ანტილოპა ჩემპიონატში საუკეთესოა, ზირაქა - მთლიანად რაგბიში

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირმა წლის შედეგები შეაჯამა და სეზონის გამორჩეული გუნდები, მოთამაშეები და მწვრთნელები დააჯილდოვა. საზეიმო ცერემონიალზე სარაგბო თემი თითქმის სრული შემადგენლობით შეიკრიბა, რომელსაც თავდაპირველად სიტყვით საქართველოს ნაკრების მორაგბეთა მოძღვარმა, მამა ილიამ მიმართა. მან ჩვენი ეროვნული გუნდის ტრაბზონული გმირობის პერიპეტიები გაიხსენა და ქართული რაგბის თემი დალოცა.

ნომინაციებში გამარჯვებულების გამოცხადებამდე სეზონი საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ შეაფასა:

"წლევანდელი სეზონი ქართული რაგბისთვის წარმატებული გამოდგა. საამისოდ ძალიან ბევრმა ადამიანმა უდიდესი შრომა გასწია. მადლობა მინდა ვუთხრა მათ და ჩვენ სპონსორებს, რომლებიც ერთგულდ გვიდგანან გვერდში,
გვეხმარებიან.

საქართველოს ნაკრები წლეულს მესამედ გავიდა მსოფლიოს თასზე და ტრაბზონში, რუსეთის ნაკრების დამარცხებით, ჩვენს ქვეყანას უდიდესი ზეიმი მოუწყო.

შესანიშნავი შედეგები გვაქვს ასაკობრივ ნაკრებებში. 15-წლამდელთა ნაკრებმა შვეიცარიაში, მსოფლიოს დედაქალაქების საერთაშორისო ტურნირში მეორე ადგილი დაიკავა და ფინალში სამხრეთ აფრიკის გუნდთან მხოლოდ ერთი ლელოთი წააგო.

17-წლამდელებმა ტურნე მოაწყვეს უკრაინასა და მოლდოვაში. მეტოქეები საკმაოდ დიდი ანგარიშით დაამარცხეს და დაამტკიცეს, რომ მათთან შედარებით, ძალიან წინ ვართ წასულნი.

18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვა, თუმცა თამაშის ხარისხით თუ ვიმსჯელებთ, მეტიც შეეძლოთ.

ძალიან გაგვახარეს 19-წლამდელებმა, რომლებიც ბელგიიდან ევროპის ჩემპიონებად დაგვიბრუნდნენ.

საკმაოდ სერიოზლი ძვრებია საშინაო რაგბიშიც. წლეულს საქართველოს ჩემპიონატი მაღალი დონის იყო. ბოლო წუთებამდე ვერავინ იტყოდა, ვინ გახდებოდა ჩემპიონი. შევქმენით მეორე ლიგა, სადაც ხუთი გუნდი ასპარეზობდა. ამჯერად, მომავალ წელს საასპარზოდ, განაცხადი უკვე ცხრა გუნდმა შემოიტანა.

საკმაოდ სწრაფად იზრდება ჭაბუკთა A და B ლიგებში მოასპარეზე გუნდების რაოდენობაც. იმდენად ბევრია ამ ლიგებში თამაშის მსურველი, რომ ვშიშობთ, მოვახერხებთ თუ არა ამდენი თამაშის მომსახურებას, გვეყოფა თუ არა მოედნები და მსაჯები. რაოდენობა, ცხადია, კარგია, მაგრამ ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ის ხარისხში გადავზარდოთ.

მინდა მადლობა გადავუხადო რიჩი დიქსონს და მის ჯგუფს. მათ ბავშვთა რაგბის განვითერების ახალი პროგრამა შეიმუშავეს და მომავალი წლიდან დავნერგავთ მწვრთნელთა ლიცენზირების ახალ სისტემას.

მადლობა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქველმოქმედო ფონდ "ქართუს", იმისთვის, რასაც ისინი ქართული რაგბის განვითარებისთვის აკეთებენ. სწორედ ეს ერთად დგომა, მონდომება დაინახა საქართველოში ვიზიტისას IRB-ს პრეზიდენტმა ბერნარ ლაპასემ, სწორედ ამის გამო დაგვრთეს ნება, მომავალ წელს, 20-წლამდელთა შორის მსოფლიოს ალაფას გათამაშება თბილისში ჩავატაროთ.

ყოველივე ამასთან ერთად, ძალიან კარგად ვიცით, რა პრობლემებიც გვაქვს. სამუშაო ძალიან ბევრია და იმის იმედით, რომ ქართული რაგბის თემი ნამდვილად ერთი ოჯახია, დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ სიძნელეს გავუმკლავდებით."

რაგბის კავშირის პრეზიდენტის მიმართვის შემდეგ საქართველოს წლევანდელი ჩემპიონატის გამარჯვებული და პრიზიორები დააჯილდოვეს. მერე კი ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრების შემადგენლობა გამოცხადდა. საუკეთესოთა შორის ყველაზე მეტი, ხუთი მორაგბე, საქართველოს ჩემპიონის, თბილისის "ლოკომოტივის" მოთამაშეა, ოთხი ვიცე-ჩემპიონ თბილისის "ლელოდანაა", სამ-სამი წარმომადგენელი ჰყავთ სიმბოლურ ნაკრებში ქუთაისის "აიას" და თბილისის "ვისოლი\ყოჩებს", ერთიც -"ბათუმი XV"-ს. ვინაიდან ხმები გაიყო, მეორე ხაზში, ხუთი ნომრის პოზიციაზე ორი ლაურეატია - მიხეილ არჩუაშვილი (ვისოლი\ყოჩები) და გელა შალამბერიძე (აია).

ყველაზე კორექტული გუნდი თბილისის "აკადემია" გამოდგა, რომლის მორაგბეებმაც სეზონში მხოლოდ სამი ყვითელი ბარათი მიიღეს. საუკეთესო მელელოვე "ვისოლი\ყოჩების" მეორეხაზელი მიხეილ არჩუაშვილია. "ტარზანამ" საქართველოს ჩემპიონატში რვა ლელო გაიტანა. საუკეთესო მექულე კი "ლოკომოტივის" მგეზავი ბობა კვინიხძე გახდა, მის ანგარიშზე 197 ქულაა.

წლის საუკეთესო მწვრთნელად საქართველოს ჩემპიონისა და თასის ფინალისტის, თბილისის "ლოკომოტივის" თავკაცი თემურ ბენდიაშვილი დაასახელეს.

საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ ქუთაისის "აიას" მოთამაშე-მწვრთნელი, ფულბეკი ბესიკ ხამაშურიძე აღიარეს.

საქართველოს საუკეთსო მორაგბეობა კი წილად ხვდა 2010 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენ დავით ზირაქაშვილს.

საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭათ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ მწვრთნელებს პაატა ნარიმანაშვილს, დავით ჩავლეიშვილს და მალხაზ ჭეიშვილს. რაგბის კავშირმა პატივი მიაგო ვეტერან მორაგბეებსაც და ვისაც წლეულს 60 და 70 წელი შეუსრულდა ყველა დაასაჩუქრა.

რაგბის კავშირს ამჯრადაც დახმარება გაუწიეს სპონსორებმა: "არქიმედეს გლობალ ჯორჯიამ", "ბაზის ბანკმა" და "კავკაზუსმა".


საქართველოს ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები:
15. ბესიკ ხამაშურიძე (აია), 14. ირაკლი გეგენავა (ვისოლი\ყოჩები), 13. ირაკლი ჩხიკვაძე (აია), 12. გოჩა ხონელიძე (ბათუმი XV), 11. ლექსო გუგავა (ლელო), 10. ბობა კვინიხიძე, 9. ირაკლი ღვინჯილია (ორივე-ლოკომოტივი).
1. დავით გასვიანი (ლოკომოტივი), 2. ჯაბა ბრეგვაძე (ვისოლი\ყოჩები), 3. მიხეილ სუჯაშვილი, 4. ლაშა აზალაძე (ორივე-ლელო), 5. მიხეილ არჩუაშვილი (ვისოლი\ყოჩები), გელა შალამბერიძე (აია), 6. გივი ბერიშვილი (ლოკომოტივი), 7. ვიქტორ კოლელიშვილი (ლელო), 8. ზვიად მაისურაძე (ლოკომოტივი).

ყველაზე კორექტული გუნდი: აკადემია (თბილისი)
საუკეთესო მელელოვე: მიხეილ არჩუაშვილი (ვისოლი\ყოჩები)
საქართველოს საუკეთესო მწვრთნელი: თემურ ბენდიაშვილი (ლოკომოტივი)
საუკეთესო მექულე: ბობა კვინიხიძე (ლოკომოტივი)
საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მორაგბე: ბესიკ ხამაშურიძე (აია)
საქართველს საუკეთესო მორაგბე: დავით ზირაქაშვილი (კლერმონი).




.

ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული