- 1990 წელს პირველ ლიგაში დაგვიშვეს, - გვიამბობს ის. - იმავე წელს პირველი ადგილი დავიკავეთ და უმაღლესი ლიგის საგზური მოვიპოვეთ. მალე, სამ წელიწადში ჩემპიონებიც გავხდით.
- ამჟამად რუსთავის "ხარები" უმაღლეს ლიგაში ასპარეზობს და ანგარიშგასაწევ ძალად ითვლება. გუნდის აღდგენა როდის დაიწყეთ?
- მართალია, კაცთა გუნდი აღარ გვყავდა, მაგრამ ბავშვებთან მუშაობა არ შეგვიწყვეტია. ისინი ნელ-ნელა წამოიზარდნენ და 2006 წელს გუნდი აღვადგინეთ. ასპარეზობა პირველ ლიგაში დავიწყეთ და სამ წელიწადში უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლებაც მოვიპოვეთ.
- საკმაოდ მცირე ისტორიის მიუხედავად რუსთავს ბევრი სახელოვანი მორაგბე აღუზრდია.
- დიახ ასეა, პირველი რუსთაველი, ვინც ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს, მევლუდ მთიულიშვილია. "ბორჯღალოსნების" ლიდერები იყვნენ წლების განმავლობაში ლევან ცაბაძე, პალიკო ჯიმშელაძე, ზაზა ხუციშვილი და კახაბერ უჩავა. ამჟამად დავით ზირაქაშვილის, ირაკლი ნატრიაშვილისა და გოდერძი შველიძის გარეშე ჩვენი ნაკრების წარმოდგენა შეუძლებელია.
- "ხარები" ახალი სეზონისთვის როგორ ემზადება?
- ძირითადად ფიზიკურ გამძლეობაზე ვზრუნავთ. დავრბივართ და ძალოსნობის დარბაზსაც ხშირად ვსტუმრობთ. საკუთარი ფიტნეს ცენტრი არ გაგვაჩნია და ვქირაობთ. დაგეგმილი გვაქვს რამდენიმე საწვრთნელი შეხვედრაც. ერთი უკვე ვითამაშეთ. მეტოქე საქართველოს თვრამეტწლამდელთა ნაკრები იყო.
- ახლა სატრანსფერო სეზონია და სერიოზული ცვლილებები თუა გუნდის შემადგენლობაში?
- ძირითადი ბირთვი შევინარჩუნეთ, სერგო მოქიას გარდა, რომელიც ბათუმელია, დანარჩენი ყველა რუსთაველია. დაგვემატა საკმაოდ სერიოზული ძალა - პალიკო ჯიმშელაძე. მან ფრანგული კარიერა დაასრულა და მშობლიურ ქალაქს და გუნდს დაუბრუნდა. მისი გამოცდილება ძალიან წაგვადგება. რუმინეთიდან დაგვიბრუნდა მეორეხაზელი კახაბერ უჩავა.
დავიმატეთ რამდენიმე ახალგაზრდა მორაგბე ჭაბუკთა A ლიგაში მოასპარეზე ჩვენი გუნდიდან -ვაჟა ხუციშვილი, გიორგი მარტაშვილი და ზვიად ღამბარაშვილი ძალიან კარგი, ნიჭიერი მორაგბეები არიან.
- რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, "ხარებს" მხარდაჭერა არ აკლია.
- ყველანაირად გვეხმარება მხარის გუბერნატორი დავით კირკიტაძე. ასევე მხარში გვიდგას ქალაქის მერია და საკრებულოს თავმჯდომარე კახა გურგენიძე. ოფიციალური სპონსორი კი, როგორც შარშან, ისევ "ჰაიდელბერგცემენტია".
- შარშანდელ ჩემპიონატში გუნდმა მე-5 ადგილი დაიკავა. წლეულს რა მიზნებს ისახავს "ხარები" და ვინ მიგაჩნიათ ძირითად კონკურენტად?
- მიზანი ერთია, ვითამაშოთ უკეთ, ვიდრე შარშან. გუნდს საკმაოდ ნიჭიერი ადამიანი, ზაზა ხუციშვილი წვრთნის. მას მალე გვერდში ამოუდგება პალიკო ჯიმშელაძეც, რომლის გამოცდილებაც და ცოდნაც, ვფიქრობ, არა მარტო რუსთავურ რაგბის წაადგება.
რაც შეეხება კონკურენტებს, ყველა გუნდი საკმაოდ ძლიერია. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საგრძნობლად გაძლიერდა უმაღლესი ლიგის დებიუტანტი გორის "თსუ\ლომები". ისევ მაღალი მზინებისთვის იბრძოლებენ "ლელო", ლოკომოტივი" და "აია". კარგი გუნდებია "აკადემია" და "არმაზი". ერთადერთი გუნდი, რომელსაც სეზონს წინ სერიოზული პრობლემები აქვს, "ყოჩებია".
ერთი სიტყვით, კონკურენცია საკმაოდ დიდია, შესაბამისად თამაშებიც დაძაბული და საინტერესო გამოვა. ვფიქრობ, შარშანდელზე ბევრად უკეთესი ჩემპიონატი გვექნება.
- რა მდგომარეობაშია ამჟამად კლუბის ინფრასტრუქტურა? ვიცით,რომ რუსთავში საკმაოდ სოლიდური ბაზის მშენებლობა იგეგმება...
- ბაზის მშენებლობა უკვე დაიწყო. პროექტით ორი სტანდარტული ზომის მოედანი გვექნება, ერთი ბალახისსაფარიანი და ერთიც ხელოვნური. იქვე ქვიშის რაგბის მოედანიც მოეწყობა. აშენდება ტრიბუნა, რომელიც სამი ათას ქომაგს დაიტევს. ტრიბუნის ქვეშ მოეწყობა გასახდელები, ტრენაჟორების დარბაზი და სხვა საჭირო სათავსოები. ბაზის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, დარწმუნებული ვარ, რუსთავული რაგბი წინ გოლიათური ნაბიჯებით წავა.
.