აია-ლელო 10:21 - ჩემპიონმა ლიდერს აჯობა

AutoSharing Option
ტურის მთავარ დაპირისპირებას ქუთაისმა უმასპინძლა. გათამაშების ლიდერის, ქუთაისის "აიასა" და მოქმედი ჩემპიონის, "ლელოს" შეხვედრა, მოლოდინისამებრ, ძალიან დაძაბული, ემოციებით სავსე და საინტერესო გამოდგა.

სანამ უშუალოდ მატჩის მიმოხილვაზე გადავიდოდეთ, გავიხსენოთ, რომ გასულ ტურში ქუთათურებს "არმიასთან" სტუმრად მძიმე ბრძოლა გადახდათ.

რიონისპირელებმა მათი ყველაზე უხერხული მეტოქე დაამარცხეს და "ლელოსთან" მატჩს კარგ განწყობაზე შეხვდნენ, მაგრამ ამასთანავე, "არმიას" დამარცხებას დიდი ენერგია შეალიეს.

როგორც აღმოჩნდა, ბესიკ ხამაშურიძისა და კობა გიორგაძის გუნდმა "ლელოსთან" დაპირისპირებამდე ძალების აღდგენა ბოლომდე ვერ მოახერხა და მიმდინარე ჩემპიონატში ერთ-ერთი ყველაზე სუსტი თამაში აჩვენა.

ქუთაისელებს
შერკინებაშიც უჭირდათ და ხელდახელ თამაშშიც ბევრ შეცდომას უშვებდნენ.

"აიასგან" განსხვავებით, თბილისელებმა წინა ტურში არმაზთან" გადადებული მატჩის გამო დაისვენეს და პრინციპულ შერკინებას უფრო მობილიზებულნი შეხვდნენ.

ჩემპიონებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს. ისინი მეტოქეს მწყობრად უტევდნენ და ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდნენ.

საწყისი ათი წუთის განმავლობაში ბურთი "აიას" ნახევარზე ტრიალებდა. მასპინძლებს უჭირდათ ლელოელებთან გამკლავება და ხშირად ჯარიმდებოდნენ.

თბილისელთა ფულბეკს, ირაკლი ყიასაშვილს საწყის წუთებში ორჯერ მიეცა საკუთარი გუნდის დაწინაურების შესაძლებლობა, მაგრამ თავდაპირველად დარტყმები არ წაუვიდა და ორივე საჯარიმო გააცუდა.

განსაკუთრებით მოულოდნელი მეორე საჯარიმოს არგატანა იყო, რომელიც საქართველოს ნაკრების წევრმა ძალიან ახლოდან და ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, ყიასაშვილმა ეს შეცდომა მომდევნო ეპიზოდებისას მთლიანად აანაზღაურა, საკუთარ გუნდს 21 ქულა მოუტანა და გამარჯვების მთავარი შემოქმედი შეიქმნა.

სანამ სტუმრები ქუთაისელთა ჯარიმებით "დასჯას" დაიწყებდნენ, "აიასაც" ჰქონდა დაწინაურების შანსი: მრავალფაზიანი შეტევისას თანაგუნდელებმა გაგა სინაურიძეს არეკნის დასარტყმელად სივრცე გაუთავისუფლეს; ქუთაისელთა მგეზავმაც მყისიერად გაისროლა, მაგრამ სიზუსტემ უმტყუნა.

ამის შემდეგ უპირატესობა კვლავ სტუმრების მხარეს გადავიდა. 22-ე წუთზე ქუთაისელები საკუთარი ჩათვლის მოედნის სიახლოვეს დაჯარიმდნენ. ჩემპიონებმა ლელოზე თამაშს კარში დარტყმა ამჯობინეს და ყიასაშვილმა საკუთარი გუნდი დააწინაურა - 0:3.

ანგარიშში ჩამორჩენის შემდეგ "აიაც" გააქტიურდა და სინაურიძეს საჯარიმო დარტყმით ანგარიშის გათანაბრების შანსი მიეცა, თუმცა მისი პირველი ცდა უშედეგო გამოდგა. რამდენიმე წუთში კი შანსი ხელიდან არ გაუშვა - 3:3.

ამ ეპიზოდში კარგად ითამაშა ქუთაისელთა ახალგაზრდა შუამარბმა გიორგი ფრუიძემ, რომელმაც აუტის მოგების შემდეგ მეტოქეს ხაზი გაუჭრა და ლელომდე ცოტა დააკლდა, თბილისელებმა იგი თითქმის ჩათვლის ხაზთან აკრძალული წესებით შეაჩერეს და ჯარიმაც ამის გამო დაიმსახურეს.

ლევან მაისაშვილის შეგირდებმა ანგარიშში სამქულიანი სხვაობა მალევე აღადგინეს. სტუმართა მწვავე შეტევისას ქუთათურები ისევ დაჯარიმდნენ და ყიასაშვილმა საჯარიმო ზუსტად დაარტყყა - 6:3. ტაიმის უკანასკნელ წუთზე მასპინძლები კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. საკუთარ ჩათვლის მოედანთან ახლოს შერკინების რამდენჯერმე ჩაქცევისთვის რეფერიმ მასპინძლები დააჯარიმა, ჩიტეიშვილი კი გაასინბინა.

ყიასაშვილმა საჯარიმო აუღელვებლად შეასრულა და პირველი ტაიმიც იქვე მოთავდა - 9:3.

მატჩის მეორე ნახევარი გაცილებით დაძაბული და უხეში გამოდგა. იყო არასასიამოვნო ეპიზოდებიც. უარყოფითი ემოციებისა და ენერგიის დასაოკებლად ირლანდიელ რეფერის, კენ ინბუშს მეორე ნახევარში ხუთჯერ მოუწია ყვითელი ბარათის აფრიალება.

თუმცა, აჯობებს მოვლენებს თანმიმდევრობით მივყვეთ. მეორე ტაიმი, პირველის მსგავსად, სტუმრების უპირატესობით დაიწყო, "აია" მეტოქის შეტევებს ვერ უმკლავდებოდა და ხშირად ჯარიმდებოდა.

თამაშის განახლებიდან ძალიან მალე ყიასაშვილმა მორიგი საჯარიმო გაიტანა და ანგარიში 12:3 გახადა.

ცოტა ხანში ქუთაისელთა მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა. შეტევის განზრახ ჩაშლისთვის არბიტრმა ქუთაისელთა მეორე მგეზავი სერგო კვერნაძე 10 წუთით გააძევა, საჯარიმო კი ყიასაშვილმა ზუსტად დაარტყა - 15:3.

ქუთათურები თამაშის სათავისოდ შეტრიალებას შეეცადნენ და მედგრად შეუტიეს, თუმცა სტუმრები თავს კარგად იცავდნენ და მეტოქეს გასაქანს არ აძლევდნენ.

მოედანზე ვითარება დაიძაბა და ორ ეპიზოდში დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. მღელვარება ტრიბუნებსაც გადაედო, გულშემატკივრების მხრიდან უცენზურო შეძახილებს სტუმართა მორაგბეების საპასუხო შეძახილები მოჰყვა. ამან მდგომარეობა უკიდურესად დაძაბა.

ირლანდიელი მსაჯი სიტუაციის განმუხტვას შეეცადა და ორივე გუნდის მორაგბეები გაასინბინა: ქუთაისელთა მხრიდან გიორგი ფრუიძე გააყვითლა, თბილისელთაგან კი სანდრო ნიჟარაძესა და გუჯა სულგულაძეს დაატოვებინა მოედანი. ემოციებიც აქვე ჩაცხრა და თამაში ჩვეულ რიტმში გაგრძელდა.

მალე ყიასაშვილმა საჯარიმო დარტყმებით კიდევ ორჯერ დაამწუხრა მასპინძლები და მატჩის ბედიც, ფაქტობრივად, გადაწყვიტა - 21:3. ქუთაისელებს მდგომარეობის გამოსასწორებლად 10 წუთი რჩებოდათ, მაგრამ მხოლოდ ბოლო წუთზე მოახერხეს შედეგიანი შეტევის განვითარება.

"აიას" იერიში შეცვლაზე შესულმა ჟორჟ სალდაძემ ლელოთი დააგვირგვინა, გარდასახვა ასევე შეცვლაზე შესულმა ბაბუნაშვილმა გამოიყენა და იქვე მსაჯის გაბმული სასტვენის ხმაც გაისმა - 10:21.

აია-ლელო 10:21
აია (15-9) ძნელაძე, შაშიაშვილი (კიკვაძე 65), ფრუიძე, კვერნაძე, აბრამიძე, სინაურიძე (ბაბუნაშვილი 46), როხვაძე; (1-8) რატიაშვილი, მატკავა (სალდაძე 65), ულუმბელაშვილი (ჩხიკვაძე 10), ძაგნიძე (ლოსაბერიძე 41), ჩიტეიშვილი (ჯიმშიტაშვილი 50), რევიშვილი, შალამბერიძე, ყურაშვილი.
ლ: სალდაძე. გ: ბაბუნაშვილი. ს: სინაურიძე
სინბინი: ჩიტეიშვილი, ფრუიძე, კვერნაძე
ლელო (15-9) ყიასაშვილი, ზაალიშვილი, კორკელია, კოპაძე, ნიჟარაძე, ხმალაძე, კაჭარავა; (1-8) სანიკიძე, ბელქანია (ლომთაძე 72), პატარაია (მელიქიძე 72), ნიკოლეიშვილი (ხორბალაძე 58), ქოიავა, სურგულაძე (მძინარიშვილი 73), კოლელიშვილი (მჭედლიშვილი 73), ჭყოიძე
7ს: ყიასაშვილი
სინბინი: ნიჟარაძე, სულგულაძე, ხორბალაძე
მსაჯი: კენ ინბუში (ირლანდია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული