჭრა, ლელომდე ირბინა და იქ ბურთი იქვე მიმყოლ ირაკლი ყიასაშვილს გადააწოდა, რომელმაც ამ სამი ლელოდან მხოლოდ ერთი ვერ გარდასახა - 39:17. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

მატჩის გამარჯვებულის ვინაობა ცხადი გახდა. გასარკვევი ისღა იყო, შეძლებდა თუ არა "ლელო" პრემიალური ქულის მოპოვებას, ანუ მატჩში მეტოქეზე სამზე მეტი ლელოს გატანას. მეორე ტაიმის დასაწყისმა თითქოს იმედი ჩაუსახა ლელოელთა ქომაგებს, რომ გუნდი მიზანს მიაღწევდა, მით უფრო, რომ 61-ე წუთზე მორიგი იერიშის შედეგად ყიასაშვილმა მარჯვენა ფრთაზე, კიდესთან ახლოს კიდევ ერთი ლელო გაიტანა, რომელიც თვითონვე გარდასახა - 49:17.

თუმცა "ლოკომოტივმა" ფარ-ხმალი არ დაყარა, ბოლომდე იბრძოლა და მატჩის დასკვნით ათ წუთში ორი ლელოს გატანა მოახერხა. თავი გარემარბმა გიორგი ბიწაძემ და მესამეხაზელმა ზვიად მაისურაძემ გამოიჩინეს. შუამარბმა ვახტანგ კავთიძემ ერთი ლელო გარდასახა - 29:49. შედეგად, "ლელო" პრემიალურის გარეშე დარჩა.

ლელო-ლოკომოტივი 49:29
ლელო (15-9) ყიასაშვილი, ნიჟარაძე, ანდღულაძე, ცერცვაძე (კოპაძე 66), გუგავა (გეგენავა 44), ხმალაძე, კაჭარავა. (1-8) გოგიშვილი (სანიკიძე 57), ბელქანია (ხიდეშელი 74), პატარაია, ჭეიშვილი (ხორბალაძე 62), ქოიავა, მძინარიშვილი, დარასელია, ჭყოიძე (სურგულაძე 65).
6ლ: კაჭარავა (2), ყიასაშვილი (2), ბელქანია, გუგავა. 5გ,2ს: ყიასაშვილი. ა: ხმალაძე.
სინბინი: ჭეიშვილი, ჭყოიძე.
ლოკომოტივი (15-9) წიკლაური, (კობერიძე 63), ბიწაძე, ჭურღულია (შიოშვილი 50), კავთიძე, ქავთარაძე, კვინიხიძე. (1-8) გასვიანი, გენებაშვილი, მარსაგიშვილი, გეგია, ცუხიშვილი, სულთანიშვილი, ჩიტიძე (ფოფხაძე 47), მაისურაძე.
4ლ: ღვინჯილია, მაისურაძე, ბიწაძე, საჯარიმო. 3გ: კავთიძე, წიკლაური (2). ს: წიკლაური.
მსაჯი: რიჩარდ კელი (ახალი ზელანდია)

"ჯიქებმა" მიზანს მიაღწია, პლეი ოფი ჯიბეშია
საქართველოს ჩემპიონატის დებიუტანტი, მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდული გუნდი თბილისის "ჯიქები" დიდი ხანია, შეჯიბრების აღმოჩენად აღიარეს. ერთი თბილისური უბნის გუნდი უმაღლეს ლიგაში საკმაოდ მრისხანე ძალად იქცა.

აღსანიშნავია, რომ "ჯიქებმა" ზამთრის არდადეგები ნაყოფიერად გამოიყენა. გუნდი ახლა უფრო დაღვინებულის, თავის შესაძლებლობებში მტკიცედ დარწმუნებულის შთაბეჭდილებას ტოვებს.

გიორგი ამირხანაშვილის სამწყსომ საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპზე სამი თამაშიდან სამივე მოიგო და მოწინავეთა შორის გაიმყარა პოზიცია.

წინა, მე-14 ტურში დებიუტანტებმა ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი "ლოკომოტივი" დაამარცხეს - 15:13. ამჯერად კი საკმაოდ იოლად სძლიეს მეორე, არანაკლებ სახელოვან და ტიტულოვან თბილისის "ყოჩებს" - 45:8, რომელსაც ძნელბედობის ჟამი უდგას და 7 ქულით აუტსაიდერია.

"ჯიქებმა" თამაში აქტიურად დაიწყო და ლელო მეორე წუთზე გაიტანა. მოედნის ცენტრის მისადგომებთან მეტოქის დაცვის ხაზი მათმა მეორეხაზელმა, გიორგი მჭედლიშვილმა გაჭრა და "ყოჩების" 22-მეტრიან ზონაში შეაღწია.

იქ წარმოქმნილი რაკიდან ცხრა ნომერმა ალექსანდრე ზაბახიძემ ბურთი მარცხნივ, ხაზზე გამოათამაშა და ჩათვლის მოედანში გარემარბმა გიორგი ნოზაძემ შეაღწია. შუამარბმა ვლადიმერ კუპრეიშვილმა გარდასახვა ზუსტად დაარტყა - 7:0.

"ყოჩებმა" ათ წუთში საჯარიმოდან შეძლო ანგარიშის შემცირება. ზუსტად მათი მგეზავი გიორგი გაბუნია გაისარჯა - 3:7. პირველი ტაიმის დარჩენილ დროში, ვერ ვიტყვით, რომ "ჯიქები" აშკარა უპირატესობას ფლობდა, თუმცა ორი ლელოს გატანა მაინც მოახერხა. დასკვნით 15 წუთში მათი მესამეხაზელის, ჯაბა კიკვიძის ბენეფისი შედგა.

28-ე წუთზე "ჯიქებმა" მორიგი სწრაფი იერიში წამოიწყო, რომელიც მორკინალების მოკლე დარტყმებით გაგრძელდა და კიკვიძის ლელოთი დასრულდა. ტაიმის ბოლო წუთზე კი მანვე საკუთარი მოედნის 22-მეტრიანი ზონიდან წარმოუდგენელი სოლო-რეიდი განახორციელა.

კიკვიძემ მეტოქის მორაგბეთა შორის ისე გაიარა, ხელით წაპოტინებაც ვერავინ შეძლო და "ჯიქების" ერთ-ერთმა ლიდერმა ლელომდე ოთხმოცი მეტრი ირბინა. კუპრეიშვილმა ესეც გარდასახა - 21:3.

შესვენების შემდეგ, მეორე ტაიმის საწყის ათ წუთში "ჯიქების" უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა. დროის ამ მონაკვეთში გატანილმა კიდევ ორმა ლელომ საბოლოოდ ცხადყო, რომ "ყოჩებს" გამარჯვების მოპოვების შანსი აღარ დარჩათ.

46-ე წუთზე ისევ "ჯიქების" მორკინალებმა იაქტიურეს, მეტოქე საგრძნობლად შეავიწროვეს.

ჩათვლის მოედანთან ახლოს წარმოქმნილი რაკიდან ბოლოს ბურთი შეცვლაზე შესულმა მეორეხაზელმა გიორგი ტალახაძემ აიტაცა და ლელოში შეიტანა. კუპრეიშვილმა გარდასახვა ზუსტად დაარტყა - 28:3.

ამას ოთხ წუთში აუტიდან ხელდახელ გათამაშებული კომბინაცია მოჰყვა, რომელშიც წვლილი მთელმა უკანა ხაზმა შეიტანა. ლელო კი ფულბეკის, დიტო კიკნაძის ანგარიშზეა. შეცვლაზე შესულმა ნუგზარ გიორგაძემ ვერ გარდასახა - 33:3.

"ყოჩებს", 30-ქულიანი ჩამორჩენის მიუხედავად, ბრძოლა წამითაც არ შეუწყვეტია და 53-ე წუთზე ერთი პრესტიჟის ლელოს გატანა მოახერხა. თავი ფულბეკმა ლუკა კვარაცხელიამ გამოიჩინა, გაბუნიამ გარდასახვა ვერ გამოიყენა - 8:33.

მატჩის დარჩენილ დროში ისევ "ჯიქები" დომინირებდა და მეტოქის ჩათვლის მოედანში კიდევ ორჯერ შეაღწია. ორივე ლელო უკანახაზელების, რამაზ ხარაზიშვილისა და კოტე ჯმუხაძის ანგარიშზეა.

გიორგაძემ მხოლოდ ერთის გარდასახვა მოახერხა და "ჯიქებმა" დიდი ანგარიშით დაამარცხა მეტოქე - 45:8 და ამ გამარჯვებით პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა. ახლა გასარკვევი ისღაა, რომელ ადგილზე დაასრულებს დებიუტანტი რეგულარულ გათამაშებას.

* * *

ტურის დანარჩენი მატჩებიდან აღსანიშნავია მესამეადგილოსანი ქუთაისის "აიას" გამარჯვება სტუმრად თბილისის "არმაზთან" - 19:7, რომელიც ახლა უკვე რვა ქულით ჩამორჩება ქუთათურთა გუნდს.

ასევე პრინციპული მატჩი გაიმართა "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლთა შორის.

თბილისის "აკადემიამ", რომელიც სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილზეა, უშუალო კონკურენტთან, "ბათუმთან" წააგო - 15:30. შავიზღვისპირელები ახლა მეტოქეს ერთი ქულით უსწრებენ და თანაც, თადარიგში ერთი მატჩი აქვთ.

ყოჩები-ჯიქები 8:45
ყოჩები (15-9) კვარაცხელია, ხულელიძე (გ. ჯმუხაძე 55), კობაური, გუშაშვილი, მახარაშვილი, გაბუნია, ჯაფარიძე. (1-8) ესაკია (ჭიღლაძე 50), ცუცქირიძე, შენგელია, ტვილდიანი, როყვა (მირზაშვილი 60), თოდაძე, ცაგარეიშვილი, მალაღურაძე.
ლ: კვარაცხელია. ს: გაბუნია.
ჯიქები (15-9) კიკნაძე, ხარაზიშვილი, კუპრეიშვილი, ამაშუკელი (კ. ჯმუხაძე 41), ნოზაძე (გიორგაძე 38), კალანდაძე, ზაბახიძე. (1-8) გოგოლაძე, სვანიძე, ოქრიაშვილი, მიქაძე (ტრაპაიძე 29), მჭედლიშვილი (ტალახაძე 18), ტუჩაშვილი, შენგელია, კიკვიძე.
7ლ: კიკვიძე (2), ნოზაძე, კ. ჯმუხაძე, კიკნაძე, ხარაზიშვილი, ტალახაძე. 5გ: კუპრეიშვილი (4), გიორგაძე.
მსაჯი: ნოდარ რობიტაშვილი

XV ტური
არმაზი-აია 7:19
აკადემია-ბათუმი 15:30
ხარები-არმია 18:21

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ლელო 15 13 0 2 +226 61
2. არმია 15 13 0 2 +149 60
3. აია 15 10 2 3 +174 50
4. არმაზი 15 10 0 5 +30 42
5. ჯიქები 15 8 0 7 +61 40
6. ლოკომოტივი 15 5 2 8 0 30
7. ხარები 14 4 0 10 -99 21
8. ბათუმი 14 4 0 10 -98 19
9. აკადემია 15 4 0 11 -240 18
10. ყოჩები 15 1 0 14 203 7

XVI ტური
არმია-აკადემია, აია-ხარები, ბათუმი-ყოჩები, არმაზი-ლოკომოტივი, ჯიქები-ლელო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული