ლოკომოტივი ოლიმპზე დაბრუნდა

AutoSharing Option

საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა, თბილისის "ლოკომოტივმა" ნავსი გატეხა, ზედიზედ ცხრა წაგების შემდეგ ქვეყნის უკვე ვიცე-ჩემპიონ "ლელოს" დიდი ფინალი 16:11 მოუგო და ჩემპიონის ტიტული კიდევ ერთხელ ირგუნა.

რკინიგზელებმა საბოლოო ტრიუმფამდე წლეულს საკმაოდ რთული გზა განვლეს. წლის განმავლობაში გუნდს ბევრი მოთამაშე დააკლდა, ზოგმა საფრანგეთს მიაშურა, ზოგიც ტრავმებმა დატანჯა. რკინიგზელებს არც დისკვალიფიცირებულნი აკლდათ. ყველაზე დიდი დანაკლისი კი მთავარი მწვრთნელის თემურ ბენდიაშვილის ერთწლიანი დისკვალიფიკაცია იყო. "ლოკომოტივის" მორაგბეებმა მრავალისმნახველი დამრიგებლის არყოფნა არ დაიტყვეს და, შეიძლება ითქვას, რომ ჩემპიონის ტიტული მას მიუძღვნეს.
"ლელო", როგორც სჩვევია, მატჩის დასსწყისიდანვე

შეტევაზე გადავიდა. თითქმის 25 წუთი უპირატესობასაც ფლობდა, მაგრამ დაცვაში შესანიშნავად მოთამაშე "ლოკომოტივს" ვერაფერი დააკლო.

რკინიგზელები ამ დროის განმავლობაში მეტოქის ნახევარზე ორჯერ გადავიდნენ და ორივეჯერ შედეგიანად. "ლოკომოტივის" მორკინალებმა აქტიური თამაშით ლელოელებს თამაშის წესი დაარღვევინეს. ანგარიში მგეზავმა ბობა კვინიხიძემ მე-9 წუთზე საჯარიმოთი გახსნა. მანვე 24-ე წუთზე კიდევ ერთხელ გაიტანა,  შუალედში კი "ლელოს" ახალგაზრდა მგეზავის უჩა მჭედლიშვილის ზუსტი საჯარიმო იყო.

24-ე წუთიდან მოყოლებული, "ლოკომოტივმა" თამაში გაათანაბრა და ნელ-ნელა უპირატესობასაც დაეუფლა. ლელოელები შეტევის ორგანიზებას ვერ ახერხებდნენ. საკუთარი 22-მეტრიანი ზონიდან მაღალი აბრაგანით ცდილობდნენ ბურთის გამოტანას და მოედნის მოგებას, თუმცა ყველა ჯერზე ბურთი "ლოკომოტივის" ფულბეკ გიორგი კობერიძის ნადავლი ხდებოდა, რომელიც კონტრიერიშის წამოწყებას თითქმის ყოველთვის ახერხებდა.

საკუთარი ჩათვლის მოედნის მოსადგომებთან "ლელო" ტაიმის ბოლომდე იდგა. 38-ე წუთზე კი "ლოკომოტივის" ცხრა ნომერმა ირაკლი ღვინჯილიამ გაიბრწყინა. მან ბურთი შეტევის მარცხენა ფრთაზე, ცენტრის ხაზთან მიიღო. ცრუ მოძრაობით ორ მოწინააღმდეგეს ხელიდან დაუსხლტა, ხაზი გაჭრა, ოციოდ მეტრი გაირბინა და მერე მარცხნივ, მოკლე ფრთაზე მიმყოლ გარემარბ დავით ჟამუტაშვილს გადააწოდა. ამას წინააღმდეგობა აღარ შეხვედრია. კვინიხიძემ გარდასახა. 13:3-ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

შესვენების შემდეგ "ლელო" ბევრს ეცადა 10-ქულიანი დეფიციტის აღმოფხვრას, მაგრამ უშედეგოდ. 50-ე წუთზე მჭედლიშვილმა საჯარიმოთი შვიდ ქულამდე შეამცირა სხვაობა, თუმცა კვინიხიძემ ორ წუთში 49 მეტრიდან საჯარიმოთივე უპასუხა - 16:6.
"ლელოს" გამარჯვების იმედი ლექსო გუგავას ლელომ ჩაუსახა. 56-ე წუთზე კვინიხიძის მიერ საკუთარი 22-მეტრიანი ზონიდან ფეხით გამოტანილი ბურთი "ლელოს" ფულბეკმა ირაკლი ყიასაშვილმა ცენტრალურ ხაზთან ახლოს, საკუთარ ნახევარზე დაიჭირა და უმალ მარცხნივ ცხრა ნომერ გიორგი კაჭარავას გადააწოდა, ამან ლოკომოტიველი ვიზავის, ღვინჯილიას მანევრი გაიმეორა, მეტოქის ხაზი გაჭრა, ოციოდ მეტრი გაირბინა და მარცხნივ გადააწოდა გარემარბ ლექსო გუგავას, რომელმაც "ლოკომოტივის" მეორეხაზელ დავით ჩიტიძესთან ჭიდილში ლელომდე მაინც მიაღწია. მჭედლიშვილმა ვერ გარდასახა - 11:16

თამაშის დამთავრებამდე 24-წუთი რჩებოდა, რაც, ცხადია, მატჩის გადასარჩენად სავსებით საკმარისი დროა. 63-ე წუთზე "ლელოს" მგეზავმა მჭედლიშვილმა ხელსაყრელი პოზიციიდან საჯარიმოს გატანა ვერ შეძლო, არადა თამაშში , გარდატეხის შეტანა სწორედ ამას შეეძლო.

მეტოქის შეცდომებით შესანიშნავად სარგებლობდნენ ლოკომოტიველები, რომლებიც დაცვაში მაქსიმალური ყურადღებით ირჯებოდნენ და შესაშური სათამაშო დისციპლინით გამოირჩეოდნენ. შესაბამისად, ჩემპიონობაც ალალად ირგუნეს.

რაგბი. საქართველოს ჩემპიონატი

ლოკომოტივი-ლელო  16:11
ლოკომოტივი (15-9) კობერიძე, ქავთარაძე, ხუციშვილი, ბერძენიშვილი, ჟამუტაშვილი, კვინიხიძე, ღვინჯილია.   (1-8) ელოშვილი, გენებაშვილი, პეტრიაშვილი, ნიშნიანიძე (ახვლედიანი 72), გუჯარაიძე (კორკოტაძე 65), ბერიშვილი, ჩიტიძე (ოზგებაშვილი 60), ზ.მაისურაძე.
ლ: ჟამუტაშვილი. 3სგ: კვინიხიძე
სინბინი: ზ.მაისურაძე
ლელო (15-9) ყიასაშვილი, ჯოგლიძე, კორკელია, ლომინაძე, გუგავა, მჭედლიშვილი, კაჭარავა.  (1-9) სანიკიძე, ჭყონია, სუჯაშვილი, აზალაძე, ჯალაღონია (ხორბალაძე 38), კოლელიშვილი (ი.მაისურაძე 41), დ.დაუშვილი, ჭყოიძე.
ლ: გუგავა. 2ს: მჭედლიშვილი
მსაჯი: ფრენკ მასიელო (საფრანგეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

 

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული