ქუთაისელებს ბუნებამაც შეუწყო ხელი, მზიანმა ამინდმა "აიას" "დინამოს" სტადიონზე თამაშის საშუალება მისცა. ავდრის შემთხვევაში ქუთათურები ალტერნატივად ვანის სტადიონს განიხილავდნენ, თუმცა მოედნის შეცვლა აღარ დასჭირდათ.
საინტერესოა, რომ "აიამ" წლევანდელ ჩემპიონატის რეგულარულ გათამაშებაში ორად-ორი ფრე ითამაშა და ორივე "ლოკომოტივთან" შეხვედრაში.
პირველ წრეში ქუთაისში გამართულ მატჩში გუნდები ერთმანეთს 25:25 დაუზავდნენ, თბილისური შეხვედრა კი 13:13 დასრულდა.
ამ გუნდებს შორის ყოველთვის თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა და ფრე
თუმცა პლეი ოფის მატჩს გამარჯვებული აუცილებლად უნდა გამოევლინა, საყაიმო ანგარიშის შემთხვევაში კი ეს ის გუნდი იქნებოდა, რომელიც მეტოქეს უფრო მეტ ლელოს გაუტანდა.
ანგარიშიდანაც მიხვდებით, რომ ამ მიზნით ლელოების დათვლა საჭირო აღარ გამხდარა. "აიამ" შანსი ხელიდან არ გაუშვა და "ლოკომოტივის" დამარცხებით შემდეგ ეტაპზე გავიდა. თამაში ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოდგა. თავიდან ქუთაისელთა ამოდენა სხვაობით გამარჯვებას არაფერი მოასწავებდა.
სტუმრებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს. ქუთაისელები განსაკუთრებით ლოკომოტიველთა მგეზავმა ბექა წიკლაურმა გააწამა, რომელმაც საწყის წუთებში ზედიზედ ორი არეკნი გაიტანა და საკუთარი გუნდი დააწინაურა - 0:6.
ამ შედეგიან დარტყმებს შორის მას ჯარიმის გატანის შანსიც მიეცა, მაგრამ ბურთი ძელებს შორის ვერ გაატარა. ქუთაისელებმა გაგა სინაურიძის ზუსტი საჯარიმო დარტყმით შეამცირეს ანგარიში - 3:6. ამის შემდეგ მეტოქეებმა თითო-თითო საჯარიმო გაცვალეს, თუმცა ვერც წიკლაურმა და ვერც სინაურიძემ ამჯერად ზუსტად ვერ დაარტყეს.
28-ე წუთზე სინაურიძემ შანსი ხელიდან აღარ გაუშვა და ანგარიში გაათანაბრა - 6:6. ქუთაისელები შეტევებში უფრო თამამად წავიდნენ. ისინი ცდილობდნენ, ხელით თამაშში დაეჩაგრათ მეტოქე და ამ მხრივ უპირატესობაც ჰქონდათ.
ძალიან კარგად თამაშობდა ახალგაზრდა მარცხენა გარემარბი გიორგი ფრუიძე, რომელმაც ერთ-ერთ ეპიზოდში სტუმართა ბეკებს თავბრუ დაახვია, ბურთიანად კარგა მანძილი მოიგო და მეტოქის 22-მეტრიანი ზონის ხაზთან ახლოს თანაგუნდელს გადააწოდა, თუმცა ამ უკანასკნელმა ვერ გაუგო და ქუთაისელებს კარგი შეტევა ჩაეშალათ.
ტაიმის დასრულებამდე ორი წუთით ადრე მასპინძლებს კვლავ უყურადღებოდ დარჩათ წიკლაური, რომელმაც მესამე არეკნი გაიტანა და სტუმრები კვლავ დააწინაურა - 6:9.
მასპინძელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ყურები არ ჩამოყარეს და ტაიმის უკანასკნელ წუთზე წინ გასვლაც მოახერხეს, სინაურიძემ კუთხეში ფეხით გადაუკიდა ბურთი ფრუიძეს, რომელიც ალმისკენ ხტუნვა-ხტუნვით წავიდა და მისი დამორჩილება ძალიან რთული იყო, თუმცა ფრუიძემ ბურთის დაუფლება მოახერხა და მარჯვენა ალამთან დაამიწა. სინაურიძემ გარდასახვა ვერ გამოიყენა - 11:9. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.
მატჩის მეორე ნახევარი მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა. თამაშის განახლებიდან ორიოდე წუთში შაკო შაშიაშვილმა ქუთაისელთა შეტევა ლელოთი დააგვირგვინა. სინაურიძემ გარდასახვა ამჯერადაც გააცუდა - 16:9.
მანვე ცოტა ხანში შორი მანძილიდან საჯარიმო დარტყმა ვერ გამოიყენა. ქუთაისელთა შეტევები გრძელდებოდა და ლევან თხელიძემ სტუმრები მესამე ლელოთი დასაჯა -24:9.
მატჩის მიწურულს "აიამ" კიდევ ორი ლელო გაიტანა. თავი ამჯერად გიორგი როხვაძემ და ბაკურ გოშაძემ გამოიჩინეს, ხამაშურიძემ და თხელიძემ გარდასახვები ზუსტად დაარტყეს და ქუთათურებს 35 ქულა დაუგროვდათ.
მასპინძელთა ბოლო ორ ლელოს შორის სტუმრებმა ერთი ლელოს გატანა თავადაც მოახერხეს. სანდრო ქავთარაძემ მეტოქეს ხაზი გაუჭრა და ჩათვლის მოედანში შეაღწია, გარდასახვა კი ბექა წიკლაურმა ზუსტად დაარტყა - 16:35. თუმცა ეს "ლოკომოტივს" სანუგეშოდ არ გამოადგება.
"აიამ" დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და მომავალ კვირას საკუთარ მოედანზე თბილისის "არმაზს" დაუპირისპირდება.
აია-ლოკომოტივი 35:16
აია (15-9) ძნელაძე, ხელაძე, კუხიანიძე (თუთბერიძე 45), ხამაშურიძე, ფრუიძე, სინაურიძე (გოშაძე 73), როხვაძე; (1-8) რატიაშვილი (ლომიძე 73), თხელიძე, ლომიძე (მატკავა 59), ძაგნიძე (ჩიტეიშვილი 59), რევიშვილი, ყურაშვილი (დგებუაძე 70.), შაშიაშვილი
5ლ: ფრუიძე, შაშიაშვილი, თხელიძე, როხვაძე, გოშაძე. 2გ: ხამაშურიძე, თხელიძე. 2ს: სინაურიძე (2)
სინბინი: ხამაშურიძე (75)
ლოკომოტივი (15-9) ბიწაძე, ქავთარაძე, ჭურღულია, კავთიძე, რ. ხუციშვილი (შიოშვილი 70), წიკლაური, ღვინჯილია; (1-8) გასვიანი, გენებაშვილი (ბეკოშვილი 70), ო.ბალიაშვილი, გეგია, დ.ცუხიშვილი (ლ.ფოფხაძე 67), ახვლედიანი (გ.ხუციშვილი 59), ჩიტიძე, მაისურაძე
ლ: ქავთარაძე. გ: წიკლაური. 3ა: წიკლაური
მსაჯი: რიჩარდ კელი
20 აპრილი
გასავარდნი ფინალი
აია-არმაზი
შესარჩევი ფინალი
არმია-ლელო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"