ნიაზ მამრიკიშვილი: "ბათუმს" სხვებმა რომ მიბაძონ, საამისოდ სერიოზული თანხებია საჭირო

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატი უმაღლეს ლიგაში 1-ელ მარტს განახლდება. იქამდე გათამაშებაში უკვე ჩაებნენ პირველლიგელები. ოდნავ მოგვიანებით კი ასპარეზობა ჭაბუკთა ორ, A და B ლიგებში დაიწყება.

განახლებული სეზონის სიახლეებზე სასაუბროდ რაგბის კავშირში საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელ ნიაზ მამრიკიშვილს ვეწვიეთ.

- საქართველოს ჩემპიონატის გათამაშების დებულებაში არაფერი შეცვლილა. საერთოდ, წესი არ არის შუა სეზონში ცვლილებების განხორციელება. ერთადერთი სიახლე ისაა, რომ სატრანსფერო ფანჯრისას გუნდები საკმაოდ გააქტიურდნენ.

- უკვე ვწერდით, რომ "ბათუმმა" უცხოელი მორაგბეების ჯგუფი დაიმატა, სულ ექვსი მოთამაშე. ეს ცხადია, ტენდენცია ჯერ არ არის. როგორ ფიქრობთ, რა
სარგებლობა შეიძლება მოუტანოს ამ ფაქტმა საქართველოს ჩემპიონატს?
- ვფიქრობ, ამ ამბავმა მინიმუმ "ბათუმი" უნდა გააძლიეროს. მაქსიმუმის ზღვარი კი სად გადის, ამას ჩემპიონატის მსვლელობისას ვნახავთ.

გამოჩნდება, რამდენად კვალიფიციური მოთამაშეები არიან ისინი. ამასთან ერთად, უნდა აღინიშნოს, რომ უცხოეთში მოთამაშე ქართველი მორაგბეები დაიბრუნეს "ლოკომოტივმა", "ყოჩებმა" და "აიამ".

მიმაჩნია, რომ ეს კონკურენციას და გათამაშების დაძაბულობას კიდევ უფრო გაზრდის.

- ზამთრის შესვენებისას უმაღლესი ლიგის გუნდებს საშუალება ჰქონდათ, ერთმანეთისთვის მოთამაშეები "წაერთმიათ"...
- დიახ, ადრე ეგრეთ წოდებული შიდა ტრანსფერები ნამდვილად ხორციელდებოდა. წლეულს ეს ავკრძალეთ. მათ შეუძლიათ მხოლოდ უცხოეთში და პირველ ლიგაში მოთამაშე მორაგბეების დამატება.

- როგორ ფიქრობთ, "ბათუმის" მაგალითი სხვებისთვისაც გადამდები იქნება?
- "ბათუმს" სხვებმა რომ მიბაძონ, საამისოდ სერიოზული თანხებია საჭირო. ამიტომ არ მგონია, სხვა კლუბებიც ამ გზას დაადგნენ. ჩვენ ძირითადად საქართველოდან უცხოეთში მორაგბეების გადინებას ვიყავით მიჩვეულნი. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ეს ტენდენცია არ შეიცვლება.

ქართველი მორაგბეები ამჯერად რუსული კლუბებიდან დაბრუნდნენ. საფრანგეთიდან ჩვენებურების დაბრუნებას ბევრად უფრო მეტი სახსრები სჭირდება.

- ამასობაში პირველ ლიგაში გათამაშება უკვე განახლდა...
- დიახ, ასეა. დაახლოებით მარტის ბოლოსთვის უკვე გვეცოდინება იმ რვა მოწინავე გუნდის ვინაობა, რომლებიც მომავალი სეზონიდან პირველ ლიგაში იასპარეზებენ. დანარჩენი გუნდები კი რეგიონალურ ზონებში განაწილდებიან.

დიდი იმედი გვაქვს, რომ ამით პირველი ლიგის გუნდების სათამაშო დონეს გავზრდით. გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ კონკურენცია ნამდვილად გაიზრდება. ამასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ იმ რვა გუნდის დაფინანსება, რომლებიც გაისად პირველ ლიგაში ითამაშებენ, რაგბის კავშირს, გარკვეულწილად, უზრუნველყოფილი აქვს.

- რა მდგომარეობაა ჭაბუკთა ლიგებში?
- უდიდესი ძალისხმევის შედეგად შევძელით და ჭაბუკთა ლიგებში გუნდების რაოდენობა შევინარჩუნეთ. შესაბამისად, გათამაშების ფორმატში არაფერი შეიცვლება. A ლიგაში ასპარეზობა 25 მარტიდან დაიწყება. B ლიგის გათამაშება კი სტარტს ორი კვირით ადრე, 11 მარტს აიღებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბატონო ნიაზ,წარმატებები მინდა გისურვოთ იმ გულიანი და სიყვარულით სავსე დამოკიდებულებისთვის, რასაც ქართული რაგბის განვითარებისთვის აკეთებთ. შედეგად კი მინდა თქვენთან და რაგბის ყველა გულშემატკივართან ერთად სულ მალე ვიხილოთ ჩვენი ნაკრები 6-ერის (ან იქნებ 8 ერის და რუმინეთთან ერთადაც, ნამდვილად ჩვენი ტოლ-სწორი გუნდია მოგვწონს თუ არ მოგვწონს) გათამაშებაში მონაწილე გუნდებს შორის თქვენთვის პირველი რეპორტაჟის უფლებით (არ მიწყინონ სხვებმა), უკვე ეხლა ვგრძნობ რა სტილშიც წაიყვანთ მაგ გადაცემა....
რეზო110
16:33 13-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული