გთავაზობთ საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდის, თბილისის "ლოკომოტივის" მატჩთა ანალიზს გასული 12 ტურის განმავლობაში.
თემურ ბენდიაშვილის გაწვრთნილი გუნდი მიმდინარე სეზონის სტარტს სერიოზული საკადრო პრობლემებით შეხვდა. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბის რიგები დატოვეს ლიდერებმა, ზვიად მაისურაძემ და ირაკლი ღვინჯილიამ. მათი ჩანაცვლება კი ახალგაზრდა მორაგბეებით მოხდა.
ჩემპიონატის სასტარტო მატჩში "ლოკომოტივი" თბილისურ დერბიში "ჯიქებს" დაუპირისპირდა. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე შეხვედრაში ვერც ერთი გუნდი ვერ ახერხებდა დიდი სხვაობით წინ გასვლას.
ყველაფერი უკანასკნელ 5 წუთში გადაწყდა. შეცვლაზე შესულმა შერკინების
მიუხედავად წარმატებული სტარტისა, რკინიგზელთა თამაშში აშკარად შეინიშნებოდა ხარვეზები და ჯერ კიდევ ბევრი რამ იყო დასალაგებელი. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ დადასტურდა მეორე ტურში, როდესაც "არმაზმა" ყველა სარაგბო ასპექტში დაჩაგრა "ლოკომოტივი" და 14-ქულიანი სხვაობით გაიმარჯვა - 21:7.
თემურ ბენდიაშვილის გუნდს ჰქონდა შეხვედრის გადარჩენის არაერთი შანსი, თუმცა მორაგბეებმა საკმაოდ ბევრი ელემენტარული შეცდომა დაუშვეს და წაგებითაც დაისაჯნენ.
როგორც მაღალი კლასის კლუბს სჩვევია, სამწვრთნელო შტაბმა ნაწვნევი მარცხის შემდეგ სწორი დასკვნები გააკეთა და სრული მობილიზაციით შეხვდა ქუთაისში გასამართავ ქართულ სარაგბო კლასიკას: "აია"-"ლოკომოტივის" დაპირისპირებას. იმერეთის დედაქალაქში მოსული უხვი ნალექის გამო გრუნტი დამძიმებული იყო და შესაბამისად, ორივე გუნდის მორაგბეებს უჭირდათ სწრაფი კომბინაციების გათამაშება.
შეხვედრაში გადამწყვეტი გამოდგა ფეხჩუბინ მოთამაშეთა დაპირისპირება, რომელშიც გამარჯვებული სტუმართა ფულბეკი ბექა წიკლაური გამოდგა, რომელმაც 5 საჯარიმო გაუტანა ქუთაისელებს და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა საკუთარ გუნდს - 15:12.
პრინციპული გამარჯვების მოპოვების შემდეგ "ლოკომოტივმა" მომდევნო ტურის შეხვედრაც ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა და 12-ქულიანი სხვაობით დაამარცხა ვერცხლისმედალოსანი "არმია". მატჩის გმირი კვლავ წიკლაური გახდა, რომელმაც პირადი მონაგარი 17 ქულით გაზარდა და უმნიშვნელოვანესი წვლილი დაიდო საკუთარი გუნდის წარმატებაში - 27:15.
სამი კვირის განმავლობაში გათამაშების ლიდერებთან დაპირისპირება უაღრესად რთულია. ის ძალათა უზუსტეს გადანაწილებას და გრძელ სათადარიგოთა სკამს მოითხოვს, რაც იმ მომენტისთვის "ლოკომოტივს" არ გააჩნდა. მოქმედ ჩემპიონ "ლელოსთან" თანაბარ ბრძოლაში ჩატარებული პირველი ტაიმის შემდეგ რკინიგზულ გუნდს დაღლილობა დაეტყო და ნელ-ნელა დათმო მატჩის სადავეები, რაც საბოლოოდ მორიგ მარცხად დაუჯდა - 14:20, თუმცა 7 და ნაკლები ქულით წაგებისთვის სანუგეშო ქულა მაინც დაიმსახურა.
მომდევნო 3 ტურის განმავლობაში "ლოკომოტივს" უმაღლესი ლიგის აუტსაიდერებთან უწევდა დაპირისპირება. ამ დროის განმავლობაში სამწვრთნელო შტაბმა უკვე მოახერხა გუნდის "შეკვრა".
ტრავმის მოშუშების შემდეგ მოედანზე დაბრუნდა გუნდის ლიდერი გივი ბერიშვილი, რამაც მყისიერად დადებითი შედეგი მოიტანა. "ლოკომოტივმა" გახსნილი და ლაღი რაგბით მოახერხა სამივე მეტოქის პრემიალური ქულით დამარცხება ("აკადემია" - 38:14, "ხარები" - 31:15, "ბათუმი" - 36:17) და სამ შეხვედრაში აღებული 15 ქულით მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა სატურნირო მდგომარეობა.
რკინიგზულმა კლუბმა მშვენივრად გამოიყენა ერთთვიანი სანაკრებო პაუზა და ეროვნული ჩემპიონატის განახლებისთანავე სატურნირო ცხრილში თავის უშუალო კონკურენტ "ბოლნისის ყოჩებს" სძლია მინიმალური სხვაობით - 20:19.
შედეგად, კიდევ უფრო მიუახლოვდა სამეულს. დაძაბულად მიმდინარე მატჩში, რომლის განმავლობაშიც ბოლნისელები თითქმის სულ წინ გახლდნენ, გადამწყვეტი 72-ე წუთი გამოდგა, როდესაც რკინიგზელებმა ლელო გაიტანეს და ერთქულიანი სხვაობით წინ გაიჭრნენ. მომდევნო შეტევაში კი "ყოჩებს" 10 წუთით კაცი გაუსინბინეს, რამაც გააადვილა თემურ ბენდიაშვილის გუნდის ამოცანა და მათაც უპრობლემოდ შეინარჩუნეს ჰანდიკაპი.
ჩემპიონატის მეორე წრე უსიამოვნოდ გახსნა საქართველოს ცხრაგზის ჩემპიონმა. პირველ ტურში ნაწვნევი მარცხისთვის "ჯიქებმა" სრულფასოვანი რევანში აუღეს მეტოქეს და წარმატებაზე ფიქრის შანსი არ დაუტოვეს - 17:25. თუმცა მომდევნო ტურში "ლოკომოტივმა" ლიდერების გარეშე დარჩენილ "არმაზს" ძალიან იოლად მოუგო - 31:17 და დაკარგული მეოთხე პოზიცია კვლავ დაიბრუნა. მატჩის გმირი გახდა "ლოკომოტივის" ახალგაზრდა მგეზავი გოდერძი ჭინჭარაული, რომელიც ერთნაირად საიმედო იყო როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში.
ეროვნული ჩემპიონატის პირველი ეტაპის უკანასკნელი, მე-12 ტური კვლავ სარაგბო კლასიკით აღინიშნა. ამჯერად "ლოკომოტივმა" თბილისში უმასპინძლა "აიას". მოლოდინისამებრ, შეხვედრა ძალიან საინტერესო და ემოციებით დატვირთული გამოვიდა. სტადიონზე მისულმა გულშემატკივარმა ხელჩართული ჩხუბიც იხილა, რის შემდეგაც მსაჯმა წითელი ბარათის გამოყენებით ორივე გუნდის თითო-თითო მორკინალი დაითხოვა მოედნიდან.
უკანასკნელი 20 წუთი მასპინძლებმა მაჟორულ ნოტაზე ჩაატარეს, მეტოქეს 15:0 გაქცევა მოუწყვეს და დამსახურებული გამარჯვებაც იზეიმეს, რამაც საბოლოო ჯამში საშუალება მისცა "ლოკომოტივს", სატურნირო ცხრილში მესამე საფეხურამდე აღზევებულიყო.
განვლილმა 12-მა ტურმა აშკარად დაგვანახვა, რომ "ლოკომოტივი" კვლავ მზად არის ჩემპიონობისთვის საბრძოლველად. გუნდი წარმოადგენს გამოცდილ და ახალგაზრდა მოთამაშეთა ნაზავს, რომელთაც გამოცდილი სამწვრთნელო შტაბი ხელმძღვანელობს. რკინიგზელებმა, სავარაუდოდ, კიდევ უფრო უნდა მოუმატონ ჩემპიონატის მეორე ეტაპზე და, როგორც მინიმუმ, სამეულში უნდა დაასრულონ ასპარეზობა.
სტატისტიკური დოსიე
სატურნირო მდგომარეობა: III ადგილი
მოპოვებული ქულები: 40 (9 მოგება, 3 წაგება, 4 პრემიალური ქულა)
გატანილი ქულები: 283
გაშვებული ქულები: 211
საუკეთესო მელელოვე: გოდერძი ჭინჭარაული, გივი ბერიშვილი (4)
საუკეთესო მექულე: ბექა წიკლაური (97)
ბარათები: 6 ყვითელი, 1 წითელი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მიხარია ან გუნდის ყოველი წარმატება
სასიამოვნო ფაქტია, რომ ლოკომოტივს გარდა სახელმწიფო სუბსიდიისა (ისევე როგორც ყველა კლუბს) და ფონდი ქართუს დახმარებისა გაუმოჩნდა საინტერესო და ამბიციური სპონსორები - საქარტველოს რკინიგზისა და ვითიბი ბანკის სახით