ვფიქრობთ, საინტერესო იქნება, როგორ აფასებენ ქართული კლუბების მწვრთნელები განვლილ ბატალიებს. ლოგიკურია, რომ პირველად ამ კითხვით საქართველოს ჩემპიონატის ლიდერის, ქუთაისის "აიას" მოთამაშე მწვრთნელ ბესიკ ხამაშურიძეს მივმართეთ.
- "აიამ" დიდი ხნის პაუზის შემდეგ ქართულ რაგბიში ლიდერობა დაიბრუნა. როგორ შეაფასებდით
- კარგი ის არის, რომ პირველი წრე პირველ ადგილზე დავასრულეთ. შვიდი მატჩიდან ექვსი მოვიგეთ. ასეთი შედეგი ქუთაისის "აიას" დიდი ხანია, არ ჰქონია და, ცხადია, ეს ძალიან გვახარებს. წარმატება მით უფრო სასიამოვნოა, რომ ყველა თამაშში საკმაოდ მძიმე, დაძაბული ბრძოლა გადაგვხდა. ერთადერთი მარცხი თბილისის "ლოკომოტივთან" განვიცადეთ. ცუდად არც ამ გუნდთან გვითამაშია, მაგრამ რაღაც მაინც დავაკელით.
რაც შეეხება უარყოფით მხარეს. ვერ ვიტყვი, რომ შარშანდელთან შედარებით პროგრესი არ გვაქვს. გუნდმა აშკარად წინ გადადგა ნაბიჯი, თუმცა არის დეტალები, რომლებზეც გაცილებით მეტი მუშაობა გვჭირდება. ყველაფრის ერთბაშად, სწრაფად მიღწევა არ ხერხდება.
- როგორ ფიქრობთ, რა კომპონენტში გააუმჯობესა გუნდმა თამაშის ხარისხი?
- გაუმჯობესებულია ხელდახელ თამაში. უპირატესობას სწორედ ასეთ თამაშს ვანიჭებთ, თუმცა, ცხადია, იდეალურისგან ჯერ კიდევ შორს ვართ. იგეივე "ლოკომოტივთან" მატჩში ვცდილობდით, ხელით, სწრაფად გვეთამაშა და ბურთი ხშირად გვივარდებოდა. ხანდახან არის ეპიზოდები, როცა ბურთის შენახვა და თამაშის მიწაზე გადატანა უფრო ხელსაყრელია, მაგრამ ჩვენ მაინც ვრისკავთ და პასს ვირჩევთ.
მიუხედავდ ამისა, ამ ეტაპზე გუნდის ხელდხელ თამაშის ხარისხით მაინც კმაყოფილი ვარ. ვხედავ, რომ მორაგბები მცდელობას არ აკლებენ, ბეჯითად ირჯებიან. როცა ადამიანი რაღაცისკენ ილტვის, ცდილობს, რამეს მიაღწიოს, ამას აუცილებლად შეძლებს. ჩვენი მიზანია ხელდახელ, ლაღი, ლამაზი თამაშის ჩვენება.
- შარშან გუნდის აქილევსის ქუსლი კარში ზუსტი დარტყმების დაბალი მაჩვენებელი იყო...
- წლეულს ამ მხრივ შედარებაც არ შეიძლება, მაგრამ პრობლემა მაინც აქტუალურია. გაგა სინაურიძემ აშკარად გამოასწორა მდგომარეობა, მაგრამ მაინც არასტაბილურია, თუმცა მისი ზუსტი დარტყმების წყალობით "აიამ" უძნელესი მატჩები მოიგო "ლელოსთან" და "ვისოლი\ყოჩებთან". საერთოდ, საქართველოში მაღალი დონის დამრტყმელი ჭირს. ასეთი ერთადერთი "ლელოს" ფულბეკი ირაკლი ყიასაშვილია. ასე რომ, ამ მიმართულებით სერიოზული სამუშაოა ჩასატარებელი. ვხედავ, რომ გაგა ბევრს მუშაობს, ვარჯიშის მერეც რჩება და კარში დარტყმის სიზუსტეს ამუშავებს. იმედი მაქვს, გარჯა დაუფასდება.
- რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, "აიას" საწვრთნელი პირობები სახარბიელო არ არის...
- დიახ, ძალიან ცუდ პირობებში გვიწევს ვარჯიში. თუმცა ეს ახალი არ არის. ასეთ ურთულეს პირობებში ქუთაისში თაობები გაიზარდა. იმედი გვაქვს, მალე მდგომარეობა გამოსწორდება, ახალი მოედნები გაკეთდება. რაც გვაქვს, ვცდილობთ, ისიც მაქსიმალურად გამოვიყენოთ, მაგრამ ერთი კია, ამ პირობებში რაიმეს დამუშავებას თუ სამი თუ ვუნდებით, იგივეს კარგ მოედანზე ერთ კვირაში მოვახერხებთ.
- საქართველოს თასის გათამაშებაში "აიამ" ნახევარფინალში გააღწია და იქ "ლელოსთან" დამარცხდა...
- საქართველოს თასზე ასპარეზობა დიდი შემართებით დავიწყეთ. ძალიან მონდომებულნი ვიყავით. ფინალში რომ ვერ გავედით, ამაზე სუბიექტურმა ფაქტორებმა იმოქმედა. მსაჯობა დიდი და მტკივნეული თემაა ქართულ რაგბიში. ახალა არ მინდა, ამაზე ვილაპარაკო. უბრალოდ, ვიტყვი, რომ "ლელომ" მოგვიგო და ჩვენ წავაგეთ.
- შვიდკაცა რაგბიზეც ვთქვათ. საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპი "აიამ" მოიგო. უნდა ვივარაუდოთ, რომ აქაც ჩემპიონობას უმიზნებთ?
- მეორე ეტაპი პირველზე ოდნავ სუსტი გამოდგა. "ლელომ" და "ლოკომოტივმა" თამაშზე უარი თქვეს. "ვისოლი\ყოჩებიც" არ გამოვიდა სათამაშოდ უძლიერესი შემადგენლობით. ერთადერთი "ბათუმი" იყო ძირითადი შემადგენლობით. მიუხედავად ამისა, მაინც სერიოზული ბრძოლების გადატანამ მოგვიწია. ბიჭებმა ყველაფერი გაიღეს ტურნირის მოსაგებად.
ორივე ეტაპზე "აიამ" სხვადასხვა შემადგენლობით ითამაშა. ბოლო, ფინალურ ეტაპზე კი ვეცდებით, უძლიერესი შემადგენლობით წარვდგეთ და პირველობისთვის ვიბრძოლოთ.
- რა ცვლილებებია მოსალოდნელი მეორე წრეში გუნდის შემადგენლობაში?
- გუნდი დატოვა პირველხაზელმა მიხეილ ნარიაშვილმა, რომელიც საფრანგეთის ელიტურ, პირველ დივიზიონში მოასპარეზე "მონპელიეში" გადავიდა. მის ნაცვლად, ალბათ, ჭაბუკთა A ლიგის გუნდიდან დავიმატებთ ერთ-ერთ მორაგბეს. ჯერ არ მინდა, გვარი დავასახელო, რადგან მას ახლაც ვაკვირდებით.
ამას გარდა, ვცდილობთ, საფრანგეთში მოთამაშე ერთ-ერთი ქუთაისელი ლეგიონერი დავიბრუნოთ. ამჟამად მოლაპარაკებას ვაწარმოებთ და, სავარაუდოდ, თვის ბოლოს გავაცხადებთ მის გვარს. გვინდოდა, ასევე ჩვენი აღზრდილი, საქართველოს ცხრამეტწლამდელთა ნაკრების შუამარბი დავით ლოსაბერიძე დაგვებრუნებინა ფრანგული "აჟენიდან", მაგრამ მან საფრანგეთში სხვა გუნდთან გააფორმა ხელშეკრულება და, ცხადია, ჩვენ წინააღმდეგობა არ გაგვიწევია. შესაძლოა, მისი კარიერისთვის ასე სჯობდეს.
ერთი სიტყვით, ასეა თუ ისე, მომავალს იმედიანად ვუყურებთ და ვფიქრობ, საქართველოს ჩემპიონატის საკმაოდ საინტერესო მეორე წრე გველოდება.