"ჯიქები" ქართული რაგბის სინამდვილეში ნამდვილად მოვლენაა. ჩემპიონატის დებიუტანტმა, ამ ახალგაზრდა გუნდმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა.
თექვსმეტი ტურის შემდეგ მის აქტივში 9 გამარჯვებაა. "ჯიქების" მიერ ძლეულთა შორის ბოლო წლების ლიდერები "ლოკომოტივი", "აია" და ახლა "ლელოცაა".
გიორგი ამირხანაშვილის სამწყსო, რომელიც უმთავრესად ბოლომდე, თავდადებული ბრძოლისუნარიანობით გამოირჩევა, სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა და პლეი ოფის საგზური განაღდებული აქვს, რაც დებიუტანტისთვის უდავოდ დიდი წარმატებაა.
შეხვედრა წუთიერი დუმილით დაიწყო. ტრიბუნაზე მყოფმა მაყურებელმა პატივი მიაგო ლეგენდარული ქართველო მორაგბის ნუგზარ ძაგნიძის ხსოვნას.
"ჯიქების" უპირატესობა თამაშის პირველივე წუთებზე გამოიკვეთა. "ლელოს" სხვადასხვა მიზეზის გამო რამდენიმე წამყვანი მოთამაშე აკლდა.
მატჩის წარმართვის და გეზის მიცემის მისია ლელოელთა თავკაცმა ლევან მაისაშვილმა ძმებს გოდერძი და გიორგი ჭინჭარაულებს ანდო.
იმთავითვე უნდა ითქვას, რომ მათ დავალებას თავი ვერ გაართვეს. უფროსი ძმა, რომელიც ცხრა ნომრის პოზიციაზე თამაშობდა, პირველ ტაიმშივე გიორგი კაჭარავამ შეცვალა.
უმცროსმა, გოდერძიმ კი დასაწყისში ფეხით რამდენჯერმე სცადა ბურთის 22-მეტრიანი ზონიდან აუტში გადატანა, მაგრამ ვერაფრით შეძლო. მოგვიანებით, თამაშის ეს კომპონენტი გამოასწორა, თუმცა გვიანღა აღმოჩნდა.
"ჯიქები", როგორც უკვე აღვნიშნეთ, თავიდანვე აქტიურად ირჯებოდნენ და მე-13 წუთისთვის უკვე 10:0 იგებდნენ.
მოვლენების ასეთ განვითარებას არავინ ელოდა. მეტიც "ჯიქების" დამრტყმელმა პირველ ტაიმში ოთხი საჯარიმო ვერ გაიტანა, შესვენების შემდეგ კი, ორი.
"ლელო" მეტოქის მოედნის ნახევარზე გადასვლას დიდხანს ვერ ახერხებდა. "ჯიქების" დამრტყმელმა რამაზ ხარაზიშვილმა საწყის სამ წუთში ორი საჯარიმო ვერ გაიტანა, თუმცა მე-8 წუთზე მესამე ცდით ანგარიშის გახსნა შეძლო - 3:0.
ხუთი წუთის შემდეგ "ჯიქების" ძალისხმევამ კიდევ ერთხელ გამოიღო შედეგი. ჭინჭარაულის ფეხით გადაკიდებული ბურთი შუამარბის, ნიკა ბიწაძის ნადავლი შეიქნა, რომელმაც რამდენიმე მეტრით წინ წაიწია და ბურთი ჩათვლის მოედნისკენ ფეხით შეაცურა, მიჰყვა და ლელო კარის ძელებს შორის გაიტანა. ხარაზაშვილმა გარდასახა - 10:0.
ლელოელებმა ნელ-ნელა თამაშის დალაგება შეძლეს და პირველი ტაიმის დასრულებამდე ათი წუთით ადრე ლელოს გატანა და ანგარიშის შემცირება შეძლეს. მათ ხუთმეტრიანი დერეფნიდან მოლი შეკრეს, მძლავრი ბიძგებით "ჯიქებს" უკან დაახევინეს და ლელო შერკინების კვაჭმა რეზო ბელქანიამ მიითვალა. ფულბეკმა ირაკლი ყიასაშვილმა გარდასახა - 7:10. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.
შესვენების შემდეგ, ბრძოლა კიდევ უფრო გამძაფრდა. მატჩის ახალზელანდიელმა არბიტრმა ჯამში ხუთი მორაგბე გაასინბინა, აქედან სამი ლელოელი იყო. 63-ე წუთზე ხარაზიშვილმა საჯარიმო ცენტრიდნ გაიტანა - 13:7. ამაზე ჭინჭარაულმა საჯარიმოთივე უპასუხა და ანგარიში ისევ სამ ქულამდე შეამცირა - 10:13.
უკიდურესად დაძაბულ ვითარებაში "ჯიქები" უფრო ყურადღებით გაისარჯა, კიდევ ერთი საჯარიმოს დარტყმის უფლება მოიპოვა, რომელიც ხარაზიშვილმა ისევ გაიტანა და მიუხედავად იმისა, რომ "ლელო" მატჩის დარჩენილ დროში ყველაფერს ეცადა თამაშის გადასარჩენად, უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა - 16:10.
ჯიქები-ლელო 16:10
ჯიქები (15-9) კიკნაძე (გიორგაძე 65), ხარაზიშვილი, ბიწაძე, ბერძული, კუპრეიშვილი, კალანდაძე, ზაბახიძე. (1-8) ოქრიაშვილი (ტალახაძე 41), სვანიძე, გაგნიძე (ოქრომელიძე 47), მიქაძე (ტრაპაიძე 55), გოგოლაძე, ტუჩაშვილი, შენგელია, კიკვაძე (მიქძე 62).
ლ: ბიწაძე. 3ს,გ: ხარაზიშვილი.
სინბინი: კიკვაძე, ტრაპაიძე.
ლელო (15-9) ყიასაშვილი (ნიჟარაძე 41), ზაალიშვილი, კოპაძე, გეგენავა, გოდ. ჭინჭარაული, გიორ. ჭინჭარაული (კაჭარავა 35, ხიდეშელი 75). (1-8) გოგიშვილი, ბელქანია, ბარბაქაძე (სანიკიძე 41), ხორბალაძე (სურგულაძე 54), ქოიავა, დარასელია (მძინარიშვილი 41), კოლელიშვილი (ნიკოლეიშვილი 41), ჭყოიძე.
ლ: ბელქანია. გ: ყიასაშვილი. ს: გოდ. ჭინჭარაული
სინბინი: კოპაძე, სანიკიძე, ბელქანია.
მსაჯი: რიჩარდ კელი (ახალი ზელანდია).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველოს ჩემპიონატი: "ხარებმა" ტალახში ვერ გაქაჩეს