საქართველოს ჩემპიონატი: "ლოკომოტივმა" ძნელად, მაგრამ მაინც მოიგო

AutoSharing Option
"ჯიქებისა" და "ლოკომოტივის" დაპირისპირებამ, მოლოდინისამებრ, უშეღავათო ბრძოლაში ჩაიარა და "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" მისული 200-მდე გულშემატკივარი დრამატული და სანახაობრივი მატჩის მომსწრე გახდა.

შეხვედრა რკინიგზელებმა გაცილებით უფრო აქტიურად დაიწყეს და პირველივე წუთებიდან დაეუფლნენ სათამაშო უპირატესობას, რაც მალე მოპოვებულ 6 ქულადაც აქციეს: ჯერ ბექა წიკლაურმა გაიტანა საჯარიმო, ხოლო მომდევნო შეტევაში მგეზავმა გოდერძი ჭინჭარაულმა ზუსტად დაარტყა არეკნი.

"ჯიქები" დროულად გამოფხიზლდნენ და უფრო აგრესიულად ამოქმედდნენ. მათმა შერკინებამ მეტოქე სტატიკაში აშკარად დაჩაგრა.

მოპოვებული საჯარიმო დარტყმა გარემარბმა რამაზ ხარაზიშვილმა ზუსტად დაარტყა და ანგარიშში ჩამორჩენა სამ ქულამდე შეამცირა
- 3:6.

"ლოკომოტივის" თავკაცმა, გამოცდილმა თემურ ბენდიაშვილმა დროულად იგრძნო საფრთხე და მატჩის მეოცე წუთზე ორივე ბურჯი შეცვალა, რამაც სიტუაცია მყისიერად გამოასწორა.

ტაიმის შუაწელში გუნდებმა კიდევ ერთხელ გაცვალეს შედეგიანი საჯარიმო დარტყმები, რის შემდეგაც "ლოკომოტივი" გააქტიურდა. მეტოქის ჩათვლის მოედნიდან 10 მეტრში რკინიგზელებმა აუტი მოიგეს, მოლი ააგორეს, რაც საბოლოოდ გიორგი გეგიას ლელოთი დამთავრდა, რომელიც ბექა წიკლაურმა ადვილად გარდასახა - 16:6.

დარჩენილ მცირე დროში "ჯიქებმა" წარმატებით დაარტყეს საჯარიმო შორი დისტანციიდან და პირველი ტაიმის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირეს - 9:16.

მატჩის მეორე ნახევარში ძირითადად ახალგაზრდებით დაკომპლექტებულმა "ჯიქებმა" შტურმი მოუწყო სახელოვან მეტოქეს მათსავე ნახევარზე. 20 წუთის განმავლობაში გიორგი ამირხანაშვილის დამოძღვრილი გუნდი არაერთხელ გახლდათ ახლოს ლელოსთან.

თუმცა გადამწყვეტ მომენტში უპატიებელ შეცდომებს უშვებდა. მეტოქის 5-მეტრიან ზონაში მათ ორჯერ საკუთარი აუტი წააგეს და სამჯერ ბურთი წინ დაუვარდათ, თუმცა მე-60 წუთზე მთავარმა არბიტრმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ლოკომოტიველთა არასწორი თამაში რაკში, რომელიც ლადო კუპრეიშვილმა ამჯერად კარში ზუსტად დაარტყა - 12:16. 10 წუთში "ჯიქებს" თავდადებული თამაში დაუფასდათ.

მეორეხაზელმა გიორგი მჭედლიშვილმა გაჭრა ხაზი და მარჯვენა კუთხეში, ზედ ალამთან ახლოს ნანატრი ლელო გაიტანა - 17:16. კუპრეიშვილმა ვერ გარდასახა, რაც საბოლოოდ საბედისწერო გამოდგა.

რკინიგზელთა რიგებში ტრავმა მიიღო ხვთისო ელოშვილმა და გამოცდილ დავით გასვიანს ხელმეორედ მოუწია თამაშში დაბრუნება.

75-ე წუთზე მეტოქის 22-მეტრიან ხაზთან სწორედ მან დაარღვევინა თამაშის წესები სტატიკურ მდგომარეობაში ახალგაზრდა მეტოქეს და უმნიშვნელოვანესი საჯარიმო მოუპოვა საკუთარ გუნდს, რომელიც წიკლაურმა უპრობლემოდ გაატარა ძელებს შუა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა "ლოკომოტივს" - 19:17.

ჯიქები-ლოკომოტივი 17:19
ჯიქები: (15-9) კიკნაძე (სვანიძე 47), ბიწაძე, ბერძული, კუპრეიშვილი, ხარაზიშვილი, კალანდაძე, ჭინჭარაული; (1-8) გაგნიძე (ჭინჭარაძე 41), სვანიძე (ოქრომელიძე 41), ოქრიაშვილი (ხატიაშვილი 41), გოგოლიძე, მჭედლიშვილი, შენგელია, მამრიკიშვილი, ტრაპაიძე
ლ: მჭედლიშვილი 4ს: ხარაზიშვილი (2), კუპრეიშვილი (2)
ლოკომოტივი: (15-9) წიკლაური, ქავთარაძე, ჭურღულია, კავთიძე, ბიწაძე, ჭინჭარაული, ზაბახიძე; (1-8) გასვიანი (ელოშვილი 56), გენებაშვილი, ბალიაშვილი (მარსაგიშვილი 34), გეგია, ხულუაშვილი, ახვლედიანი, თავბერიძე (ჩიტიძე 49), კიკვიძე
ლელო: გეგია გ: წიკლაური ა: ჭინჭარაული 3ს: წიკლაური
მსაჯი: ს. ჩიხლაძე

I ტური
არმია-აკადემია 21:9
არმია: 2ლ - ქორიძე, საჯარიმო. 3ს,გ - კობახიძე.
აკადემია: 3ს - დავითაშვილი

არმაზი-ბათუმი 39:17
არმაზი: 5ლ - მინაშვილი, ლიპარტელიანი, პინაიშვილი, სოსელია, თაგაური. 4გ: კიკნაძე (3), ნიკოლავა. 2ს: კიკნაძე.
ბათუმი: 2ლ - კორტავა (2). 2გ - შამულო, ოდიშარია. ს - შამულო.

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. არმაზი 1 1 0 0 +22 5
2. აია 1 1 0 0 +5 5
3. ყოჩები 1 1 0 0 +19 4
4. არმია 1 1 0 0 +12 4
5. ლოკომოტივი 1 1 0 0 +2 4
6. ჯიქები 1 0 0 1 -2 1
7. ხარები 1 0 0 1 -5 1
8. აკადემია 1 0 0 1 -12 0
9. ლელო 1 0 0 1 -19 0
10. ბათუმი 1 0 0 1 -22 0

გიორგი ბარბაქაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ადმინ, @ჯიქების@ შერკინებამ @ლოკო@ სტატიკაში რომელ ეპიზოდში დაჩაგრა ხო ვერ მეტყვით?
Qartveli!
16:32 09-09-2013
0

სიახლეები პოპულარული