აია-არმია 52:6 - "აიამ" მეტოქე არ დაინდო

AutoSharing Option
ბოლო წლებში "არმია" ქართული რაგბის ერთ-ერთი ლიდერი იყო. არმიელების მსგავსად, ქუთაისური გუნდიც მაღალი მიზნებისთვის იბრძოდა და მათი გზები არაერთ გადამწყვეტ შეხვედრაში გადაკვეთილა.

განსაკუთრებით, 22-ე ეროვნული ჩემპიონატის ფინალური დაპირისპირება უნდა გავიხსენოთ, როცა "არმიამ" დრამატულ შეხვედრაში დაამარცხა "აია" და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ახლო წარსულში ასე იყო, წლეულს კი მოქმედი ვიცე-ჩემპიონი ძველი გუნდის აჩრდილია დარჩენილი და თუ არმიელებმა რაიმე არ იღონეს, საუკეთესო ექვსეულში მოხვედრა კი არა, შესაძლოა უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მოუწიოთ ბრძოლა. პირველ წრეში ქუთაისელებიც ვერ ბრწყინავდნენ, მაგრამ "არმია" სტუმრად მაინც დაამარცხეს.
დღეისათვის კი ბესიკ ხამაშურიძისა და კობა გიორგაძის გუნდი შესანიშნავ ფორმაშია და ამ შეხვედრაშიც ფავორიტად ითვლებოდა.

ანგარიშიდანაც ჩანს, რომ დედაქალაქელებმა რიონისპირელებს ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს, თუმცა, თამაშის სცენარიდან გამომდინარე, 50-ე წუთამდე ვერავინ იფიქრებდა, "აია" საბოლოოდ ასეთ იოლ გამარჯვებას თუ მოიპოვებდა.

მასპინძლებს მატჩის დასაწყისშივე შეეძლოთ დაწინაურება, მაგრამ რეზო ჯინჭველაშვილმა საჯარიმო დარტყმა ვერ გამოიყენა. ამის შემდეგ უპირატესობას არმიელები დაეუფლნენ და 15 წუთის განმავლობაში ბურთს, ძირითადად, ისინი ფლობდნენ. ლელოს გატანასთანაც ახლოს იყვნენ, აუტის მოგების შემდეგ ჯიქურ შეუტიეს, მაგრამ ქუთაისელებმა თავი კარგად დაიცვეს და სტუმართა შეტევა ზედ ლელოს ხაზთან შეაჩერეს.

მალე რიონისპირელებმა მწვავე შეტევა განახორციელეს. კარგად ითამაშა მირიან მოდებაძემ, რომელმაც თანაგუნდელების მისამართით გადაკიდა ბურთი, შეტევის ბოლო ფაზაში კი გელა შალამბერიძე დაუსხლტა მეტოქეს და ბურთი არმიელთა ჩათვლის მოედანში დაამიწა. გარდასახვა ჯინჭველაშვილმა გაიტანა და "აია" 7:0 დაწინაურდა.

ხუთიოდე წუთში ქუთათურებმა მეტოქის 22-მეტრიანი ზონის ხაზთან აუტი მოიგეს და ხელდახელ შეუტიეს. სწრაფი იერიში მარჯვენა ფლანგზე განვითარდა, სადაც არმიელებმა მოდებაძის შებოჭვა ვერ მოახერხეს და მანაც ლელოთი მასპინძელთა უპირატესობა გაზარდა - 12:0. სტუმრებმა თამაშში გარდატეხის შეტანა სცადეს და "აიას" მწვავედ შეუტიეს, ჩათვლის ხაზთანაც მიაღწიეს, მაგრამ მიზნის მიღწევა ისევ ვერ მოახერხეს.

მეორე ტაიმის დებიუტში ლაშა ბაირამაშვილის არეკნითა და ვლადიმერ კუპრეიშვილის საჯარიმო დარტყმით სტუმრებმა ანგარიში შეამცირეს - 12:6. ამის შემდეგ უპირატესობა მთლიანად ქუთათურთა ხელში გადავიდა, რასაც კუპრეიშვილის გასინბინებაც თან დაერთო.

სტუმრები ქუთაისელთა შეტევების შეკავებას ვეღარ ახერხებდნენ. გიორგი ფრუიძის ლელოსა და ჯინჭველაშვილის გარდასახვის შემდეგ გიორგი აბრამიძის ჯერი დადგა, რომელიც მოდებაძის მიერ ფეხით გადაკიდებულ ბურთს დაეუფლა, მეტოქეს ხაზი გაუჭრა და ჩათვლის მოედანშიც დაამიწა. ჯინჭველაშვილი გარდასახვისას კვლავ ზუსტი იყო.

მეოთხე ლელოს შემდეგ "არმია" საბოლოოდ მოიშალა. წუთიც არ იყო გასული, რომ თემურ ირემაძემ მეტოქეს ხაზი გაუჭრა და დაალელოვა. ჯინჭველაშვილმა ზუსტად გარდასახა - 33:6.

ფსიქოლოგიურად გატეხილ არმიელებს თამაშის ბოლომდე ფრუიძემ და ბაბუნაშვილმა კიდევ სამი ლელო გაუტანეს, რასაც ჯინჭველაშვილმა ორი ზუსტი გარდასახვა მიაყოლა და "აიას" პრემიალური ქულით მოგება დააფიქსირა - 52:6

საქართველოს რაგბის ჩემპიონატი. XIV ტური
აია-არმია 52:6
აია (15-9) მოდებაძე, აბრამიძე, გ. ფრუიძე, ირემაძე (სინაურიძე 67), კიკვაძე (ბაბუნაშვილი 61), ჯინჭველაშვილი, თუთბერიძე (გ. ლოსაბერიძე 54); (1-8) რატიაშვილი (მატარაძე 63), მატკავა (გ. უმც.ტორაძე 63), გ. ტორაძე უფრ (უშხვანი 54), გიორგაძე, ჩიტეიშვილი, შალამბერიძე (გორგასლიძე 67), დ.ლოსაბერიძე (სალდაძე 61), ყურაშვილი
8ლ: შალამბერიძე, მოდებაძე, ფრუიძე (3), აბრამიძე, ირემაძე, ბაბუნაშვილი. გ: ჯინჭველაშვილი (6)
არმია (15-9) ჯ. კიზირია (მესხი 70), ტუჩაშვილი, ვლ. კუპრეიშვილი, ადანაია (ი.ჩხიკვაძე 37), ჯიმუხაძე (ნოზაძე 72), ბაირამაშვილი (ღვინჯილია 63), ჯინაშვილი; (1-8) კაკოვინი (ქორიძე 42), მეკოკიშვილი, გურგენიძე (ტ.ჩხიკვაძე 68), ჟღენტი (უჩავა73), ჯინჭარაძე, დარასელია (დაუშვილი 71), თავართქილაძე, ვერტილეცკი
ს: კუპრეიშვილი. ა:ბაირამაშვილი
სინბინი: კუპრეიშვილი (56)
მსაჯი: თენგიზ გვირჯიშვილი

ჯიქი-ლელო 15:15 - ჩემპიონმა ფრე გაახერხა


ყოჩები-ლოკომოტივი 3:24
ყოჩები: ს - სოხაძე.
ლოკომოტივი: 3ლ - წიკლაური (2), კალანდაძე. 3გ,ს - კალანდაძე.

ხარები-თიბიესი 57:3
ხარები: 9ლ - ღამბარაშვილი (2), გ. ბებიაშვილი (2), აღაშვილი, მღებრიშვილი, ქარუხნიშვილი, მელიქიშვილი, საჯარიმო. 6გ - ხუციშვილი (5), მელიქიშვილი.
თიბიესი: ს - მჭედლიშვილი.

ბათუმი-არმაზი 25:10
ბათუმი: 3ლ - ერისთავი, ჯიმშელაძე, სვინტაძე. 2გ,2ს - კობახიძე.
არმაზი: ლ - გიგაური. გ - ნიკოლავა. ს - კიკნაძე

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ყოჩები 14 11 1 2 +129 49
2. ბათუმი 14 9 1 4 +89 43
3. ლელო 14 8 3 3 +84 40
4. აია 14 8 0 6 +74 38
5. ხარები 14 7 2 5 +16 36
6. ლოკომოტივი 14 6 1 7 +16 33
7. ჯიქი 14 5 2 7 -10 26
8. არმაზი 14 5 1 8 -55 24
9. არმია 14 4 1 9 -132 21
10. თიბიესი 14 1 0 13 -279 7

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული