საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის XIII ტური: "ბათუმს" ლეგიონმაც ვერ უშველა

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონმა თბილისის "ლელომ" კიდევ ერთი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და ლიდერობა განიმტკიცა. ლელოელებმა, ამჯერად, შინ დიდი ანგარიშით დაამარცხეს აუტსაიდერი "ბათუმი" - 56:7.

"ბათუმმა", რომელმაც პირველი წრე ბოლო ადგილზე დაასრულა, ზამთრის არდადეგებზე რამდენიმე უცხოელი ლეგიონერი დაიმატა. ცხადია, საინტერესო იყო გვენახა, რა შეიცვალა ამით გუნდში. ახლა ლეგიონერების კვალიფიკაციაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია.

აშკარად ჩანდა, რომ გუნდს შეთამაშება აკლია. ზღვისპირელებს სერიოზული პრობლემები აქვთ დაცვაში, რაც, ვფიქრობთ, მოთამაშეებს შორის ჯერ კიდევ დაუმყარებელი კომუნიკაციის ბრალია.

მატჩის მსვლელობისას იყო ეპიზოდები, რომლების მიხედვითაც შეიძლება დაასკვნა, რა სახეს მიიღებს
გუნდი. თუმცა იქამდე ბათუმელთა თავკაცს ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვს და, რაც მთავარია, უმაღლეს ლიგაში ადგილი აქვს შესანარჩუნებელი.

"ლელომ" კი, როგორც ჩემპიონს შეშვენის, თამაში აქტიურად დაიწყო და სტუმრებს ექვს წუთში ორი ლელო გაუტანა. ანგარიში მესამე წუთზე გაიხსნა, როცა ლელოელებმა საჯარიმო კარში არ დაარტყეს, ბურთი აუტში გადაიტანეს და მეტოქის ჩათვლის მოედნიდან ხუთ მეტრში აგდებული დერეფნიდან მოლი ააგორეს.

სტუმრებმა მეტოქის მიძალება ვერ შეაჩერეს და მასპინძლებმა ლელოში შეაღწიეს. ბოლოს ბურთით ხელში შერკინების ბურჯი შოთა მელიქიძე იყო.

სამ წუთში "ლელომ" უკვე ხელდახელ იბურთავა, საკმაოდ ეფექტური კომბინაცია კი მეტოქის ხაზის გაჭრის შემდეგ გარემარბმა ლექსო გუგავამ დაასრულა. ორივე ლელო ფულბეკმა ირაკლი ყიასაშვილმა გარდასახა. წინდაწინ უნდა ითქვას, რომ ყიასაშვილმა კარში უშეცდომოდ ურტყა და თანაგუნდელთა მიერ გატანილი რვა ლელოდან რვავე გარდასახა.

პირველ წუთებზე მიღებული "შოკის" შემდეგ "ბათუმი" მალევე გამოფხიზლდა და მეტოქეს საკმაოდ დიდხანს, ტაიმის 36-ე წუთამდე უძალიანდებოდა. ჩემპიონებმა დასკვნითი ოთხი წუთი ისევ აღმავლობით ჩაატარეს და გარემარბებმა თორნიკე ცერცვაძემ და ლექსო გუგავამ თითო ლელო მიითვალეს - 28:0.

მეორე ტაიმში ვითარება არ შეცვლილა. ცერცვაძემ, გუგავას მსგავსად, მეორე ლელოც გაიტანა. დუბლი შეასრულა შეცვლაზე შესულმა შერკინების კვაჭმა გიორგი ლომთაძემაც, კიდევ ერთი ლელო კი გარემარბ ალექსანდრე ნიჟარაძის ანგარიშზეა.

ბათუმელებმა მშრალი ანგარიშით მარცხს თავი მხოლოდ ბოლო წუთზე დააღწიეს. მათი მორკინალების მიძალება შეცვლაზე შესულმა ალექსანდრე კაიკაციშვილმა დაასრულა. გარდასახვა ზვიად ოდიშარიამ გაიტანა - 7:56.

ლელო-ბათუმი 56:7
ლელო (15-9) ყიასაშვილი, ნიჟარაძე (ზაალიშვილი 76), კორკელია, ცერცვაძე, გუგავა (კოპაძე 45), ხმალაძე (მჭედლიშვილი 61), მინდიაშვილი. (1-8) სანიკიძე (მჭედლიძე 56), ბელქანია (ლომთაძე 56), მელიქიძე (ჯულაყიძე 59), ნიკოლაიშვილი (ბუბუტეიშვილი 63), ქოიავა, მძინარიშვილი, კოლელიშვილი, ჭყოიძე (ხორბალაძე 56).
8ლ: მელიქიძე, გუგავა (2), ცერცვაძე (2), ნიჟარაძე, ლომთაძე (2). 8გ: ყიასაშვილი.
სინბინი: კორკელია.
ბათუმი (15-9) ჰემპსონი, სვინტრაძე (ხონელიძე 45), ნინიძე, ბ. ევგენიძე, ოდიშარია, შამულო (ვენი 67). (1-8) სულაბერიძე (კელენჯერიძე 67), გიგაშვილი (ხოჭოლავა 69), მოქია (კაიკაციშვილი 67), ხელაძე (ბერიძე 67), ხოუვსი (კორტავა 62), ალიქაძე, ნიუვენჰეიზენი, გუგუშვილი.
ლ: კაიკაციშვილი. გ: ოდიშარია.
სინბინი: კორტავა.
მსაჯი: შოთა თევზაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული